გასულ წელს Coca-Cola მომხმარებლებს „არაამქვეყნიური“ არომატებით გაუმასპინძლდა, თავისი Starlight და Dreams გამოშვებებით. ახლა კი ბრენდი დროის მანქანით 3000 წელში გადაეშვა, სადაც ფუტურისტულ და მაღალტექნოლოგიურ გარემოსთან ერთად კვლავ არსებობს მისი სასმელი…
„Y3000“-ის შესაქმნელად, კოკა-კოლამ ხელოვნური ინტელექტი და გენერაციული ტექნოლოგია გამოიყენა. ბრენდის შემოქმედებითმა ჯგუფმა მოდელებს ისეთი გემოს შექმნა დაავალა, რომელიც მათი აზრით მომავალს ექნება. ამ პროცესში AI-მ ადამიანური შეხედულებებით იხელმძღვანელა, რათა გაეგო, როგორ წარმოგვიდგენია მომავლის ემოციები, მისწრაფებები, ფერები, არომატები და სხვა.
როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, ახალი ქილა არატრადიციული არომატის ასახვას შეესაბამება. იასამნისფერი, ვარდისფერი და ცისფერი ტონები მთავარ აქცენტს წარმოადგენს, ლოგო კი ოდნავ ბუნდოვანია, რაც მთელ განწყობას ოდნავ მისტიკურ შტრიხს მატებს. „ვიმედოვნებთ, რომ 3000 წელს Coca-Cola კვლავ ისეთივე აქტუალური გამაგრილებელი სასმელი იქნება, როგორც დღესაა. ამიტომაც, საკუთარი ბრენდის მომავლის კონცეფციის განსაზღვრა გადავწყვიტეთ“, — აღნიშნავს ოანა ვლადი, გლობალური სტრატეგიის უფროსი ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეა ბრენდის უფრო ფართო ხედვას შეესაბამება… ვინაიდან მისი პლატფორმა Real Magic მოულოდნელ კავშირებს იზიარებს, რომლებიც ჩვეულებრივს არაჩვეულებრივად გარდაქმნის, ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის შერწყმაც საინტერესო შესაძლებლობა აღმოჩნდა.
დამატებითი გართობისთვის, შეფუთვაზე დატანილი QR კოდი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ნახონ, როგორი იქნება მსოფლიო 997 წლის შემდეგ.