28
Oct
2019

„კოკა-კოლა“ Juventus-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა

28 Oct 2019

„კოკა-კოლა“ საფეხბურთო კლუბ Juventus-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა. მომდევნო ორ სეზონზე თანამშრომლობის  შეთანხმებას, მხარეებმა, ხელი უკვე მოაწერეს.

„ფეხბურთის მიმართ საერთო ინტერესმა და ლტოლვამ განაპირობა,  რომ თავიანთ სექტორში უმსხვილესმა ბრენდებმა ძალები გააერთიანეს და ექსკლუზიური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ გარიგების ფარგლებში, ისინი [კიდევ უფრო აქტიურად] ისაუბრებენ თავიანთ ღირებულებებსა და სპორტის ამ სახეობის სიყვარულზე სხვადასხვა ღონისძიებით, აქტივობებით და სპეციალური ციფრული გეგმით“, – ნათქვამია Juventus-ის ოფიციალურ განცხადებაში.

სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Coca-Cola წარმოდგენილი იქნება მინალნში UNDICI ფლაგმან მაღაზიაში, ბარებში, ლაუნჯებში და სტუმარ-მასპინძლობის სხვა ზონებში Allianz-ის სტადიონზე [იუვენტუსის სტადიონი]. თუმცა, ეს არ იქნება სტანდარტული განთავსება, არამედ სპეციალური ბრენდინგი, რომლითაც „კოკა-კოლასა“ და „ბებერი ქალბატონის“ გაერთიანებას აღნიშნავენ.

„კოკა-კოლა“ ყოველთვის ახლოს იყო ფეხბურთის სამყაროსთან. ბრენდი ეპატიჟება ყველას, გაატაროს ბედნიერი, პოზიტიური წუთები და უგულშემატკივროს რჩეულ გუნდს ერთად. მოხარულები ვართ, რომ ვიზიარებთ და გავცემთ ამ ემოციებს, ისეთ საკულტო კლუბთან ერთად, როგორიც არის Juventus“, – ამბობს Coca-Cola-ს გენერალური დირექტორი იტალიაში ალექს ზილიერა.

Juventus-ში ამბობენ, რომ კლუბის მთავარი ღირებულებები – პატიოსნება, თანასწორობა, ჩართულობა, ერთიანობა, ოპტიმიზმი – Coca-Cola-სთვისაც შთაგონების წყაროა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბრენდს სპორტთან თანამშრომლობის დიდი ხნის ისტორია და გამოცდილება აქვს – „კოკა-კოლა“, 1974 წლიდან, FIFA World Cup-ის ოფიციალური პარტნიორი, 1988 წლიდან კი UEFA European Football Championships-ის პარტნიორია.

Coca-Cola-ს მსგავსი ბრენდი კლუბის განვითარების ახლანდელ სტრატეგიაში იდეალურად ჯდება. ამ შეთანხმების ფარგლებში, აქცენტს გავაკეთებთ იტალიური ბაზრის გაზრდაზე, მაქსიმალურად ათვისებაზე, რაც დღეს, ორივე ბრენდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. საამისოდ ერთობლივად განვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას“, – ამბობს Juventus-ის შემოსავლების დირექტორი ჯორჯო რიჩი.

 

განხილვა