The Coca-Cola Company-მ ბრენდის გლობალური ვიზუალური იდენტობა განაახლა. ახალი დიზაინის მთავარი იდეაა, რომ Coca-Cola კიდევ უფრო მეტად Coca-Cola-ს ჰგავდეს, ანუ ბრენდმა თანამედროვე იერსახე მიიღოს ისე, რომ მისთვის დამახასიათებელი და ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ვიზუალური ელემენტები შეინარჩუნოს.
განახლებული ვიზუალური სისტემა ეტაპობრივად 200-ზე მეტ ბაზარზე დაინერგება და ერთიან სტილს შექმნის როგორც შეფუთვაზე, ისე სავაჭრო სივრცეებში, ვენდინგის აპარატებსა და ციფრულ პლატფორმებზე.
ახალი დიზაინი უკვე გამოჩნდა ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის რამდენიმე ქვეყანაში. შემდეგ ეტაპზე განახლება ლათინურ ამერიკასა და აზიას მოიცავს, ხოლო გლობალური დანერგვის პროცესი 2027 წლამდე გაგრძელდება.

კლასიკური ელემენტები უფრო გამოკვეთილი ფორმით
Coca-Cola-მ ბრენდის იერსახის რადიკალურად შეცვლის ნაცვლად, გადაწყვიტა ყურადღება მის ყველაზე ცნობილ ვიზუალურ ელემენტებზე გაემახვილებინა.
განახლებულ დიზაინში კიდევ უფრო გამოკვეთილია:
- ბრენდის ტრადიციული წითელ-თეთრი ფერთა პალიტრა;
- Dynamic Ribbon (ტალღოვანი ლენტი);
- Arden Square;
- Spencerian Script-ის ხელწერით შესრულებული ლოგო.
კომპანიის განმარტებით, ეს ცვლილებები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში Coca-Cola-ს პროდუქციას უფრო ერთიან და ადვილად ამოსაცნობ იერს მისცემს.

Coca-Cola Zero Sugar უფრო ადვილად გასარჩევი იქნება
განახლების ფარგლებში შეიცვალა პროდუქტის სხვადასხვა ვერსიის ვიზუალური გამოსახულებაც.
მაგალითად, Coca-Cola Zero Sugar-ის შეფუთვაზე უფრო დიდი ზომით იქნება დატანილი წარწერა “Zero Sugar”, ქილებზე გამოყენებული იქნება შავი Dynamic Ribbon (ტალღოვანი, თეთრი ლენტი, რომელიც წითელ ფონზეა გამოსახული), ხოლო ბოთლები შავი თავსახურით გაიყიდება.
კომპანიის მიზანია, მომხმარებელმა სხვადასხვა პროდუქტის ერთმანეთისგან გარჩევა უფრო მარტივად შეძლოს, თუმცა მთლიანობაში ბრენდის ერთიანი ვიზუალური სტილი მაინც შენარჩუნდეს.

ბრენდის მართვის ახალი სისტემა
ვიზუალური განახლება მხოლოდ შეფუთვას არ ეხება.
Coca-Cola-მ საკუთარი კრეატიული გუნდებისა და სააგენტოებისთვის ახალი Brand Center და Design Intelligence-ის ინსტრუმენტები შექმნა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ბრენდის დიზაინისა და საკომუნიკაციო მასალების ერთიან სტანდარტზე მორგებას გაამარტივებს.

რეცეპტი უცვლელია, იცვლება მხოლოდ ვიზუალური კომუნიკაცია
ბრენდის განახლება პროდუქტის რეცეპტს არ ეხება. Coca-Cola-ს მიზანია, დროთა განმავლობაში მისი ვიზუალური იდენტობა უფრო თანამედროვე, თანმიმდევრული და ადვილად ამოსაცნობი გახდეს, ისე რომ ბრენდის მრავალწლიანი ისტორია და მემკვიდრეობა უცვლელად შეინარჩუნოს.













