თანამედროვე მსოფლიო ბაზარზე Colgate-Palmolive საყოველთაოდ ცნობილი სახელწოდებაა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ის უკვე 200-ზე მეტი წლისაა და ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტებს ქმნის საყოფაცხოვრებო ინდუსტრიაში. შეიძლება ითქვას, ამ სეგმენტში ის დომინანტია.
ისტორია, რომელიც უილიამ ქოლგეიტმა დაიწყო
Colgate-Palmolive-ის ისტორია იწყება მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1806 წელს, როდესაც უილიამ ქოლგეიტმა, საპნისა და სანთლების მწარმოებელმა, დაიწყო თავისი პროდუქციის გაყიდვა ნიუ-იორკში, სახელწოდებით William Colgate & Company.
1857 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, კომპანიას მართავდა მისი ვაჟი, სამუელ ქოლგეიტი, ახალი სახელწოდებით Colgate & Company. 1890 წელს კომპანიამ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა მედისონის უნივერსიტეტს ნიუ-იორკში. ამის გამო უნივერსიტეტს სახელწოდება გადაერქვა და Colgate University გახდა.
ახალი პროდუქტები
1872 წელს სამუელ ქოლგეიტმა, უილიამის შვილმა, საზოგადოებას წარუდგინა Cashmere Bouquet, პარფიუმერიული გამწმენდი საშუალება. 1873 წელს კი წარმოადგინა თავისი პირველი კბილის პასტა, რომელიც სპეციალურ კონტეინერში იყიდებოდა.
1896 წელს ბრენდმა გამოუშვა პირველი კბილის პასტა ტუბში, Colgate’s Ribbon Dental Cream.
ახალი მფლობელი
სანამ უშუალოდ Colgate-ის შესახებ გავაგრძელებთ, მცირე შესავალი დაგვჭირდება. 1898 წელს დაარსდა ბრენდი Palmolive, რომლის დამფუძნებელიც იყო ასევე ცნობილი ბრენდი Johnson. მათ შეიმუშავეს ახალი ფორმულა, რომელიც შეიცავდა როგორც პალმის, ისე ზეითუნის ზეთს და გახდა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი საპონი.
გამწმენდმა მოკლე დროში იმდენად გაითქვა სახელი, რომ B.J. Johnson Soap Organization-მა სახელი შეცვალა და Palmolive დაირქვა.
1928 წელს ფირმამ შეისყიდა სხვა კომპანია, რათა მასთან ერთად ეწარმოებინა ჰიგიენური პროდუქტები. ეს კომპანია იყო Colgate.
კრიზისული პერიოდი
1955 წელს Colgate-Palmolive-მა დაკარგა პირველი ადგილი კბილის პასტების ბაზარზე, როდესაც კონკურენტმა მწარმოებელმა Procter & Gamble Co.-მ დაიწყო Crest-ის, პირველი კბილის პასტის გაყიდვა, რომელიც შეიცავდა ფტორს. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, Colgate-Palmolive-მა თავადაც დაამატა 1968 წელს MFP ფტორი (ნატრიუმის მონოფლუოროფოსფატი), რომელიც უზრუნველყოფდა კბილის მინანქრის გაძლიერებასა და პირის ღრუს მოვლას.
პროდუქციის გაფართოება
კბილის პასტის გარდა Colgate-Palmolive აწარმოებდა უამრავ პროდუქტს, დაწყებულს საპნით, ჭურჭლის სარეცხი სითხით დამთავრებული. სხვადასხვა კომპანიასთან გაერთიანებამ მას მისცა საშუალება, გაეფართოებინა თავისი ბაზრის წილი და პროდუქციის ხაზი შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში.
1976 წელს Colgate-Palmolive-მა შეიძინა Hill’s Pet Nutrition, მსოფლიო ლიდერი ვეტერინარული და შინაური ცხოველების კვების პროდუქტების წარმოებაში. თუმცა ცხოველთა უფლებების დამცველებმა ცოტა ხნის შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს ბრენდის ამ მიმართულებას და Colgate-Palmolive-ს მოუწია, მორატორიუმის დაწესება პროდუქციის ცხოველებზე ტესტირებაზე.
დღეისათვის ბრენდის მთავარ პროდუქტებად რჩება კბილის პასტა და პირის ღრუს მოვლის საშუალებები, ჯაგრისები, დეოდორანტები, საპონი, საწმენდი საშუალებები და შინაური ცხოველების საკვები.
Colgate-Palmolive-ის სადისტრიბუციო სტრატეგია
ბრენდის წარმატების ერთ-ერთ რეცეპტად მის სადისტრიბუციო სტრატეგიას მიიჩნევენ. მას აქვს სწორი განაწილება და სამიზნე ჯგუფად შორეული რაიონებიც ჰყავს. ამიტომ არის, რომ მის პროდუქტებს იპოვით როგორც დიდ მარკეტებში, ისე პატარა საცალო მაღაზიებში, რომლებიც პროვინციებში მდებარეობს.
ნივთის ფართო ხელმისაწვდომობა არის ერთ-ერთი ახსნა, თუ რატომ შედის Colgate-Palmolive ყველაზე სანდო ბრენდებს შორის.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი