„ცოდნის მხიარული სამყარო“ შემეცნებით-გასართობი პლატფორმაა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, რომელიც გულისხმობს სამყაროს შესახებ ცოდნის მიღებას მარტივი და სახალისო ფორმით. ბავშვები სიმღერებით, ანიმაციებითა და ონლაინ-თამაშებით ისწავლიან ანბანს, რიცხვებს, ფერებს და ა.შ. პორტალის ავტორს, ვახტანგ ჯინჯიხაძეს, რომელსაც პლატფორმის შექმნის იდეა, ჯერ კიდევ, 10 წლის წინ ჰქონდა, უკან მომავალში დაბრუნება 3 წლის შვილმა, ირაკლიმ უბიძგა და იდეის განხორციელების გზებიც აპოვნინა. ვისი მხარდაჭერით შეიქმნა პლატფორმა, რას გვთავაზობს, ამჟამად და როგორია მისი განვითარების პერსპექტივები – მარკეტერის შეკითხვებს ვახტანგ ჯინჯიხაძემ უპასუხა:M: როგორ, ვისი მხარდაჭერით შეიქმნა „ცოდნის მხიარული სამყარო“?
საბავშვო გადაცემისთვის მოვიგონე ზღაპრის გმირები: ბეგო და ბეგი, დავუკავშირდი ზალიკო სულაკაურს, შემდეგ გია მაჭარაშვილს, რომელმაც არანჟირება გაუკეთა ჩემს საბავშვო სიმღერებს და ასე, ნელ-ნელა, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების დახმარებით, მთელი გუნდი ერთი იდეის გარშემო გავერთიანდით. პირველი გადაცემა ჩვენი კეთილი ნებითა და ენთუზიაზმით გაკეთდა. ეს ადამიანები მენდნენ და რაღაც ფასეულის შექმნის სურვილით, დღესაც ვაგრძელებთ მუშაობას. M: როგორი ფორმატი აქვს გადაცემას და რა ფორმით აწვდით ბავშვებს ცოდნას?
ბეგო, ბეგი და თათია არიან ბავშვების მეგზურები. პირველ რიგში, გადავწყვიტეთ, ბავშვებისთვის ანბანი გვესწავლებინა ისე, რომ თითოეული ასო ყოფილიყო პერსონაჟი: ა- აქლემი, ბ- ბურთი, გ- გემი და ა.შ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=333&v=rbxmBJ2RHBA
თითო გადაცემაში ანბანის 3 ასოზე შექმნილი სიმღერა და ანიმაცია იქნება წარმოდგენილი, რადგან პედაგოგებთან გავიარეთ კონსულტაცია, რაზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რა უფრო მისაღები იქნებოდა ბავშვისთვის, დოზირება როგორ უნდა ყოფილიყო – ანბანის რამდენი ასო იქნებოდა საკმარისი თითო გადაცემაში წარმოსადგენად და ა.შ. გადაცემის დასასრულს, მხატვარი ზალიკო სულაკაური ბავშვებს გადაცემაში გამოყენებული ერთ-ერთი პერსონაჟის ხატვას ასწავლის. მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ გახმოვანებული ისტორია, რომლის გაგრძელებაც არის ონლაინთამაში.
https://www.youtube.com/watch?v=jVjOfpb30Jg
გარდა ამისა, ბაშვებს შეუძლიათ ანბანის სამ ასოზე წარმოდგენილი პერსონაჟების გაფერადებაც. შევეცადეთ, ყველაფერი, მაქსიმალურად, დაგველაგებინა ისე, რომ ინფორმაცია მარტივად და კომბინირებულად მიგვეწოდებინა პატარებისთვის.M: რას გულისხმობს თქვენს საიტზე არსებული კატეგორია „გამოფენა“?
პირველი გადაცემის შემდეგ, ზალიკოს რუბრიკას მოჰყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. ჩვენ შემოგვივიდა ბავშვების მიერ შესრულებული უამრავი ნახატი და ეს იყო მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია შედგა. გადავწყვიტეთ, რომ საიტზე ცალკე ადგილი დაგვეთმო ბავშვების ნამუშევრებისთვის.M: რა არის პროექტის მიზანი და როგორია თქვენი ამჟამინდელი გამოწვევები?
ამ პროექტით, მინდა, რომ ბავშვის შემეცნებასთან შეხება დაიწყოს მისთვის მისაღები ფორმით. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, გვაქვს შეხვედრები და ვეძებთ პარტნიორებს, მხარდაჭერებს, ვინც გაიაზრებს ამ პროექტის მნიშვნელობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, „ცოდნის მხიარულმა სამყარომ“ თაობები აღზარდოს.