in

“ვფიქრობთ, თბილისის განწყობის დაჭერა და აღწერა ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია” – კოლექტივი #თაობა


რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ჩემი ყურადღება ერთმა სიმღერამ მიიპყრო – სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ეს სიმღერა მხვდებოდა და თანაც მას ძალიან კარგი აუდიტორია აზიარებდა. მივხვდი, რომ რაღაც კარგთან მქონდა საქმე და, რასაკვირველია, ბმულზე გადავედი. რაც ბმულზე ვნახე, იმან, მართლაც გამაოცა – თანაც სასიამოვნოდ. საუბარი მაქვს “კოლექტივზე”, რომლის შემოქმედებაც უბრალო ტექსტებითა და ბევრი ნოსტალგიითაა გაჟღენთილი. გუნდის წევრები მოვძებნე და, როგორც აღმოჩნდა, ორი მათგანი ჩვენი საყვარელი Bedford Falls-ის წევრია. #თაობა, ერთ-ერთს, მიხო კალანდარიშვილს გაესაუბრა:

M: დავიწყოთ იქიდან, თუ ვინ/რა არის კოლექტივი – როდის შეიქმნა, რა მუსიკას ქმნის, ვისგან შედგება და ა.შ

კოლექტივის შექმნის იდეა დაიბადა საირმის გზაზე მიმავალ მანქანაში, სადაც მეგობრებმა სპონტანურად გადავწყვიტეთ 60-იანი წლების ქართული სიმღერა “წაღვერი და თბილისი” დაგვექავერებინა. თუმცა, საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ ქავერს ორიგინალური სიმღერების ჩაწერა ვარჩიეთ. ბენდის წევრები არიან: მე: მიხო კალანდარიშვილი, სანდრო დიასამიძე, მარიამ სამუშია და გიკო კვანტრიშვილი, თუმცა, ცოტა ხანში სხვებიც შემოგვემატებიან, რათა სიმღერების ლაივში შესრულება შევძლოთ.

 M: როგორ დაკავშირდით, როგორ გახსენდებათ ეს მომენტი, როგორი იყო პირველი ტრეკის შექმნის მცდელობა, შემდეგ როგორ განვითარდით.. 

როგორც უკვე აღვნიშნე, ბენდის წევრები, ყველანი მეგობრები ვართ. მე და სანდრო დიასამიძე ასევე ვუკრავთ ბენდში Bedford Falls, ამიტომაც ეს არაა ჩვენი პირველი მოგზაურობა მუსიკალურ სამყაროში. პირველი სიმღერა დაიწყო ე.წ სემპლით. ავიღეთ 90-იანების საკულტო ქართული ბენდის – ტაქსის სიმღერა “ზამთარი”, რომლის მთავარი გიტარის პარტია “დავლუპეთ”, მას ზემოდან გადავადეთ აბსტრაქტული ტექსტი და მივაბით მისამღერი. ასე გამოვიდა პირველი სახალისო ექსპერიმენტალური სიმღერა სახელად “შენ ხარ ფაუნა”.

M: რომელ ჟანრში/ჟანრებში მოღვაწეობთ და რას ეხება ძირითადად თქვენი შემოქმედება?

კოლექტივის მუსიკა ალბათ უფრო მეტად ინდი პოპის ჟანრს მიეკუთვნება. მას თან გასდევს ნოსტალგიური განწყობა, რომელიც ამ ჟანრს ხშირად ახასიათებს. ის ყველაფერი კი გაკეთებულია ქართულ კონტექსტში, რაც, მგონი, ამ ყველაფერს საკმაოდ ორიგინალურს ხდის. სიმღერები ჩაწერილია სახლის პირობებში, შესაბამისად, ის ძალაუნებურად უფრო უშუალოც გამოდის.

M: რა ეტაპზეა ახლა კოლექტივი?

ამ ეტაპზე ვწერთ ახალ სიმღერებს და ვდებთ ჩვენს იუთუბ ჩენელზე, ვაკეთებთ სამოყვარულო სახის კლიპებს. გვინდა, რომ ჩვენი შემოქმედება ლაივშიც შევასრულოთ. ამ დღეებში ალბათ გვექნება პირველი ოფიციალური რეპეტიცია..

M: საიდან იღებთ, ძირითადად, ინსპირაციას? 

ალბათ სხვა ადამიანების შემოქმედებიდან – როდესაც რამე სიმღერა შენში ძლიერ ემოციებს აღძრავს ინტერესდები, შენც შეგიძლია თუ არა, იგივე გააკეთო. 

M: როგორ ფიქრობთ, როგორი ნიადაგია თბილისი თქვენი შემოქმედებისთვის?

იდეალური ალბათ.. ვფიქრობ, რომ თბილისის განწყობის დაჭერა და აღწერა მისი არსებობის ამ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია. იგი ნამდვილად შთამაგონებელი ქალაქია. 

M: კოლექტივი არის მუსიკალური საზოგადოება დაინტერესებული შეკითხვით – სად გაქრნენ ეტრუსკები? – ეს კითხვა როგორ გავიგოთ? ან როგორ ფიქრობთ, სად გაქრა ეს ცივილიზაცია?

კოლექტივის სიმღერების ტექსტები ხშირად აბსტრაქტულ ხასიათს ატარებს, შესაბამისად, მისი ზოგადი აღწერაც ასეთი ფორმით გადავწყვიტეთ. რაც შეეხება ეტრუსკულ ცივილიზაციას, მისი დაცემა დაახლოებით ძვ.წ V საუკუნეში დაიწყო, იმის მერე, რაც ისინი აპენინის ნახევარკუნძულზე რომის რესპუბლიკამ შეავიწროვა.

M: დაუტოვეთ #თაობას ტრეკი ფლეილისტისთვის..

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


„მაზდა ცენტრი თეგეტა“, 8 მარტს, ახალი კამპანიით შეხვდა

საარჩევნო უბნებად ქცეული მაღაზიები – Boost Your Voice-ის ქეის სთადი