in

Comida Service კომპანიებს სურსათის უვნებლობის საკითხების მოგვარებას სთავაზობს

„კომიდა“ ბასკურ ენაზე საკვებს ნიშნავს. როგორც Comida Service-ის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბეღელაძე აღნიშნავს, სწორედ დეფინიციის გამო დაარქვეს კომპანიას ეს სახელი. ამბობს, რომ გუნდი კერძო კომპანიებსა და საწარმოებს სურსათის უვნებლობის საკითხებში ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება. ასევე სთავაზობს ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს.

მიხეილ ბეღელაძე: Comida Service მზარდი კომპანიაა. ბაზარზე ოპერირება, დაახლოებით, 1 წლის წინ დავიწყეთ. გუნდი დაკომპლექტებულია სურსათის უვნებლობის სპეციალისტებით, კვების ტექნოლოგებით, პროგრესულად მოაზროვნე და პროფესიონალი ახალგაზრდებით. ჩვენ გვსურს, ამ სფეროში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში ეს სფერო საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ვემსახურებით ბიზნეს ოპერატორებს, კერძო კომპანიებს სურსათის უვნებლობის სფეროში პრობლემების აღმოფხვრელად.

M: რატომ შეიქმნა Comida Service? სურსათის უვნებლობის კუთხით რამდენად სერიოზული პრობლემებია?

წლების განმავლობაში, ამ სფეროში სახელმწიფო კონტროლის არ არსებობამ, სამწუხაროდ, გასაქანი მისცა არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს. ისინი უკონტროლოდ აწარმოებდნენ სურსათის უვნებლობის სტანდარტებისთვის შეუსაბამო პროდუქციას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დაზარალდა მომხმარებელი. ასევე, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ კეთილსინდისიერი მეწარმეები. შედეგად, სურსათის უვნებლობის კუთხით მომხმარებლებსა და კერძო სექტორში დაიწია განათლებისა და ცნობიერების დონემ. უკონტროლობის გამო, არც მომხმარებელსა და არც მეწარმეს აღარ ჰქონდა ცოდნა აღნიშნულ საკითხებზე. საბედნიეროდ, რამდენიმე წლის წინ, სურსათის უვნებლობის საკითხებთან მიმართებაში, სახელმწიფო კონტროლი აღდგა, რომელიც სულ უფრო მკაცრდება და მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან, უფრო სერიოზულ მასშტაბებს იძენს. განსაკუთრებით, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მოსახლეობამ, კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა უნდა აიმაღლონ ცოდნის დონე სურსათის უვნებლობის კუთხით და გადაჭრან არსებული პრობლემები. სწორედ ამ ნაწილში სჭირდებათ Comida Service-ისა და ჩვენი მსგავსი კომპანიების დახმარება. მათ ვასწავლით პრობლემის აღმოფხვრის პრაქტიკულ გზებს, რომ შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ უვნებელი სურსათის წარმოება. რეალურად, ბოლო პერიოდში, სურსათის უვნებლობის საკითხების დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის სერვისზე, ანუ ისეთ კომპანიებზე, როგორიც ჩვენ ვართ, მოთხოვნა გაიზარდა.  

M: რას გულისხმობთ, პრობლემის აღმოფხვრის პრაქტიკულ გზებში? კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობთ კომპანიებსა და საწარმოებს?

ჩვენი მომსახურება მორგებულია კონკრეტული კერძო ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებს. ზოგს აქვს განათლების პრობლემა – არ იცის, როგორ გააკეთოს. ამიტომ, მას სჭირდება კონსულტაცია, სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. არის კომპანიები, რომელსაც აქვს ინფორმაცია, იცის სტანდარტები და ვერ აკმაყოფილებს მას, ანუ სჭირდება პრობლემის აღმოსაფხვრელად პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. არ აქვს მნიშვნელობა საწარმო იქნება ეს, საზოგადოებრივი კვების ობიექტი, თუ სურსათის ინდუსტრიაში ჩართული სხვა კომპანია, ყველას ინდივიდუალური პრობლემა და მოთხოვნა აქვს. როგორც აღვნიშნე, Comida Service-ის მომსახურება თითოეული მათგანის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მომსახურება მოიცავს 3 ეტაპს: კონსულტაცია, პრობლემის აღმოფხვრის პრაქტიკული გზების დაგეგმვა და შესრულება. მეწარმეს, რომელიც ახლა იწყებს საქმიანობას, შესაძლოა, სამივე ეტაპზე დასჭირდეს ჩვენი დახმარება. მაგალითად, შენდება ყველის საწარმო. ჩვენ ვასწავლით, რა სტანდარტით უნდა აშენდეს შენობა, როგორი გარემო უნდა იყოს და ა.შ. . ასევე შეგვიძლია, მონაწილეობა მივიღოთ ამ კონსულტაციისას მიცემული რჩევების შესრულებაში. ჩვენი სერვისი, შესაძლოა, დასჭირდეს, ვთქვათ, უკვე არსებულ კვების ობიექტს, რადგან მას გაუჩნდა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემა. კი აქვს ინფორმაცია, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ დახმარება სჭირდება ამ სტანდარტებამდე მისვლაში.

M: დღეს რა პრობლემები არსებობს სურსათის უვნებლობის კუთხით?

ბიზნესს არ აქვს ინფორმაცია კანონმდებლობის შესახებ. თავად კანონმდებლობა ახლა იხვეწება. ეს გასაკვირი არცაა, წლები დასჭირდება იმის აშენებას, რაც ჩამოიშალა. ამ პერიოდში კერძო სექტორისთვის ცოტა რთულია, ამ საკითხში სრულად გარკვევა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ძალიან რთული მოსაგვარებელი საკითხი. კვების ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს საკმაოდ ნორმალური მოგება აქვთ. ამიტომ, მათთვის, ფინანსური თვალსაზრისით , არ არის პრობლემა სურსათის უვნებლობის საკითხების მოგვარება. უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობასა და სტანდარტებზე. ვერ ხვდებიან, როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ. რა თქმა უნდა, მე კეთილსინდისიერ მეწარმეებზე ვსაუბრობ. ვისაც სურს, მისი ბიზნესი სურსათის უვნებლობის კუთხით დადგენილ ყველა ნორმას აკმაყოფილებდეს და შესაბამისობაში იყოს კანონმდებლობასთან. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს კომპანიებიც, რომლებსაც ამის სურვილი საერთოდ არ აქვს.

M: როგორც ბიზნესი, თუ არის მომგებიანი Comida Service მომგებიანი და კონკურენცია რამდენად დიდია ბაზარზე?  

არსებობს ჩვენი მსგავსი კომპანიები, თუმცა, ბევრი ნამდვილად არა. რაც შეეხება „კომიდას“, როგორც ბიზნესს. რა თქმა უნდა, ეს მოგებაზე ორიენტირებული კომპანიაა, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენც ვვითარდებით. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ რამდენად რთულ და მასშტაბურ სფეროში ვსაქმიანობთ და რა სარგებელი მოგვაქვს მომხმარებლისთვის თუ კერძო ბიზნესისთვის, ეს მოგება ფინანსურ მოგებაზე გაცილებით დიდია.

[R]

ზოოპარკიდან “პაემანზე” KWID-ით გაქცეული გორილა – Renault -ის სახალისო ვიდეორგოლი

ანასტასია ახვლედიანი – ქართული ფილმის, კინომუსიკისა და ლიტერატურის შთამომავალი