in

CO2-ის მაღალ დონეს ვირუსებზე საგანგაშო გავლენა აქვს — კვლევა

მარტივად რომ ვთქვათ, ოთახის განიავება იმაზე სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ… ახალი კვლევის თანახმად, CO2-ის დაბალი დონის შენარჩუნება ჰაერში ინფექციურ ვირუსებს ამცირებს. ამგვარად, პანდემიისას მიღებული რეკომენდაციაც სრულიად მართებული იყო. 

M2
M2

ფანჯრის გაღება იმაზე ბევრად კარგი შეიძლება იყოს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ. განსაკუთრებით გადაჭედილ, ცუდი ვენტილაციის მქონე ოთახებში, რადგან სუფთა ჰაერს უფრო დაბალი კონცენტრაციის მქონე ნახშირორჟანგი ექნება, რითაც ვირუსი სწრაფად განეიტრალება, — აცხადებს ალენ ჰადრელი, ქიმიკოსი. 

SARS-CoV-2-ის უნარის გაზომვით, თუ რამდენად ინარჩუნებს ინფექციურობას განსხვავებულ პირობებში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსის სტაბილურობაზე პირდაპირ ზემოქმედებს ჰაერში არსებული CO2-ის დონე. ამისთვის ახალი ტექნიკაც გამოიყენეს, რომელსაც CELEBS (Controlled Electrodynamic Levitation and Extraction of Bioaerosol onto a Substrate) ეწოდება. მარტივად რომ აგიხსნათ, ტემპერატურას, ტენიანობასა და გაზის განსხვავებულ კონცენტრაციას ზომავს ვირუსის ნაწილაკებზე… 

აქვე გეტყვით, რომ ატმოსფერული CO2-ის კონცენტრაცია ჩვეულებრივ დაახლოებით 400 PPM-ს შეადგენს, ადამიანებით საკმარისად დატვირთულ დახურულ ოთახში კი კონცენტრაცია 3000-მდეც შეიძლება, გაიზარდოს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ვირუსული ნაწილაკების ოდენობა, რომლებიც კვლავ ინფექციურად დარჩება მსგავსი მაღალი კონცენტრაციის პირობებში, გარეთ არსებულ ჰაერზე 10-ჯერ მეტი შეიძლება იყოს.

აღსანიშნავია, რომ ხალხით გადაჭედილ სივრცეებში, სადაც ცუდი ვენტილაციის სისტემაა, CO2-ის კონცენტრაცია 5000-საც კი აღწევს — ეს ურთიერთობა ნათელს ჰფენს იმას, თუ რატომ შეიძლება მოხდეს მასიური გავრცელება კონკრეტულ გარემოებებში.

ამასთან, SARS-CoV-2-ის სხვადასხვა შტამს ჰაერში სტაბილურობის განსხვავებული მაჩვენებლები აღენიშნებოდა. მაგალითისთვის 5 წუთის შემდეგ სიცოცხლისუნარიანი ვირუსული ნაწილაკების კონცენტრაცია, Delta-სთან შედარებით, 1.7-ჯერ მაღალი იყო Omicron-ისთვის (BA.2). ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვირუსული ნაწილაკების ტიპებს შორის მრავალი ცვალებადობა შეიძლება არსებობდეს. 

მართალია, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა საჭირო CO2-სა და ვირუსის სხვა ტიპებს შორის არსებული ურთიერთობის ასახსნელად, მაგრამ მკვლევრები ეჭვობენ, რომ მიღებული შედეგით უკვე შეუძლიათ, ახსნან, რატომ არის სასუნთქი გზების ვირუსებიდან უმრავლესობა სეზონური — ცივ ამინდებში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ შიდა სივრცეებში, შესაბამისად, უფრო ხშირადაც არიან CO2-ის მაღალი დონის კონცენტრაციის პირობებში. 

თუმცა გლობალური დათბობის წყალობით, CO2-ის ოდენობა გარე სივრცეებში არსებულ ჰაერშიც იზრდება. ვარაუდობენ, რომ საუკუნის ბოლოსთვის კონცენტრაცია 700-ს გადააჭარბებს… 

ეს კვლევა ხაზს უსვამს ჩვენი გლობალური ნულოვანი მიზნების მნიშვნელობასაც, რადგან მიგვითითებს, რომ CO2-ის ოდნავ მომატებულ დონესაც კი, რაც ატმოსფეროში კლიმატის ცვლილებების პარალელურად იზრდება, შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ვირუსების გადარჩენის მაჩვენებელი და მისი გავრცელების რისკები. ამგვარად, აღნიშნული კვლევის შედეგები, მეცნიერულ საფუძვლადაც გამოდგება შემარბილებელი სტრატეგიების შემუშავებისთვის, რომლითაც ნებისმიერი მომავალი პანდემიის შემთხვევაში მრავალ სიცოცხლეს გადავარჩენთ, — განმარტავს ჯონათან რეიდი, ფიზიკოსი. 

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა #შენთვის – თიბისი დაზღვევა

როდის შეიქმნა პირველი AI პროგრამა?