ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, შეიძლება იქცეს ჩვენი შთაგონების წყაროდ. „შეიძლება“ იმიტომ, რომ ხან გაგვირბის წამი და ვერ ვგრძნობთ, რომ სწორედ ამ მომენტის შეგრძნება და გააზრება მოგვიტანდა ბედნიერებას, გვაპოვნინებდა საკუთარ თავს და იქცეოდა ჩვენი თვითგამოხატვის საშუალებად. ცოლ-ქმრის, მადონა სურმანიძისა და ირაკლი კობაურის მომენტად ისანში, ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყიდი ქოქოსი იქცა და მოვლენების სრულიად მოულოდნელი განვითარებით, დღეს, ქოქოსის ხელნაკეთი სანათების, COCOnut-ქოქონათის განვითარებაზე უწევთ ზრუნვა.
როგორია COCOnut-ის შექმნის ისტორია, დამზადების პროცესი და გავრცელების არხები, ამას მადონასა და ირაკლისთან ინტერვიუდან შეიტყობთ:M: მოგვიყევით COCOnut-ზე, რას უკავშრდება მისი შექმნა?
მადონა: სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, ხშირად ვსტუმრობდით ბოსტნეულის ერთ პატარა მაღაზიას. ერთხელაც, იქ შესულებს გასაყიდად დაგვხვდა ქოქოსი. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მქონია ქოქოსის გასინჯვის სურვილი, იმ დღეს, ჩემი ინიციატივით წამოვიღეთ, იდეაში, ეგზოტიკური საღამოს მოსაწყობად. თუმცა, ქოქოსმა დიდად იმედები ვერ გაგვიმართლა და გადასაყრელად გავამზადე. ირაკლიმ, რომელიც მეორე დღეს სოფელში მიდიოდა, წაიღო ქოქოსი და საღამოს გამომიგზავნა რაღაცა ნივთის ფოტო, რომელიც ძალიან რომანტიკულად ანათებდა. მოკლედ, სასანთლე გააკეთა, რომელმაც არამარტო ჩემი, მეგობრების აღფრთოვანებაც გამოიწვია და მივხვდი, რომ შესაძლებლობა გვქონდა, პრაქტიკული ნივთისთვის არატრადიციული ფორმა მიგვეცა და ასე დაიბადა ქოქოსის ხელნაკეთი სანათების იდეა. M: ვინ ქმნის, უშალოდ, პროდუქციას?
ირაკლი: ბავშვობიდან მიყვარდა ჩხირკედელაობა და ხისგან რაღაცების შექმნა. სანათების დამზადების პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რისთვისაც ვიყენებ ხესა და ქოქოსს. ძირითადად, მიწევს ხელით დამუშავება და შემდეგ აწყობა, სადაც უკვე საჭირო ხდება ხელსაწყოების ჩარევა. თავიდან ბოლომდე ვმუშაობ მე, თუმცა დიზაინის კუთხით, მადონა და მე ერთნაირად ვართ ჩართულები, ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს და ამის მიხედვით, ვქმნი მოდელებს.
M: გარდა სანათებისა, რას სთავაზობთ მომხმარებლებს და სად ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება?
მადონა: ახლახან დავიწყეთ ქოქოსის დასაკიდი საყვავილეების დამზადება – გაზაფხულისთვის ერთ-ერთი აქტუალური თემაა. რაც შეეხება პროდუქტის გავრცელების არხებს, ჯერჯერობით, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში, იქიდან გამომდინარე, რომ ორივე დაკავებულები ვართ, ჩვენი ძირითადი საქმიანობით და თან 1 წლის პატარა გვყავს, დიდ დროს ვერ ვუთმობდით აქამდე „ქოქონათს“, თუმცა უკვე სერიოზულად დავკავდით ამ საქმიანობით.
M: როგორია თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევები?
საკმაოდ საინტერესო ეტაპი გვაქვს. ყველა აღფრთოვანებული ხვდება ჩვენს პროდუქციას და ვინც ყიდულობს, გვეუბნება, რომ ძალიან ორიგინალურია და პირველად ნახა ქოქოსისგან დამზადებული სანათი. მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები და ნაბიჯები გველოდება. ორივეს გვჯერა, რომ ამ წამოწყებას დიდი მომავალი აქვს, მთავარია, სწორი მენეჯმენტი ჩვენი მხრიდან.