აქ ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით — ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო, როცა Codeword-ის მარკეტინგულმა სააგენტომ სტაჟირების პროგრამა დაიწყო. თუმცა ეს ყველაფერი იმას არ ჰგავს, რაც ჩვენთვის კარგად ნაცნობია, აქ არც უკეთეს ან იდეალურ პირობებზე გესაუბრებით… მოკლედ რომ ვთქვათ, სტაჟირების პროგრამაში AI მონაწილეები ჩაერთნენ — ეიდენი, რომელიც რედაქციაში დასაქმდა და აიკო, რომელიც დიზაინერთა გუნდში გადიოდა სტაჟირებას. ასე სააგენტოს იმის გაგება სურდა, რამდენად შეძლებდა გენერაციული AI მათივე შემოქმედებით გუნდებთან ინტეგრირებას.
სახელების მოსაფიქრებლად და ვიზუალის შესარჩევად სწორედ AI ინსტრუმენტები გამოიყენეს. მეტიც, როგორც ჩვეულებრივი სტაჟიორები, ეიდენი და აიკოც იღებდნენ ყოველთვიურ ანაზღაურებას. Codeword-მა კი 2 სრულ განაკვეთზე მომუშავე სტაჟიორის ხელფასი Anita B-ს ორგანიზაციას გადაურიცხა, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებებში ქალების ჩართულობაზე მართავს კონფერენციებს.
რაში აღმოჩნდნენ AI სტაჟიორები კარგი და რაში, არა?
კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ იმ საქმეში, რომელიც არ მოითხოვდა კრეატიულობას, რობოტები საუკეთესოები იყვნენ. და თუ ვინმე ჯერ კიდევ ხედავდით რობოტებით ადამიანების ჩანაცვლების საფრთხეს, ერთი რამ უნდა გახსოვდეთ — მარკეტინგი და ბრენდინგი სხვებისგან გამორჩეული ადგილის დაკავებასა და დიფერენციაციას ეხება; ასევე, კრეატიულობას, რაშიც AI საერთოდ არ არის კარგი. მას უბრალოდ საბაზისო რაღაცების შექმნაში შეუძლია დახმარება ან პრობლემის გადასაჭრელად ერთგვარი ფორმულის შემოთავაზება.
ხელოვნურ ინტელექტთან ადაპტაცია
ახალი ხელსაწყოების ინტეგრირება გუნდში არც ისეთი მარტივი ამბავი აღმოჩნდა… „ახალი ტექნოლოგიები საქმეს გაგიმარტივებთ“ არც ისეთი მიმზიდველია დაკავებული ადამიანებისთვის… ასე მოხდა Codeword-ის შემთხვევაშიც — მართალია, რესპონდენტების 69% ამბობდა, რომ გენერაციული AI ხელსაწყოები მათთვის საკმაოდ ან ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ 20% მას კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე იყენებდა, 24% ძალიან იშვიათად, 33%-ს კი საერთოდ არ გამოუყენებია… თუმცა იმედოვნებენ, რომ ამ მაჩვენებლებს Google Workspace-ის ახალი AI ხელსაწყოები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
საინტერესოა ისიც, რომ რობოტების გამოყენების შემთხვევაში მარკეტინგულ სააგენტოს წესების შემოღება დასჭირდა, რათა განესაზღვრათ, როგორ უნდა გამოეყენებინა გუნდს ის. ამგვარად, ზოგადი ინსტრუქციები შექმნეს, რაც მომხმარებელთა ინფორმაციების კონფიდენციალურობის დაცვას მოიცავდა.
ასე იყო თუ ისე, Codeword-მა, რომელიც საკმაოდ პატარა სააგენტოა, კონკრეტული ინიციატივით მთელი მსოფლიოდან ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო.