გიფიქრიათ, რა ისტორიას ინახავს ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად ეხებით? თანამედროვე სამყაროში კერამიკული ნაწარმი ხშირად იმპორტირებული მასალითაა დამზადებული, თუმცა კვლავაც მოიძებნებიან ხელოვანები, რომლებიც მარტივ გზას არ ირჩევენ და საწყისებს უბრუნდებიან. სწორედ ასე დაიწყო ჩვენი რესპონდენტის ისტორიაც. კერამიკის სფეროში 20-წლიანი პრაქტიკისა და საკუთარი სტუდიის მართვის შემდეგ, ირინე ჯიბუტმა გააცნობიერა, რომ მხოლოდ ფორმისა და დიზაინის შექმნა მისთვის საკმარისი აღარ იყო. გაჩნდა სრულიად ბუნებრივი კითხვა – რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული უცხოურ ნედლეულზე საქართველოში – ქვეყანაში, რომელსაც მეთუნეობის ასეთი უმდიდრესი ტრადიცია და ბუნებრივი რესურსი აქვს? ამ კითხვამ ხელოვანი კომფორტული სახელოსნოდან საველე ექსპედიციებში, საქართველოს რეგიონებში ველური თიხის საძიებლად წაიყვანა. ეს პროცესი მივიწყებული ისტორიების, ძველი ოსტატების გამოცდილებისა და იმ კულტურული მეხსიერების გაცოცხლებად იქცა, რომელსაც მიწა ინახავს. დღეს, ირინეს სახელოსნო Commonland ას არის სივრცე, სადაც გეოლოგია, ისტორია, საგანმანათლებლო პროცესი და თანამედროვე ხელოვნება ერთიანდება. ხელოვანმა გვიამბო როგორ აქცია ველური თიხის ძიება მასშტაბურ კვლევად და ამავდროულად, ბიზნესის ნაწილად.

M: ირინე, როგორ აღმოაჩინეთ ინტერესი თიხის მიმართ?
პროფესიით კერამიკოსი ვარ – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მივიღე. თიხასთან უკვე ოცი წელია ვმუშაობ. ყოველთვის მაინტერესებდა მისი შესაძლებლობები, ტრანსფორმაცია გამოწვისას და ის, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ერთი შეხედვით უბრალო მასალა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკის დატესტვისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა – რატომ ვიყენებთ ძირითადად იმპორტირებულ ნედლეულს, როცა საქართველოს ასეთი მდიდარი ბუნებრივი რესურსი და კერამიკის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს? სწორედ ამან მიბიძგა ველური თიხების კვლევისკენ, რაც დღეს ჩემთვის არა მხოლოდ მასალის შესწავლა, არამედ ჩვენი კულტურისა და ლანდშაფტის შეცნობის მთავარი გზაა.

M: რა გამოცდილებით დაიწყეთ ეს საქმე?
ამ სფეროში ჩემი თითქმის ოცწლიანი უწყვეტი პრაქტიკა რამდენიმე ეტაპს აერთიანებს. დაახლოებით ათი წელი კერამიკულ სტუდია Ceramic Studio 1300-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვიყავი, სადაც წარმოებასთან შეხებამ უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მომცა. პარალელურად, მუდმივად ვმოგზაურობდი საქართველოს რეგიონებში, ვსტუმრობდი მეთუნეობის მოქმედ თუ მიტოვებულ ცენტრებს და ვეცნობოდი ადგილობრივ ოსტატებს.
გარდა ამისა, აქტიურად ვმონაწილეობდი საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და რეზიდენციებში. განსაკუთრებით გარდამტეხი აღმოჩნდა ამერიკაში იაპონელი კერამიკოსებისა და თიხის მკვლევრების, ტაკურო და ჰიტომი შიბატების მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა. მათმა ფილოსოფიამ ადგილობრივი თიხებისა და ტრადიციული ტექნოლოგიების შესწავლის შესახებ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ საკუთარი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების კვლევა თანამედროვე კერამიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
M: სად და როგორ მოიპოვებთ ქართულ თიხას და რა გზას გადის მიწიდან მზა ნივთამდე?
ამჟამად, ჩემი კვლევა ძირითადად კახეთზეა კონცენტრირებული, რადგან სწორედ ამ რეგიონის სრულყოფილ სახელმძღვანელოზე ვმუშაობ. თუმცა, სხვა რეგიონებში მოგზაურობისას აუცილებლად მომაქვს ადგილობრივი ნიმუშები.
პროცესი ყოველთვის საველე სამუშაოთი იწყება: ვაკვირდები ლანდშაფტს, გეოლოგიურ ნიშნებს, ვესაუბრები მოსახლეობას და დეტალურად აღვრიცხავ მოძიებულ მასალას. ამის შემდეგ იწყება ყველაზე შრომატევადი ეტაპი – თიხა იწმინდება, ირეცხება, იცრება და გადის მრავალეტაპიან ტესტირებას პლასტიკურობაზე, წყლის შთანთქმასა და სხვადასხვა ტემპერატურაზე ქცევაზე. იდეალური მასალის მისაღებად ხშირად სხვადასხვა საბადოს თიხებს ვაკომბინირებ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ეს ეტაპი წარმატებით დასრულდება, ვიწყებ თიხის გამოყენებას ნამუშევრებში. ამასთან, თითოეულ საბადოზე იქმნება დეტალური დოკუმენტაცია, რომელიც მომავალში სხვა კერამიკოსებსაც დაეხმარება.
M: რას გიყვებათ თიხა საქართველოსა და იმ ადგილებზე, საიდანაც მას მოიპოვებთ, რასაც სხვა მასალა ვერ გეტყოდათ?
თიხა კონკრეტულ ადგილთან ყველაზე პირდაპირი კავშირია. ის მილიონობით წლის განმავლობაში ყალიბდება და იმ გარემოს კვალს ინახავს, სადაც წარმოიშვა. თუმცა, კვლევის პროცესში აღმოვაჩინე, რომ ის მხოლოდ გეოლოგიაზე არ მიყვება – მას ადამიანების ისტორიამდეც მივყავარ.
ჯერ კიდევ მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ, სად იყო ძველი საბადო, ვინ და როგორ ამზადებდა კეცებსა თუ ქვევრებს. სამწუხაროდ, ეს ცოდნა ხშირად არსად წერია და მხოლოდ უხუცესების მეხსიერებაშია შემორჩენილი. ვცდილობ, ეს ისტორიებიც შევაგროვო. ქარხნულად დამუშავებული, იმპორტირებული თიხა ასეთ პირდაპირ კავშირს ვერ ქმნის. ქართული თიხა ერთდროულად ბუნებრივი რესურსიცაა და კულტურული მეხსიერების მატარებელიც, ამიტომ მასთან მუშაობისას ვგრძნობ, რომ ვაგრძელებ დიალოგს იმ ადგილთან, საიდანაც ეს მასალა მოვიდა.
M: როდის მიხვდით, რომ ქართული თიხა თქვენთვის ამბის თხრობის საშუალება იყო?
ეს მაშინ მოხდა, როდესაც გავაცნობიერე, რომ კვლევა და შემოქმედება ერთმანეთისგან აღარ იყოფოდა. თავიდან თიხას მხოლოდ ტექნოლოგიური კუთხით ვიკვლევდი, თუმცა დროთა განმავლობაში კვლევის ეტაპებმა ბუნებრივად გადაინაცვლა ჩემს ნამუშევრებში.
თუ ადრე თიხას უბრალოდ იდეის გადმოსაცემად ვიყენებდი, დღეს ხშირად პირიქითაა – თავად თიხა მაძლევს იდეას. კონკრეტული ადგილის მასალა, მისი ფერი და ტექსტურა კარნახობს საბოლოო ნამუშევრის ხასიათს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ქართული თიხა მხოლოდ სამუშაო მასალა აღარ იყო; ის იქცა ენად, რომლითაც შემიძლია ვისაუბრო მეხსიერებაზე, დროსა და გარემოსთან ადამიანის უწყვეტ კავშირზე.
M: როდის იგრძენით, რომ Commonland მხოლოდ სახელოსნო აღარ იყო და უფრო დიდი იდეა გახდა?
თავიდან „Commonland“ ჩემი კვლევის სახელწოდება იყო, რადგან თიხა, საბოლოო ჯამში, ყველასთვის საერთო მიწიდან მოდის. თუმცა, ჩემთვის არასოდეს ყოფილა საინტერესო ცოდნის მხოლოდ საკუთარი თავისთვის შენახვა. ზუსტად ვიცი, რა აკლია დღეს ქართულ კერამიკას და რა ტრადიციებია აღსადგენი.
ამ ფიქრებმა „Commonland“ აქცია იდეად და საერთო სივრცედ. დღეს ის უკვე ფიზიკური ადგილია, სადაც იკვეთება კვლევა, თანამედროვე ხელოვნება და განათლება. მინდა, ეს იყოს სივრცე, სადაც ცოდნა არ ჩერდება, არამედ მუდმივად მოძრაობს, იზრდება და ადამიანებს აკავშირებს.
M: როგორია სტუმრების გამოცდილება თქვენს სივრცეში, რასაც მზა ნივთის შეძენით ვერ გაიგებდა?
ვინც Commonland-ში მოდის, მალევე ხვდება, რომ ეს სტანდარტული გალერეა ან სახელოსნო არ არის. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, სტუმარმა მხოლოდ მზა ობიექტი არ ნახოს. ვცდილობ, მათ მოვუყვე ის გზა, რაც ქართულმა კერამიკამ განვლო, გავუზიარო ჩემი კვლევის დეტალები და ავუხსნა ადგილობრივი მასალის დამუშავების სირთულეები.
როდესაც ადამიანი ამ კონტექსტს იცნობს, კერამიკული ნივთი მისთვის სრულიად სხვა ღირებულებას იძენს. ის აღარ უყურებს მხოლოდ ფორმას – ის ხედავს დროს, შრომასა და ისტორიას, რომელიც მის უკან დგას. ჩემი მთავარი მიზანია, სტუმარმა აქედან ქართული კერამიკის შესახებ ახალი პერსპექტივა და გააზრებული ცოდნა წაიღოს.
M: როგორ მიხვედით აზრამდე, რომ ადგილობრივი ნედლეულით შექმნილი ავთენტური ნივთი თანამედროვე ბიზნესადაც შეიძლება იქცეს?
თავიდან ბიზნესზე საერთოდ არ მიფიქრია. ჩემი მთავარი მიზანი კვლევა და ადგილობრივი ნედლეულით ხარისხიანი კერამიკის შექმნა იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, როდესაც ნივთი ატარებს კონკრეტული ადგილის ისტორიას და ავტორის მრავალწლიან გამოცდილებას, მას თავისი შემფასებელი აუცილებლად უჩნდება.
თანამედროვე სამყაროში ხელოვანს მხოლოდ შემოქმედება აღარ ჰყოფნის – აუცილებელია კომუნიკაციისა და საქმის მართვის უნარებიც. ვფიქრობ, ხელოვნება და ბიზნესი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. პირიქით, თუ ბიზნესი ხელს უწყობს ავტორს, შეინარჩუნოს შემოქმედებითი თავისუფლება და გააგრძელოს კვლევა, ეს ორი სფერო ერთმანეთის საუკეთესო პარტნიორი ხდება.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი




















