დღეს ჩვენ წვდომა გვაქვს უფრო მეტ ინფორმაციაზე, ვიდრე ოდესმე. თუნდაც, YouTube და TikTok გვთავაზობენ უფასო სიღრმისეულ სასწავლო შესაძლებლობებს – პროფესიული განვითარების რჩევებით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის ტუტორიალებით დამთავრებული. ბოლო წლებში, ენის დიდმა მოდელებმა, როგორიცაა ChatGPT და Gemini, აჩვენეს, რომ შეუძლიათ უპასუხონ თითქმის ნებისმიერ კითხვას სულ უფრო მზარდი სიზუსტით.
ინფორმაციის ასეთი ხელმისაწვდომობის პირობებში, სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს: რატომ დავხარჯო დრო და ფული საუნივერსიტეტო განათლებაზე, როცა შემიძლია ინფორმაცია და უნარები განვავითარო ონლაინ რესურსების დახმარებით?
თუმცა, ამ კითხვის პრობლემა ისაა, რომ იგი უნივერსიტეტს წარმოაჩენს მხოლოდ ინფორმაციის ბაზად, რაც არასწორად ასახავს მის რეალურ ღირებულებას. ბევრისთვის, უმაღლესი განათლება გაცილებით მეტია – ეს არის ტრანსფორმაციული მოგზაურობა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ შეიძინონ სანაცნობო წრე და განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი რბილი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა, ემოციური ინტელექტი და კრეატიულობა. ამ კომპეტენციების შეძენა ხშირად საჭიროებს გუნდურ მუშაობას.
ასეთ გამოცდილებას კი ვერ შეიძენთ ინფლუენსერის ყურებით ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტის კითხვით.
მართალია, საუნივერსიტეტო ხარისხი არ არის წარმატების ერთადერთი გზა, მაგრამ ვერ უგულებელვყოფთ იმ რეალობას, რომ ორგანიზაციების უმეტესობა მას კვლავ მიიჩნევს კანდიდატის სამუშაო ძალისთვის მზადყოფნის ინდიკატორად.
როდის არ არის საკმარისი მხოლოდ ონლაინ სწავლა, საკუთარი ძალისხმევით?
აქვს აზრი საუნივერსიტეტო განათლების მიღებას, ხელოვნური ინტელექტისა და ონლაინ სწავლების ეპოქაში? პასუხი ნათელია: ისინი, ვინც ირჩევენ ხარისხის მიღებას, სავარაუდოდ, მეტ უპირატესობას მოიპოვებენ სამუშაოს დაწყებისას. თუმცა, ყველაფერს, რასაც სარგებელი მოაქვს, აქვს გარკვეული ნაკლოვანებებიც.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთლიანობაში საუნივერსიტეტო სწავლის საფასური იზრდება. სტუდენტისთვის უმრავლესობისთვის ხარისხის მიღება ძვირი სიამოვნებაა. გადაწყვეტილების მიღებისას ასევე უნდა გაითვალისწინოთ, თუ რამდენად უწყობს ფეხს თქვენი საუნივერსიტეტო კურიკულუმი თანამედროვე მოთხოვნებს. ტექნოლოგიების სწრაფი ცვლილებებისა და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარების გათვალისწინებით, განათლება, რომლისთვისაც ვალს იღებთ, იდეალურ შემთხვევაში უნდა იყოს თანამედროვე და გამოსადეგი სამუშაოს დაწყებისას.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ნაკლოვანებები ღირს იმ უპირატესობების სანაცვლოდ, რასაც საუნივერსიტეტო განათლება გვთავაზობს, აი, როგორ შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ უმაღლესი განათლება:
შეისწავლეთ უახლესი ინოვაციები კურსების საშუალებით
ტექნოლოგია ყოველდღიურად ვითარდება. ცვლილებების ტემპთან ფეხის ასაწყობად, იფიქრეთ იმ რბილი უნარების შევსებაზე, რომლებსაც უკვე ავითარებთ სკოლაში, თქვენი ინდუსტრიისთვის რელევანტური მყარი უნარებით. ყველა სპეციალობის სტუდენტს შეუძლიათ აირჩიონ ერთი ან ორი კურსი, რომელიც კვალიფიკაციის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ. სფეროს მიუხედავად, არსებობს ხელოვნური ინტელექტის ან სხვა ინოვაციების მიმართულება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ კარიერაზე.
ბევრი უმაღლესი სასწავლებელი სთავაზობს კურსებს მანქანური სწავლების, ღრმა სწავლების და მნიშვნელოვანი პროგრამირების ენების გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სასწავლო პროგრამა დამოკიდებული იქნება თქვენს სწავლის სფეროზე, ეს კურსები, როგორც წესი, შექმნილია სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენების უნარების მისაცემად.
კოლეჯში, სავარაუდოდ, გექნებათ შანსი იმუშაოთ თქვენს თანატოლებთან ერთად და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოთ – მიიღოთ მონაწილეობა ჰაკათონში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოებაში ან იმიტირებული მარკეტინგული კამპანიის შექმნაში. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დავალება შეიძლება სპეციფიკური იყოს თქვენი სპეციალობისთვის, ეს ფასდაუდებელი პროექტები გაძლევთ შანსს ითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის ადამიანთან (დისტანციურად და ცოცხალ რეჟიმში).
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური მიღწევები ცვლის სხვადასხვა ინდუსტრიას, თქვენი უნარი ეფექტურად დაამყაროთ კომუნიკაცია და ითანამშრომლოთ სხვებთან კვლავ ფასდაუდებელია. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თქვენთვის ელ-ფოსტების დაწერა, მაგრამ მას არ შეუძლია პირისპირ საუბრების წარმართვა. სამსახურის ინტერვიუებისთვის, სამუშაო პრეზენტაციებისთვის და გუნდური პროექტებისთვის, დაგჭირდებათ რბილი უნარები, რომლებსაც კოლეჯი გთავაზობთ: უნარი დამაჯერებლად ისაუბროთ, გაუზიაროთ თქვენი პერსპექტივა და იდეები, და გაიგოთ თქვენი კოლეგების გამოცდილება.
წყარო: HBR