GPT-4-ის გამოსვლას კვლავინდებურად დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თანაც, გამოშვებიდან მალევე მომხმარებლებს ე. წ. ჰალუცინაციასთან გამკლავებაც მოუწიათ… თუმცა ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა Duolingo, Coca-Cola და Expedia მალევე დაინახეს მისი პოტენციალი და მასთან თანამშრომლობაც კი დაიწყეს.
Duolingo
ენის აპლიკაცია Duolingo-მ GPT-4 მოდელი თავის სისტემაში დანერგა და მომხმარებლებს უფრო დინამიკური და საინტერესო სასწავლო გამოცდილება შესთავაზა. 14 მარტს, GPT-4-ის გამოშვების ადრეულ დღეებში, Duolingo Max ჩაუშვეს — GPT-4-ის მქონე, გამოწერებზე დაფუძნებული, რეკლამებისგან თავისუფალი შეთავაზება. იგი 2 მთავარ ფუნქციას სთავაზობს მომხმარებლებს, Explain my answer და Roleplay. ეს უკანასკნელი ადამიანებს დუილინგოს ანიმაციურ პერსონაჟებთან ტექსტზე დაფუძნებულ საუბრებში ჩართვის საშუალებას აძლევს, ამ ყველაფერზე კი ხელოვნური ინტელექტია პასუხისმგებელი.
საინტერესოა ისიც, რომ Duolingo-სა და OpenAI-ს პარტნიორობა ჯერ კიდევ 2021 წელს იწყება…
Coca-Cola
აქაც მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა, GPT-4-ის გამოშვებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში Coca-Cola-მ Create Real Magic-ის შესახებ განაცხადა. ეს Real Magic-ის კამპანიის გაგრძელება იყო, კონკურსი, რომელიც ხელოვანებს Coca-Cola-თი შთაგონებული ნამუშევრების შექმნისთვის იწვევდა, ოღონდ GPT-4-ისა და Dall-E 2-ის გამოყენებით. როგორც ამბობენ, ეს იყო „ექსპერიმენტი, რათა ენახათ, სად შეიძლება მიგვიყვანოს ერთად მუშაობამ“.
Expedia
მოგზაურობის დაგეგმვის პლატფორმა უახლესი ბრენდია მათ შორის, რომელიც GPT-4-ს შეუერთდა. კონკრეტულად კი, კომპანიის მობაილ აპლიკაციაში ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ჩატის ფუნქცია დაამატეს — მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გაესაუბრონ ჩეტბოტს და მიიღონ რეკომენდაციები, თუ სად წავიდნენ, სად დარჩნენ, რა ნახონ და ა. შ. Intelligent shopping-ის ფუნქციით კი, აპლიკაცია ჩატში ნახსენებ სასტუმროებსაც ინახავს.
„ჩვენ ვიცით, რომ ყველა მოგზაურობა დაგეგმვით იწყება, რაც ხანდახან შეიძლება ძალიან გაიწელოს და გართულდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, მომხმარებლებისთვის მოგზაურობის დაგეგმვის უფრო მარტივი გამოცდილება შეგვეთავაზებინა“, — აცხადებენ Expedia-ში.