15-16 აგვისტოს, ტორონტო ერთ-ერთ უდიდეს ბლოკჩეინკონფერენციას – Blockchain Futurist Conference 2023-ს – უმასპინძლებს, რომლის ერთ-ერთი სპონსორიც Coinmania იქნება.
Web3 ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საკონფერენციო სივრცე და პავილიონი ონტარიოს ტბის ხედის მქონე Rebel Entertainment Complex-ისა და Cabana Pool Bar-ის ბაზაზე მოეწყობა. კანადის ამ ყველაზე მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორია Untraceable. ღონისძიების მხარდამჭერ ცნობილ კომპანიებს, წელს, კრიპტოსერვისების პროვაიდერი ქართული კრიპტობირჟა Coinmania შეუერთდა.
Blockchain Futurist Conference ერთ-ერთი წამყვანი კონფერენციაა ბლოკჩეინის ინდუსტრიაში, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელის. წლევანდელ Futurist Conference-ს 10,000-ზე მეტი დამსწრე, 200-ზე მეტი სპიკერი, მედიაპარტნიორები და მხარდამჭერები ეყოლება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი Web3 კომპანიები, როგორებიცაა: NDAX, XDC, WonderFi, Brave, Arbitrum, Foundry, MetisDAO, Chainanalysis, StifleGMP, Parallel Gaming, Stratos, Starkware და სხვა.
Futurist Conference 2023 სტუმრებს Web3-ზე ორიენტირებულ სრულ პაკეტს სთავაზობს. დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ დარგის წამყვანი სპიკერების ლექციები, დაათვალიერონ ინტერაქციული NFT გალერეები და მარკეტფლეისები, ისარგებლონ ბიტკოინის ბანკომატებით, ჩაერთონ დეველოპერების ჰაკათონებსა და ბლოკჩეინის გაცნობით ტრენინგ-ბანაკებში და ისარგებლონ ვერტმფრენის სერვისით, რომლის გადახდაც კრიპტოვალუტაში შეეძლებათ.
Futurist Conference-ის წლევანდელი ღონისძიება უმასპინძლებს საინტერესო პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს, ხოლო სპიკერებს შორის იქნებიან დარგის ისეთი გამორჩეული ფიგურები, როგორიცაა: ჩარლზ ჰოსკინსონი – კარდანოსა და ეთერიუმის ბლოკჩეინის თანადამფუძნებელი და IO Global-ის დამფუძნებელი, ენტონი დი ლორიო – Andiami-სა და Decentral-ის დამფუძნებელი და ეთერიუმის თანადამფუძნებელი, ეთან ბუკმენი – Cosmos-ის თანადამფუძნებელი და Informa Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი და სხვები. წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა იქნება ხელოვნური ინტელექტი, ხოლო სპიკერის ამპლუაში ChatGPT მოგვევლინება.
მსგავსი მასშტაბის გლობალურ მოვლენაში ჩართულობა და ღონისძიების სპონსორობა ეხმიანება Coinmania-ს მისიას – ხელი შეუწყოს კრიპტოვალუტის საყოველთაო გავრცელებასა და ცნობიერების ამაღლებას – და ქართულ კომპანიას შესაძლებლობებისა და პარტნიორობების ახალ კარს უხსნის. Coinmania მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული Web3 სივრცეში მიმდინარე მოვლენებსა და ღონისძიებებში.
Blockchain Futurist Conference 2023 გაიმართება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე მეტავერსში. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია კონფერენციის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.futuristconference.com.
[R]