3
Jul
2019

სასამართლო დასრულდა – Coca-Cola Energy მთელ მსოფლიოში გაიყიდება

3 Jul 2019

Coca-Cola-ს აქვს უფლება, მთელს მსოფლიოში, გაყიდოს თავისი ენერგეტიკული სასმელი Monster Beverage-თან გაფორმებული კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით. დადგენილება, CNBC-ის ცნობით, საარბიტრაჟო სასამართლომ გამოიტანა. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს ორივე კომპანიის წარმომადგენლებმა.

Cans of Monster Beverage energy drinks and bottles of Coca-Cola sodas. David Paul Morris/Bloomberg/Getty Images

„კოკა-კოლამ“ ევროპის ბაზარზე, ენერგეტიკული სასმელი 2019 წლის აპრილში გაიტანა. საქმე საარბიტრაჟო სასამართლოში სწორედ ამის შემდეგ მოხვდა – ბრენდი Monster Beverage-ის პოტენციურ კონკურენტად მოიაზრებოდა, რაც ეწინააღმდეგებოდა ამ ორ კომპანიას შორის 2015 წელს, თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

საკუთარი ენერგეტიკული სასმელი რომ გამოუშვეს, Coca-Cola-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სურდათ, მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულ ტენდენციას აჰყოლოდნენ და უფრო ჯანსაღი პროდუქციის წარმოების მიმართულებით განვითარებულიყვნენ.

Coca-Cola Energy, პირველად, უნგრეთსა და ესპანეთში გამოჩნდა. შეიცავს კოფეინს, გუარანას ექსტრაქტს, B ჯგუფის ვიტამინებს. ენერგეტიკული სასმელი არ შეიცავს ტაურინს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, Coca-Cola-ს აქვს უფლება, დარჩეს უკვე არსებულ ბაზრებზე და აითვისოს ახალი მიმართულებებიც, მსოფლიო მასშტაბით. მას, ამაში, Monster Beverage-თან გაფორმებული ხელშეკრულება არ შეზღუდავს. მეტიც, როგორც „კოკა-კოლას“ წარმომადგენლებმა თქვეს, ორ ბრენდს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. 

Coca-Cola პარტნიორი კომპანიის აქციების 19%-იან წილს ფლობს. CNBC-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესების პერიოდში, Monster Beverage-ის აქციები 3%-დაეცა, „კოკა-კოლასი“ კი, მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა. 

 

განხილვა