Coca-Cola მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი დაიკავა პლასტმასით დაბინძურების მაჩვენებლით… ეს თავადაც იცის და აქვს ამბიცია, უკეთესობისკენ შეიცვალოს. World Without Waste სტრატეგიით წრიული ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად, მეტად მდგრადი დიზაინით, ნარჩენების ეფექტურად მართვისა და გარემოზე მზრუნველ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.
მართალია, შეფუთვა პირველია, რაც Coca-Cola-ს მდგრადობაზე ფიქრისას გვახსენდება, მაგრამ კომპანიის დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი რაფა აბრეუ განმარტავს, რომ მწარმოებლის ვალდებულებები წყლის, კლიმატისა და მომარაგების ჯაჭვის საკითხებზეც ვრცელდება: „შესანიშნავი მიზნები გვაქვს 2025 და 2030 წლებისთვის. 2025-ში ჩვენი ყველა შეფუთვა გადამუშავებადი უნდა იყოს, რაც მოიცავს ყველა კომპონენტს იმისა, რასაც ჩვენ ვყიდით. ხოლო 2030 წელს შეფუთვაში გამოყენებული მასალების 50% გადამუშავებადი გახდება“.
ნარჩენების მეტად ეფექტურად მართვის მიზნით, კოკა-კოლა 2030 წლისთვის ყოველ გაყიდულ ბოთლსა თუ ქილას შეაგროვებს და გადაამუშავებს. ამ პროცესში კი მომხმარებლებსაც წაახალისებს, რათა ნარჩენები დააბრუნონ და კომპანიამ შემდგომში სხვადასხვა ქვეყანასთან პარტნიორობით ხელახლა დაამზადოს შეფუთვა. აქ არც კოლას მინის ბოთლები უნდა დაგვავიწყდეს, რომლებიც ცალსახად უკეთესია პლანეტისთვის, მაგრამ როგორც აბრეუ ამბობს, ეს თავდაპირველად მდგრადობაზე ზრუნვის მოტივით ნამდვილად არ გაუკეთებიათ… აი, არსებული რეალობა კი მიღებულ სტატუსზე უარესია:
„არსებობს ქვეყნები, სადაც მხოლოდ ჩვენ ვაწვდით ადამიანებს სუფთა სასმელ წყალს. პლასტმასის გამოყენება ტრანსპორტირებისას მეტად ეფექტურია, ვიდრე მინის ბოთლების, რომლებიც უფრო პატარა და მძიმეა, ამასთან, გატეხვის შანსიც მეტი აქვს. როგორც ხედავთ, არ არსებობს ერთი გამოსავალი ყველაფრისთვის“.
საინტერესოა ისიც, რომ პირდაპირ ქილებზე გადასვლის ნაცვლად, Coca-Cola-მ შეფუთვა მცენარეებზე დაფუძნებული, გადამუშავებადი და ოკეანის ნარჩენებიდან მოპოვებული პლასტმასისგან ცადა. როგორც ვიგებთ, ეს პლასტმასა მეტად დაბლარულია — „იყო შეშფოთება იმის შესახებ, რომ პროდუქტის ხარისხსა და სისუფთავეს ეჭვქვეშ დააყენებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, მომხმარებლები იმაზე მიმტევებლები არიან, ვიდრე ფიქრობთ…“.
გამოწვევას კი ამ ცვლილებების ეფექტურად კომუნიკაცია წარმოადგენს… გამოსავლად აბრეუ მდგრადობისთვის გადადგმულ ნაბიჯებში ბრენდინგის ელემენტების ინტეგრაციას ხედავს, მაგალითად Coca-Cola-ს მინის ბოთლებზე დატანილი მწვანე ფერი მომხმარებლებისთვის მდგრადობის მანიშნებელი იყო.
„არსებობს ბალანსი ზედმეტ კომუნიკაციასა და მდგრადობის ვიზუალური იდენტობის ნაწილად ქცევას შორის. ბრენდი ყოველთვის უნდა იყოს პირველი, რასაც დაინახავთ. ხოლო, როდესაც მიუახლოვდებით, გააანალიზებთ, რომ აქ მეტი ინფორმაციაა. და ჩვენ არ შეგვიძლია ეს მხოლოდ Coke-ისთვის გავაკეთოთ, რადგან ყველა ჩვენი გლობალური ბრენდი იგივე პასუხისმგებლობას უნდა იზიარებდეს, იქნება ეს Sprite, Fanta, Smartwater თუ Powerade“, — აცხადებს აბრეუ.