როგორც Coinbase აცხადებს, დაიბლოკება 25 000 კრიპტო მისამართი, რომელიც რუსებთან ან რუსულ ორგანიზაციებთანაა დაკავშირებული. ამრიგად, ისინი ვეღარ შეძლებენ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებას.
კომპანიის წარმომადგენელმა, პოლ გრევალმა აღნიშნა, რომ მათთვის ეს პროცესი საკმაოდ რთულია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პლატფორმამ იმ მისამართების გამოკვლევა დაიწყო, რომლებიც სანქცირებულ მოქალაქეებთან არის დაკავშირებული. შედეგად, Coinbase-მა დაადგინა, რომ დაბლოკილი 25 000 მისამართი პირდაპირ თუ ირიბად ავლენდა ასეთ რუს პირებთან კავშირს.
საგულისხმოა, რომ სიაში სხვა არალეგალური საქმიანობის მქონე პირების მისამართებიც მოხვდა. ისინი საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე ეწეოდნენ — თანხები კი არალეგალურად, Coinbase-ს გავლით ბრუნავდა.
„სანქციები და მათი აღსრულება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ როლს ასრულებს და ასევე, ის უკანონო აგრესიას უპირისპირდება. Coinbase ეთანხმება და მხარს უჭერს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას“, — აღნიშნავენ კომპანიაში.










