in

„ჯერ მარტო სახელი გაქვს ისეთი, ბრენდი უნდა გახდეო“ – ქოქოს ხელნაკეთი შოკოლადები თბილისში

Startauperi
Startauperi

„ბავშვობისას ქეთოს ჩემით ვერ ვამბობდი, ჩემს თავს დავუძახე ქოქო და მანდ დავაშავე. მას შემდეგ, ყველა ქოქოს მეძახის“, – ქეთევან მეშველიანი ქოქოს ხელნაკეთი შოკოლადების – Coco’s Artisan Chocolates-ის ავტორია, რომელმაც ამ სტარტაპის გარშემო საქმიანობა შოკოლადის და ზოგადად, კერძების მომზადების სიყვარულით დაიწყო. ამას თან დაერთო მისი ზედმეტსახელი და მეგობრები, რომლებიც ეუბნებოდნენ, ჯერ მარტო სახელი გაქვს ისეთი, ბრენდი უნდა გახდეო! როდის დაინტერესდა განათლებით ფსიქოლოგი, შემდეგ კი მენეჯმენტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ქოქო შოკოლადის დამზადების ტექნიკით, რა წყაროებს იყენებს საჭირო ინფორმაციის მისაღებად და რატომ არ იყენებს გავრცელებულ საკომუნიკაციო არხებს – ფეისბუკსა და ინსტაგრამს საკუთარი ნაწარმის რეალიზებისთვის, ამაზე მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ:

M:
როდის დაინტერესდი შოკოლადის დამზადების ტექნიკის შესწავლით და რა წყაროებს იყენებდი ამისთვის?

შოკოლადების კეთებაზე ბიზნესის კუთხით არასდროს მიფიქრია, რაღაც პერიოდი იტალიაში ვცხოვრობდი, სადაც განსაკუთრებით შემიყვარდა მზადება და დავინტერესდი შოკოლადის გაკეთების ტექნიკით. სხვათა შორის,  ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია სწავლა, რადგან შოკოლადის მომზადების პროფესიონალურ დონეზე სწავლა გრძელვადიანი, რთული და შრომატევადი პროცესია. თავიდან იტალიაში მასტერკლასებზე დავიწყე სიარული, ახლა უკვე, როცა საქართველოში დავბრუნდით ოჯახი, ძირითადად, წიგნებიდან ვიღებ ინფორმაციას, ინგლისურ ენაზე. ძალიან ბევრ წიგნს ვყიდულობ, ვკითხულობ, ვსწავლობ ცალკე რეცეპტების ტექნიკასაც, რაც კარგია ჩემი განვითარებისთვის.

M: თავად რა პროცესებში ხარ ჩართული და რა სახის კანფეტებსა და შოკოლადებს ამზადებ?
სამი სახის შოკოლადი – მუქი, რძანი, თეთრი – და მათი გაკეთების 2 ეტაპი არსებობს: შოკოლადის შექმნა, კაკაოს მარცვლებისგან, ცხიმისგან და ა.შ. და მეორე ეტაპი, რომელიც გულისხმობს უკვე მზა შოკოლადისგან კანფეტების გაკეთებას, რაც მოითხოვს რეცეპტების განვითარებას, ექსპერიმენტებს, ტექნიკას დეკორაციისა და გემოების შესაქმნელად. პირადად მე, რაოდენობას ვამჯობინებ ხარისხს, ვაკეთებ 3 ან 4 სხვადასხვა კანფეტსა და 2 სახეობის ტრუფელს. იმის გათვალისწინებით, რომ მარტო ვაკეთებ ყველაფერს და თანაც, ხელით და არა – დანადგარით, ძალიან რთულია, უფრო დიდი არჩევანი შევთავაზო მომხმარებლებს.

M: შოკოლადის დასამზადებელი ინგრედიენტებითა და საჭირო შესაფუთი მასალით საიდან უზრუნველყოფ საკუთარ ნაწარმს?
ვიყენებ მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტებს, რომლებსაც არ აქვს ქიმიური დანამატი და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები. ჩემს შოკოლადში არის საუკეთესო კაკაო, რომელსაც საფრანგეთიდან ვიწერ და შემდეგ აქ ვამზადებ. შესაფუთი კოლოფიც არის გარემოსთან მეგობრული (enviromently friendly), ამერიკაში მზადდება ეს კოლოფები და მზადდება გადამუშავებული ქაღალდებისგან, ამიტომ კონცეფციაშიც ჯდება ეს შეფუთვა ჩემს კანფეტებთან.M: კლიენტებთან ურთიერთობისთვის რომელ საკომუნიკაციო არხებს იყენებ?
არ ვაპირებ ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდის გაკეთებას. რეალურად, შეკვეთები, რაც ამჟამად მაქვს, ჩემთვის არის საკმარისი და თუ დავინახავ, რომ აუცილებლად იზრდება მოთხოვნა ჩემს პროდუქტზე, გავზრდი ჩემს სამზარეულოს, მეყოლება დამხმარე და გარანტირებული იქნება, რომ შევძლებ ამ ხარისხის შენარჩუნებას. ამის შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ გვერდსაც. ამ ეტაპზე კი, როდესაც, ვფიქრობ, რომ სატესტო რეჟიმში არის Coco’s Artisan Chocolates, ჯერ უნდა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად ღირს ინვესტიციის ჩადება, გაფართოება და ა.შ.

ამჟამად, კომპანიები და კლიენტები, რომლებიც კორპორატიული საღამოებისთვის მთხოვენ დიდი რაოდენობის შოკოლადების გაკეთებას, პირად კავშირზე მყავს. ჩემი შოკოლადებით დაინტერესდა ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეეძლება გამოიწეროს ჩემი კანფეტები, თუმცა  ჯერ საიტის სახელს ვერ გეტყვით, რადგან ხელშეკრულებას ამ დღეებში გავაფორმებთ, იქითა კვირიდან კი უკვე ონლაინ გაიყიდება ქოქოს ხელნაკეთი შოკოლადები.

18 ნოემბერს, ივენთ ჰოლში ქართული ჯიშის პროდუქტების გამოფენა გაიმართება

#შექმენიბევრადმეტი Samsung-თან ერთად