1886 წლის 8 მაისს დოქტორმა ჯონ პემბერტონმა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, ჯეიკობსის აფთიაქში მსოფლიოში პირველი კოკა-კოლა შესთავაზა მომხმარებლებს. ამ ერთმა საკულტო სასმელმა კი საფუძველი ჩაუყარა უდიდესი ისტორიის მქონე გლობალურ კომპანიას.
ყოველდღიურად 200-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე კომპანიის სასმლის 2.1 მილიარდზე მეტი პარტია იყიდება. ამჟამად Coca-Cola-ში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 79,100 ადამიანია დასაქმებული და კომპანიას ასევე ჰყავს 225-ზე მეტი ჩამომსხმელი პარტნიორი, რომელიც გლობალურად სასმელების მიწოდებას უწყობს ხელს.
„გამაგრილებელი“ იდეის დაბადება
პროდუქტი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გემო აჩუქა, დაიბადა მაშინ, როდესაც ატლანტაში დოქტორმა ჯონ პემბერტონმა, ადგილობრივმა ფარმაცევტმა, დაამზადა სიროფი Coca-Cola-სთვის. მან ის ქილით ჯეიკობსის აფთიაქში წაიღო, სადაც გაკეთდა მისი სინჯი, დაერქვა „excellent“ და გაყიდვაში ჩაეშვა — ერთი ჭიქის ფასი 5 ცენტი იყო. გაზიანი წყალი გაერთიანდა ახალ სიროფთან, რის შედეგადაც შეიქმნა ჩამოსასხმელი სასმელი, რომელიც ერთდროულად გემრიელი და გამაგრილებელი იყო.
დოქტორ პემბერტონის პარტნიორი და ბუღალტერი, ფრენკ მ. რობინსონი მიიჩნევდა, რომ ორი „C” რეკლამაში ლამაზად გამოჩნდებოდა, ამიტომ მან მოიფიქრა სახელწოდება „Coca-Cola” და ცნობილი სავაჭრო ნიშანი. Coca-Cola-ს პირველი საგაზეთო რეკლამა მალევე გამოჩნდა The Atlanta Journal-ში, რომელიც მწყურვალ მოქალაქეებს მოუწოდებდა, გაესინჯათ ახალი და პოპულარული გაზიანი სასმელი. მაღაზიების ფასადებზე გამოჩნდა ზეთოვანი ქსოვილის ხელით მოხატული აბრები, რომლებზეც „კოკა-კოლა“ ეწერა. პირველი წლის განმავლობაში დღეში სასმლის საშუალოდ 9 პორცია იყიდებოდა.
დოქტორ პემბერტონს არ ჰქონდა გააზრებული მის მიერ შექმნილი სასმლის პოტენციალი. მან თავისი ბიზნესის ნაწილი ეტაპობრივად სხვადასხვა პარტნიორზე გაასხვისა და, 1888 წელს, გარდაცვალებამდე, კოკა-კოლაში დარჩენილი წილი ასა გრიგს კენდლერს მიჰყიდა. ამ უკანასკნელმა განაგრძო დანარჩენი წილების შეძენა და კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვება.
Coca-Cola-ს პირველი ბოთლი — კულტურული სიმბოლოს შექმნა
კოკა-კოლას ბოთლის საკულტო კონტურული ხაზები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფორმას ქმნის. დიზაინის კლასიკად ქცეული ბოთლი ცნობილმა ინდუსტრიულმა დიზაინერმა, რაიმონდ ლოვმა აღწერა, როგორც „სითხის იდეალური შეფუთვა“.
როგორ გახდა ბოთლი ასეთი საკულტო?
ყველაფერი დაიწყო Coca-Cola-ს ბრენდის დაცვის სურვილით — უნიკალური ბოთლის შექმნა წარმოადგენდა კომპანიისა და მისი ჩამომსხმელი პარტნიორების ერთობლივ პროექტს.
საკულტო დასაწყისი
1899 წელს ორი ადვოკატი, ჯოზეფ უაითჰედი და ბენჯამინ თომასი გაემგზავრნენ ატლანტაში კოკა-კოლას ბოთლში ჩამოსხმის უფლების თაობაზე ასა გრიგს კენდლერთან მოსალაპარაკებლად — მანამდე ის მხოლოდ ადგილზე ჩამოსასხმელი სახით იყო ხელმისაწვდომი. 1900 წლისთვის კომპანიამ იმას მიაღწია, რომ სასმელი აშშ-ის ყველა შტატში იყიდებოდა. თომას და უაითჰედს კი სურდათ, სასმლის პოპულარობით ესარგებლათ და ის ბოთლების საშუალებით გაეყიდათ.
გაყიდვები, როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის სახით, კვლავ იზრდებოდა და ამ პოპულარობის შედეგად ათობით კონკურენტი ცდილობდა, Coca-Cola-ს ცნობილი სავაჭრო ნიშნისთვის მიებაძა, რათა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანით, თავისი გაზიანი სასმელი გაეყიდა.
იმ დროს გამოიყენებოდა მარტივი ბოთლები, რომლებიც, როგორც წესი, ყავისფერი ან გამჭვირვალე იყო. გაზიანი სასმლის კომპანიამ მოითხოვა, რომ ჩამომსხმელებს ყველა ბოთლზე დაეკრათ Coca-Cola-ს ცნობილი ლოგო. თუმცა კონკურენტმა ბრენდებმა, როგორებიც იყვნენ Koka-Nola, Ma Coca-Co, Toka-Cola და თუნდაც Koke, ეს ლოგო დააკოპირეს ან ოდნავ შეცვალეს. ამან მომხმარებლებში დაბნეულობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამ დარღვევების გამო Coca-Cola-მ სასამართლო პროცესები წამოიწყო, მათ დასრულებას ხშირად წლები სჭირდებოდა.
სავაჭრო უფლებების დამრღვევებისგან გამორჩევის მიზნით, კომპანიამ 1906 წელს დანერგა ბრილიანტის ფორმის ეტიკეტი ფერადი სავაჭრო ნიშნით. თუმცა Coca-Cola ხშირად იყიდებოდა ყინულივით ცივი წყლის კასრებიდან, რაც ეტიკეტების მოძრობას იწვევდა. ზოგიერთმა კონკურენტმა, როგორიც იყო Koca-Nola, ეს ეტიკეტიც კი დააკოპირა.
ინოვაციური გადაწყვეტები
1912 წლისთვის Coca-Cola-ს ჩამომსხმელმა კომპანიამ თავის ყველა წევრს გაუგზავნა შენიშვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ Coca-Cola-ს გამორჩეული ლოგოს მიუხედავად, ბიზნესის დასაცავად ქმედითი გზა არ არსებობდა. მისმა წარმომადგენლებმა წევრებს შესთავაზეს, გაერთიანებულიყვნენ და თავიანთი პროდუქტისთვის „გამორჩეული პაკეტი“ შეემუშავებინათ. მათ მუშაობა დაიწყეს Coca-Cola-ს წამყვან ადვოკატთან, ჰაროლდ ჰირშთან ერთად, რათა უკეთ დაედგინათ, თუ როგორ უნდა შეექმნათ სპეციალური ბოთლი. 1914 წელს ჰირშმა დიდი თხოვნით მიმართა ჩამომსხმელ საზოგადოებას, რომ გაერთიანებულიყვნენ გამორჩეული პაკეტის შექმნის იდეის გარშემო.
1915 წლის 26 აპრილს Coca-Cola-ს ჩამომსხმელი ასოციაციის რწმუნებულებმა ხმა მისცეს წინადადებას, დახარჯულიყო $500-მდე Coca-Cola-სთვის გამორჩეული ბოთლის შესაქმნელად. ასე რომ, 8-10-მა მინის კომპანიამ მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით მიიღო გამოწვევა, შეექმნა ისეთი განსხვავებული ბოთლი, რომლის ამოცნობაც სიბნელეში შეგრძნებით ან გატეხილ მდგომარეობაშიც შეიძლებოდა.
1916 წლის დასაწყისში, ჩამომსხმელებისგან და კომპანიის ოფიციალური პირებისგან შემდგარი კომიტეტი შეიკრიბა ბოთლის დიზაინის ასარჩევად. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა ტერე-ჰოტში, ინდიანაში დაარსებული კომპანიის — Root Glass Company-ის მიერ შექმნილ ვერსიაზე კომპანიებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ექვსი მინის კომპანია შეძლებდა ამ ფორმის გამოყენებას. კონტრაქტის მიხედვით, Coca-Cola-ს ბოთლები უნდა ყოფილიყო „German Green“ ფერის, რომელსაც მოგვიანებით „Georgia Green“ უწოდეს კოკა-კოლას სამშობლოს პატივსაცემად. გარდა ამისა, კონტრაქტი ითვალისწინებდა ბოთლის ფსკერზე იმ ქალაქის სახელწოდების ამოტვიფვრას, რომლისთვისაც მზადდებოდა შეკვეთა. ამასთან, ბოთლის წონა 14.5 უნციაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში Coca-Cola საგრძნობლად განვითარდა.
პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO). 1919 წლის 5 სექტემბერს Coca-Cola-ს დებიუტი შედგა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE). პირველადი საჯარო შეთავაზების ფასი თითო აქციისთვის $40 იყო.
გლობალური გავრცელება. Coca-Cola-მ გლობალური ქსელის მშენებლობა 1920-იან წლებში დაიწყო. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადაიდგა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც Coca-Cola-ს პრეზიდენტმა — რობერტ ვუდროფმა გაუჩნდა იდეა, რომ ყველა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონოდა ამ პროდუქტზე წვდომა მიუხედავად იმისა, თუ სად იყვნენ ისინი და რა დაუჯდებოდა ეს კომპანიას. ვუდროფის ხედვა ამერიკის ისტორიის ამ კრიტიკულ პერიოდში Coca-Cola-ს დაეხმარა, გლობალურ კორპორაციად ჩამოყალიბებულიყო თავისი პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე დანერგვის საშუალებით.
Coke. სავაჭრო ნიშანი „Coke“, რომელიც პირველად რეკლამაში 1941 წელს იქნა გამოყენებული, 1945 წელს დარეგისტრირდა.
Fanta. 1946 წელს კომპანიამ შეიძინა უფლებები გამაგრილებელ სასმელ Fanta-ზე, რომელიც მანამდე გერმანიაში შეიქმნა.
McDonald’s. 1955 წელს Coca-Cola-მ, ბრენდირებული გამაგრილებელი სასმელების გაყიდვის მიზნით, თანამშრომლობა დაიწყო McDonald’s-თან. ეს ექსკლუზიური პარტნიორობა გაგრძელდა 2007 წლამდე, სანამ სწრაფი კვების სარესტორნო ქსელის ზოგიერთი ლოკაცია პეპსის პროდუქციის გაყიდვას დაიწყებდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ Coca-Cola-სა და McDonald’s-ს შორის ჯერ კიდევ არსებობს მტკიცე პარტნიორობა.
ფორთოხლის წვენი. 1960 წელს Minute Maid Corporation-ის შეძენით, კომპანია ციტრუსის წვენების ბაზარზე შევიდა.
Coca-Cola-ს ბოთლი. 1961 წლის 12 აპრილს, კოკა-კოლას ბოთლი აღიარებულ იქნა სავაჭრო ნიშნად. ეს ნაწილობრივ განაპირობა ერთმა საინტერესო ფაქტმა: 1949 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელების მხოლოდ 1%-ზე ნაკლებს არ შეეძლო კოკა-კოლას ბოთლის ამოცნობა მხოლოდ ფორმის მიხედვით.
Sprite. ლიმონისა და ლაიმის გამაგრილებელი სასმელი Sprite ბაზარზე 1961 წელს გამოჩნდა.
Tab. Coca-Cola-ს პირველი დიეტური კოლა, უშაქრო Tab, 1963 წელს გამოვიდა.
Fresca. ბრენდი Fresca Coca-Cola-ს პროდუქტების ვრცელ სიას 1966 წელს დაემატა.
ჩინეთი. 1978 წელს Coca-Cola გახდა ერთადერთი კომპანია, რომელსაც ნება დართეს ცივი შეფუთული სასმელები გაეყიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
Diet Coke. 1982 წელს კომპანიამ წარმოადგინა თავისი დაბალკალორიული, უშაქრო გამაგრილებელი სასმელი Diet Coke (თავდაპირველად ეწოდა დიეტური კოკა-კოლა).
ახალი კოლა/ძველი კოლა. ბაზრის წილის შემცირების პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანიამ, 1985 წლის აპრილში, ტესტირებების შედეგად შეიმუშავა ახალი გემო, რომელიც ბაზარმა კარგად არ მიიღო. საზოგადოების ნეგატიური რეაქციის გამო, Coca-Cola-მ ივლისში გააცოცხლა თავისი ორიგინალური გემო, რომლის გაყიდვაც შემდეგ ბაზარზე Coca-Cola Classic-ის სახელით დაიწყო.
მედია. 1982-დან 1989 წლამდე Coca-Cola ფლობდა საკონტროლო პაკეტს Columbia Pictures Industries-ში, კინო და გასართობი ინდუსტრიის კომპანიაში.
გადამუშავება. 1992 წელს კომპანიამ წარმოადგინა თავისი პირველი ბოთლი, რომელიც ნაწილობრივ დამზადებული იყო გადამუშავებადი პლასტმასისგან. იმ დროს ეს ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო.
XX საუკუნის მიწურულიდან დღემდე Coca-Cola, როგორც ერთ-ერთი მთავარი ამერიკული ბრენდი და კულტურული ქვაკუთხედი, განაგრძობს ბაზარზე თავისი პოზიციის გამყარებას მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტებისა ინოვაციების შეთავაზებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას „გვირგვინს“ ჩამოართმევენ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია განაგრძობს თავისი ბრენდების გავრცელებას მთელს მსოფლიოში და ფოკუსირებულია თავისი ძალისხმევის გასაჯაროებაზე, გახდეს მდგრადი კომპანია.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.