ალბათ, უკვე თქვენც შეგხვდათ თოვლივით თეთრი მგლების ფოტოები, პრეისტორიული გადაშენებული სახეობა, რომელიც ოდესღაც ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობდა და მაყურებლებმა Game of Thrones-იდან გაიცნო. ამის მიზეზი ბიოტექნოლოგიური კომპანია Colossal Biosciences-მა მოგვცა, რომელიც ამტკიცებს, რომ პრეისტორიული ყინულის ეპოქის სახეობა აღადგინა და ამის დასტურად 3 მგლის ლეკვის ფოტო გამოაქვეყნა სახელებით რომულუსი, რემუსი და ხალეესი.
„გასული წლის პირველ ოქტომბერს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, Colossal-მა წარმატებით აღადგინა ერთ დროს გადაშენებული სახეობა მეცნიერების დახმარებით. Colossal-ის ინოვაციებმა ტექნოლოგიებში, კონსერვაციასა და მეცნიერებაში შესაძლებლად აქცია ის, რისი მიღწევაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, დიდი ხნის მანძილზე პოპულაციის ნულოვანი მაჩვენებელი ხელახლა ააღორძინა“, — ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.
ამ ეტაპისთვის კვლევის დეტალები ნაკლებად თუ ვლინდება, საჯაროდ მხოლოდ მგლის ლეკვების ფოტოები და მსგავსი ფრაზები მოვისმინეთ კოლოსალისგან. Ancient DNA-ის ავსტრალიური ცენტრის ხელმძღვანელი ჯერემი ოსტინი კი ამბობს, რომ კოლოსალმა გენეტიკურად ინჟინირებული რუხი მგელი შექმნა, რომელზეც უბრალოდ ფიქრობს, რომ ძალიან ჰგავს „საზარელ მგელს“. მართალია, ამ საკითხზე დებატები გრძელდება, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ მორფოლოგიურად მსგავსნი არიან — ამიტომ, დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, თქვენი გადასაწყვეტია ამ ფაქტის გამო ჩათვლით თუ არა პრეისტორიულ სახეობად.
„ვფიქრობ, თუ ეს სახეობები აღნიშნულს ჰგავს საუკეთესო განმარტება შემდეგი იქნება: თუ ისინი საზარელი მგლების სახეობის მსგავსად მოიქცევიან და ამ სახეობის როლსაც მოირგებენ, ესე იგი, გამოგივიდათ“, — ამბობს ბეთ შაპირო, ევოლუციური ბიოლოგი.
თუმცა, შაპიროს მოსაზრებას ზოგი ზღაპარს უწოდებს და მაგალითად ჯერემი განმარტავს: „გამოდის, თუ რაღაც გააკეთე და საკმარისი რაოდენობის ადამიანმა დაგიჯერა, ე. ი. გამოგივიდა… მე კი ვფიქრობ, რომ მეცნიერები უნდა ამბობდნენ: ნახე ჩვენ მივიღეთ თეთრი რუხი მგელი და ეს არ არის საზარელი მგლის სახეობა არცერთი განმარტებით… არ ვფიქრობ, რომ ეს გადაშენებულ სახეობას წარმოადგენს რაიმე სახითა თუ ფორმით“.
მეცნიერი ადამ ბოიკოც ამ მოსაზრებას იზიარებს და კვლევის შედეგებს შეგვახსენებს — საზარელი მგლების კვლევამ აჩვენა, რომ ისინი სხვებს 5.7 მილიონი წლის წინ გამოეყვნენ, ამგვარად, ჩრდილოეთ ამერიკაში არსებულ რუხ მგლებთან არც გენების გაცვლის საკითხი ვლინდება.
ამ ლეკვების შესაქმნელად Colossal-ის მეცნიერებმა ძველი გენეტიკური თანმიმდევრობის კვლევები გამოიყენეს, 20 უნიკალური გენეტიკური ცვლილება განახორციელეს და შემდეგ სუროგატ ძაღლებს ჩაუნერგეს. მართალია, კოლოსალი არ ადასტურებს იმას, რომ გენეტიკურად ზუსტად საზარელი მგლის სახეობის შექმნის განზრახვა ჰქონდათ, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ მათი მსგავსის შექმნაც რომ ნდომებოდათ, ეს თუ უფრო მეტს არა, ათასობით გენეტიკურ ცვლილებას საჭიროებდა… ამ შემთხვევაში კი განხორციელებული 20 ცვლილებიდან მხოლოდ 5 ეფუძნებოდა მუტაციებს და სწორედ ამის შედეგად მივიღეთ თეთრი ფერი.
ამგვარად, ერთია, თუ რა სახეობის მგლებზეა საუბარი, მეორე კი ის, თუ თეთრი მგლის ლეკვები ნამდვილად GOT-ში ნაჩვენები სახეობაა, არის კი მისი ადგილი თანამედროვე სამყაროში?! ან თუნდაც ზოოპარკში, რომელთა სანახავად ადამიანები გადაიხდიან და დარწმუნებულნი არ იქნებიან ე. წ. საზარელი მგელი ნახეს თუ რუხი…