in

Coca-Cola-ს ახალ ბოთლს თავსახური ბოლომდე არ სცილდება

ალბათ, ქუჩაში ხშირად შეგინიშნავთ ძირს დაგდებული გაზიანი სასმელების და თუ ნატურალური წვენის ბოთლების თავსახური. Coca-Cola-ს სურს, გარემოდან ამ ნაგვის მოშორებაზეც იზრუნოს — ამიტომაც, დიდ ბრიტანეთში უკვე გამოუშვა ისეთი ბოთლი, რომელსაც თავსახური კონკრეტული ადგილით „ეწებება“ და სრულად არ შორდება. შედეგად, მთელი შეფუთვა ერთად გადამუშავდება.

2024 წლის დასაწყისისთვის, დიდ ბრიტანეთში ყველა Coca-Cola ორიგინალური გემო, Coca-Cola Zero Sugar, Diet Coke, Fanta, Sprite, Dr Pepper და Lilt პლასტმასის ბოთლი უნდა გარდაიქმნას ახალ, უფრო მდგრად დიზაინზე.

„ეს არის მცირე ცვლილება, რომელსაც, ვიმედოვნებთ, დიდი გავლენა ექნება გადამუშავების პროცესზე… კერძოდ, ყველა თავსახური გადამუშავდება ბოთლთან ერთად“, — განმარტავს ჯონ ვუდსი, Coca-Cola UK-ის გენერალური მენეჯერი. ასევე, იგი დასძენს, რომ გადამუშავებული ბოთლები მხოლოდ ერთია იმ რამდენიმე ნაბიჯიდან, რომელსაც Coca-Cola დგამს მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისკენ. ბრენდის გათვლებით, თუ ყველა ბოთლის შეგროვებასა და გადამუშავებაზე ვიზრუნებთ, 2025 წლისთვის ნულოვანი ნარჩენების სამყაროში ვიცხოვრებთ…

„მცირე ცვლილებები არის ის, რაც ქმნის დიდ განსხვავებას, და როდესაც საქმე ეხება გადამუშავებას, რაც უფრო მაღალია მასალის ხარისხი, მით უკეთესი“, — აღნიშნავს ადამ ჰერიოტი, გარემოსდაცვითი არაკომერციული WRAP-ის ინდუსტრიის სპეციალისტი.

თუმცა ყოველთვის მოიძებნება სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება, რომლისთვისაც ყველანაირი ძალისხმევა უშედეგოა. ამ შემთხვევაში საუბარია ზოგიერთ კლიმატის აქტივისტზე, მათ შორის Greenpeace-ის თანამშრომლებზე. ისინი აცხადებენ, რომ ეს ბოთლები კვლავ ერთჯერადი პლასტმასაა და ჩვეულებრივ გაგრძელდება დაბინძურების პრობლემა.

გარემოსდამცველები ფიქრობენ, რომ მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვის დანერგვა უფრო გონივრული გამოსავალი იქნება. Coca-Cola ამ მიმართულებითაც მუშაობს, მან გასულ თვეში გადამუშავებული მინისგან დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების ბოთლების ტესტირება დაიწყო რამდენიმე ქვეყანაში.

Soplidan.ge – „სტაბილური სამსახური დავტოვე და მთლიანად სტარტაპისთვის გადავწყვიტე დროის დათმობა“

NFT პერსონაჟები — საქართველოს ბანკის საჩუქარი Bank of Georgia UPDATE-ის სტუმრებს