2
Aug
2019

„ჩვენი მიზანია, შევქნათ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის მომავალი საქართველოში“ – Coinetic

2 Aug 2019

„თავიდან იყო ნაპერწკალი, რომელიც იქცა იდეად“ – ასე შეიქმნა სამყარო, ან კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პლატფორმა Coinetic. თუმცა, ამგვარი პლატფორმის შექმნას მხოლოდ „ნაპერწკალს“ ვერ დავუკავშირებთ, ამის უკან ეკონომიკური ცოდნა, გამოცდილება და მომავლის სამყაროს ხედვა დგას. სამყაროს, სადაც ანგარიშსწორების ტრადიციული მეთოდი ციფრული ფულით – კრიპტოვალუტით ჩანაცვლდება. ეს არის ბრძოლა მონოპოლიის წინააღმდეგ, ალტერნატიული, ციფრული ვალუტის გაძლიერებისა და ეკონომიკური პროცესების დეცენტრალიზაციის მიზნით და დიახ, საქართველოშიც არსებობენ კომპანიები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე, მომავლის სამყაროსთვის შესაბამისი, ეკონომიკური საფუძვლის შექმნას ცდილობენ. ეს უკვე ხდება. კრიპტოვალუტებით, საქართველოში, არაერთი ადამიანია დაინტერესებული, ხოლო სავაჭრო პლატფორმა „კოინეტიკი“ ფუნქციონირების ორ კვირას ითვლის და მას უკვე 500-მდე მომხმარებელი ჰყავს.

M: რას ნიშნავს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა და როგორ ხდებოდა ეს საქართველოში, მანამ, სანამ „კოინეტიკი“ შეიქმნებოდა?
ციფრული აქტივების ყიდვა-გაყიდვა რამდენიმე წელია შესაძლებელია საქართველოში. მაგრამ აქამდე, ბაზარზე არსებული კრიპტომომსახურეობის პროვაიდერები შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ვალუტის გადამხურდავებელი პუნქტები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი საქმიანობდნენ ციფრულ სივრცეში. ფასს აწესებდნენ საკუთარი შეხედულებებისამებრ, რაც მსოფლიო საბაზრო ფასთან შედარებით, მნიშვნელოვნად განსხვავებული იყო. მნიშვნელოვნად მაღალი იყო მომსახურეობის საკომისიოც. ჩვენ შემთხვევაში კი, „კოინეტიკი“ წარმოადგენს, სავაჭრო სივრცეს, სადაც ფასი ფორმირდება ბაზრის მონაწილეების – მყიდველებისა და გამყიდველების მიერ დადებული გარიგებების – ვაჭრობის შედეგად, ანუ მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს ჩვენს პლატფორმაზე ციფრული აქტივების ფასს.

ჩვენი მიზანია კრიპტოვალუტების ხელმისაწვდომობის ახალ საფეხურზე აყვანა და გაცილებით კომფორტული და მრავალფეროვანი  სახეობის ფინანსური პროდუქტების შეთავაზება. ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ივაჭროს 6 ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტით. ნაცვლად მარტივი, ყიდვის და გადაცვლის ფუნქციონალისა, მათ აქვთ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ორდერების განთავსების საშუალება – ისეთის, როგორიც მსოფლიოს წამყვან ბირჟებზეა შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქციონალი მაქსიმალურად მოსახერხებელს გახდის ვაჭრობას, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის მოგების მიღების შანსებს. აქამდე ქართულ ბაზარზე არსებული ინსტრუმენტების საშუალებით ეს პრაქტიკულად შეუძლებელი იყო“, – გვიყვება გიორგი ავალიანი, „კოინეტიკის“ CEO.

გიორგი ავალიანი, „კოინეტიკის“ CEO

M: რა უპირატესობა აქვს „კოინეტიკს“? რატომ არის მომხმარებლისთვის ამ პლატფორმით სარგებლობა მოგებიანი? 
საქართველოს ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლავთ ციფრულ აქტივებზე ყველაზე დაბალი ფასი და დაბალი საკომისიო. შესაბამისად დაბალი ტარიფები საკმაოდ მიმზიდველს ხდის ვაჭრობას მომხმარებლისათვის. რომ შევაჯამოთ მთავარი უპირატესობები შემდეგია: ბირჟის მარტივი და მოსახერხებელი ფუნქციონალი, ყველაზე დაბალი ფასები და საკომისიოები, მაქსიმალურად გამარტივებული ოპერაციები ნაღდ ფულთან მიმართებაში. (პლათფრომაზე ინტეგრირებული ელექტრონული საფულეების მეშვეობით ნებისმიერი ბანკიდან თანხის გატანა და შემოტანა).

M: როგორია თქვენთან კლიენტების რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესი? 
იმისათვის, რომ განახორციელოთ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, აუცილებელია დარეგისტრირდეთ ჩვენს პლატფორმაზე და გაიაროთ I და II დონის ვერიფიკაცია. ვერიფიკაციის პირველი დონის მისაღებად, ჩვენ ვითხოვთ სტანდარტულ ინფორმაციას კლიენტის შესახებ, როგორიცაა: სახელი, გვარი მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტა და ასე შემდეგ. იმისათვის, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ნაღდ ფულთან (ფიატ ვალუტასთან) წვდომა, აუცილებელია გაიაროთ II დონის ვერიფიკაცია. II დონის ვერიფიკაციის მისაღებად ვითხოვთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, პასპორტს ან მართვის მოწმობას. ბევრს უკვირს რატომ ვაკეთებთ ამას, მაგრამ ეს ინფორმაცია აუცილებელია კლიენტის იდენტიფიცირებისთვის, იმისათვის, რომ იცნობდე შენს კლიენტს (KYC), ფულის გათეთრების წინააღმდეგ (AML) პოლიტიკის საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტიდან გამომდინარე.

M: როგორ უკავშირდება „კოინეტიკი“ ჩვენს ეროვნულ ვალუტას – ლარს? ანუ, როგორ ხდება შესაძლებელი გადავცვალოთ ბიტკოინი ლარში?
ჩვენს კავშირს ეროვნულ ვალუტასთან უზრუნველყოფენ ელექტრონული საფულეები: Oppa და Apw შესაბამისად, კლიენტი უნდა დარეგისტრირდეს აღნიშნულ საფულეებზე და ელ-საფულეებში რეგისტრაციის გავლის შემდეგ კოინეტიკის უნიკალური აიდის გამოყენებით გადააბას კოინეტიკის და ელ-საფულის ელექტრონული ანგარიშები. ამის შემდეგ კლიენტს შეეძლება ეროვნული ვალუტის უპრობლემოდ პლატფორმაზე შემოტანა-გატანა.


„კოინეტიკი“ შექმნილია ქართველი პროგრამისტების გუნდის მიერ, გუნდის, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. უფრო კონკრეტულად კი, პლატფორმა ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანია „ბირთვმა“ დააფუძნა, რომელიც რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული „კრიპტოტექნოლოგიების” შექმნაში, კვლევასა და განვითარებაში. კომპანიის პირველი პროექტი კრიპტოვალუტების მაინინგი იყო, რომლის დასრულების შემდეგაც, „ბირთვმა“ პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მოსინჯა ძალები და კრიპტოსივრცისთვის აპლიკაციებისა და  ინფარსტრუქტურული პროექტების შექმნა დაიწყო. სწორედ ამას მოჰყვა 2017 წლის დასაწყისში Bitforx -ის მულტიფუნქციური ციფრული საფულის, ხოლო მიმდინარე წელს, Coinetic-ის – კრიპტოვალუტების სავაჭრო პლატფორმის შექმნა.

ჩვენ გვქონდა ალტერნატივა გვეყიდა გამზადებული პლატფორმა, მაგრამ მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ „კოინეტიკი“ ყოფილიყო მთლიანად ქართული პროექტი და ამ პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული ცოდნის და გამოცდილების დაგროვება მოხდარიყო საქართველოში“.

M: როგორ უმკლავდება კომპანია ისეთ გამოწვევებს, როგორიც საზოგადოებაში კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სიმწირე, ან არასანდოობაა? რას აკეთებთ ცნობიერების ასამაღლებლად?
ჩვენ გვჯერა, რომ ვიმყოფებით ფულის ევოლუციის შემდეგ ეტაპზე, როდესაც მთლიანად ხდება გადაფასება ფულის, როგორც საყოველთაო ექვივალენტის, რომელიც ამავდროულად გახლავთ ღირებულების საზომი ერთეული, ანგარიშსწორების საშუალება და ღირებულების დაგროვების/შენახვის საშუალება. ციფრული აქტივების გამოჩენის შემდეგ, გლობალურ საზოგადოებაში ხდება ფულის შინაარსის და ფუნქციის ახლებურად გააზრება. ახალი თაობის ციფრული აქტივები ნელ-ნელა იმკვიდრებენ ადგილს და მომავალში ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებიან. ჩვენ ამ დროისთის ვემზადებით. ვაპირებთ ჩვენს ხელთ არსებული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით, ეს იქნება სოციალური მედია, თუ პირისპირ შეხვედრები, მუდმივ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რათა მოვახდინოთ დაინტერესებული ადამიანების მაქსიმალურად ინფორმირება.

ჩვენი ბლოგის მეშვეობით, ვაპირებთ მუდმივად გავაცნოთ ჩვენ მომხმარებლებს კრიპტოსფეროში მიმდინარე სიახლეები და ამავდროულად, გადავცეთ მათ ცოდნა ტრეიდინგის შესახებ, რადგან მივიჩნევთ, რომ ელექტრონულ სივრცეში აქტივებით ვაჭრობა, ბაზრის ფუნქციონირების კანონზომიერების შესწავლა და გაგება, თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცოდნა და უნარია. სამომავლოდ, აუცილებლად ვგეგმავთ საგანმანათლებლო კურსების შეთავაზებას ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც ქართველ პროფესიონალ, ტრეიდერებთან და ანალიტიკოსებთან ერთად მოწვეული იქნებიან უცხოელი სტუმრები და გაზიარებული იქნება მათი გამოცდილება.

ბიტკოინი რევოლუციური ინოვაციაა – ტექნოლოგია, რომელიც არსებითად ცვლის წარმოდგენას ფულზე. ჩემი აზრით, სატოში ნაკამოტო (ბიტკოინის შემქნელი) თანამედროვე პრომეთეა, რომელმაც თავის დროზე ცეცხლი მისცა ადამიანებს. სატოშიმ დეცენტრალიზირებული ფინანსების მოდელი გვაჩვენა და ამით დეცენტრალიზაციის ახალ ტალღას ჩაუყარა საფუძველი. ჩვენ გვინდა ფინანსური თავისუფლების და ავტონომიურობის ინსტრუმენტი მივცეთ ადამიანებს, რის შემდეგაც, ისინი უამრავი შუამავლის გარეშე, თავისუფლად შეძლებენ საკუთარი აქტივების მართვას. „კოინეტიკთან“ დაკავშირებული ჩვენი მთავარი გეგმა მისი მუდმივად განვითარება და დახვეწაა. ჩვენი მიზანია, შევქნათ კრიპტოვალუტებით ვაჭრობის მომავალი საქართველოში და ჩვენ მხოლოდ საქართელოზე გაჩერებას არ ვაპირებთ. მეზობელ ქვეყნებშიც საკმაოდ განუვითარებელია ამ ტიპის ინფრასტრუქტურა და სერვისები, სამომავლოდ სიამოვნებით მოვემსახურებით მათაც“.

M: როგორ წარმოგიდგენიათ ციფრული მომავალი – სამყარო, სადაც ანგარიშსწორების ძირითადი ინსტრუმენტი ალტერნატიული, ციფრული ვალუტა იქნება. როგორია Coinetic-ის წვლილი ამ რეალობისთვის, საქართველოში, საფუძვლის მომზადების საკითხში?
ეს ტექნოლოგია თვისობრივად და ხარისხობრივად უპირატესია არსებულ მსოფლიო ფინანსურ არქიტექტურასთან შედარებით. სახელმწიფოების და კორპორაციების მიერ კონტროლირებადი, ცენტრალიზებული, დახურული სისტემებისგან და მათი მართვის გადაწყვეტილებების გასაიდუმლოებული პრაქტიკისაგან განსხვავებით დეცენტრალიზებული, ღია და გამჭირვალე კრიპტო სისტემები სრულყოფილად პასუხობს თანამდეროვე ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს. ციფრულ საუკუნეში ვცხოვრობთ და როდესაც ჩვენი სმარტფონიდან მესიჯს, ან მეილს ვაგზავნით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წამში მიდის, ხოლო ფული რომ გავგზავნოთ (რაც იგივენაირი ინფორმაციაა), მინიმუმ  სამი სამუშაო დღე და რამდენიმე შუამავალი ბანკია საჭირო. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა ძალიან მოუხერხებელია და ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ამიტომ გვჯერა, რომ კონკურენციაში, უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული ტექნოლოგია გაიმარჯვებს. მომავალში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მეტად გაიზრდება. „კოინეტიკი“ მზადაა აქტიური როლი ითამაშოს ამ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

ავტორი: ხატია თორდუა

განხილვა