წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს, თბილისის კომუნიკაციის სკოლის COMMSCHOOL განვლილ თვეებს შევაჯამებთ. 2022 წლის სიახლეებსა და მიღწევებზე თბილისის კომუნიკაციის სკოლის ოპერაციების ხელმძღვანელი ნინა ქარჩხაძე გვიყვება.
წლის დასასრული ლოგიკური პერიოდია ხოლმე იმისთვის, რომ გასული წელი შევაჯამოთ და მომავალი წელი დავგეგმოთ. სწორედ ამ მარტივი ინსაითიდან წამოვიდა ჩვენი იდეაც და კამპანიის საკომუნიკაციო გზავნილი „მომავალი წლიდან შემეძლება“. ხოლო იმისთვის, რომ მომავალი წლიდან რაღაც შეძლო, პირველ რიგში უნდა აირჩიო, რა გინდა, რომ შეგეძლოს და დაიწყო კიდეც ამისთვის საჭირო რესურსების მოძიება – ამ შემთხვევაში, უნარების შეძენა.
სიმბოლურია ისიც, რომ ამის საილუსტრაციოდ ჩვენი კურსდამთავრებულების რეალური ქეისები გვაქვს გამოყენებული, რომლებმაც მიღებული ცოდნით ეს უნარები უკვე შეიძინეს და აქვთ იმის თავდაჯერებულობა თხრობით წინადადებაში გვითხრან, რა შეეძლებათ მომავალ წელს. გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვისაც, რომ სწორი გადაწყვეტილებებით ციფრული უნარების შეძენა და რეალიზება შესაძლებელია ერთი წლის პერიოდშიც კი.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან ასეულობით სტუდენტმა გააკეთა არჩევანი სასურველ კურსზე, რომლებმაც უკვე იციან, რა შეეძლებათ მომავალი წლიდან.
პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ლაივ-ონლაინ კურსებზე მოთხოვნის შენარჩუნება აღმოჩნდა. მაშინ, როცა ყველაფერი ჩვენ ირგვლივ თითქოს ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, მივხვდით, რომ პანდემიამ საგრძნობლად შეცვალა მომხმარებლების ქცევა – აქამდე თუ online სწავლა არაკომფორტული იყო, დღეს პირიქით – ბევრად მოქნილი და ეფექტურია მათივე შეფასებით, რისი აღმოჩენაც, ჩვენთვისაც სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა.
სიახლეები ჩვენს სასწავლო პროგრამებსაც შეეხო – მთავარი მაინც ახალი მიმართულების დამატება იყო ქომსქულში. მარკეტინგის, დიზაინისა და ტექნოლოგიების გარდა, ახლა უკვე მონაცემების მიმართულებითაც აქტიურად დავიწყეთ პროგრამების შექმნა (Data Analytics, Data Science). კომპლექსურობიდან გამომდინარე, ეს სფერო საკმაოდ დიდხანს იყო ჩვენთვის გამოწვევა, თუმცა იმდენად გულწრფელად გვჯეროდა მისი პერსპექტიულობის, რომ ორმაგი ძალებით ვიყავით შექმნის პროცესში ჩართული. ეს შედეგებზეც აისახა – კურსების ჩაშვებიდან ზუსტად ერთ კვირაში ჯგუფები უკვე შევსებული იყო.
სიახლეა ისიც, რომ ლექტორების გუნდს 19 ახალი პროფესიონალი შეემატა და ახლა უკვე 22 სასწავლო კურსიდან შეუძლიათ მსურველებს შეარჩიონ სასურველი მიმართულება.
ახლა გადავხედე ჩვენი 2020 და 2021 წლის შეჯამებებს მარკეტერზე… ძალიან, ძალიან გავიზარდეთ. გაიზარდა ჩვენი გუნდი, პარტნიორი კომპანიების რაოდენობა, პროექტები, კურსდამთავრებულები… ჩვენი კურსდამთავრებულების რიცხვი უკვე 1000-ს აჭარბებს. წელს ჯგუფში სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა გვყავდა თითოეულ პროგრამაზე და მეტიც – გვიწევდა მათი მომლოდინეთა სიაში ჩასმაც კი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათმა უმრავლესობამ COMMSCHOOL ერთმანეთის რეკომენდაციით აირჩია, რაც ორმაგად სასიხარულო იყო.
ზრდას როდესაც ვახსენებთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ „3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამა“, რომელსაც ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო კომპანიასთან, New Horizon-თან პარტნიორობით ვაკეთებთ. შესაბამისად, გავიზარდეთ არამხოლოდ ჩვენ, არამედ ხელი შევუწყეთ ათასობით IT სპეციალისტის „გაზრდას“ და დღეს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ განვითარებაში ჩვენს წვლილსაც ვხედავთ. პროგრამის მასშტაბმა და ამ საერთაშორისო გამოცდილებამ მოგვცა საშუალება ჩვენი გუნდიც გაზრდილიყო როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მნიშვნელობით. აქედან გამომდინარე, მიღებული გამოცდილებით მომავალი წლიდან შეგვეძლება განვახორციელოთ არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო პროექტებიც.
სასიხარულოა ისიც, რომ წელს რამდენიმე რეგიონალური პროექტიც განვახორციელეთ, რის შედეგადაც კახეთში, გურიასა და აჭარაში 150-მდე სტუდენტმა შეიძინა ციფრული უნარები. რაც მთავარია, COMMSCHOOL წელსაც აქტიურად თანამშრომლობდა არაერთ კომპანიასთან, რომლებმაც საკუთარი თანამშრომლების გადამზადება მოგვანდეს.
დღევანდელი ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია, დღითიდღე უფრო მეტი უცხოური კომპანია შემოდის საქართველოში ან ქართველი პროფესიონალები იწყებენ ფრილანსად მუშაობას უცხოურ ბაზარზე. შესაბამისად, ციფრულ სფეროებში ყოფნა გულისხმობს იყო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე.
ამ მოთხოვნის საპასუხოდ ქვეყანაში სწრაფად უნდა მოხდეს კვალიფიციური კადრების მომზადება, რისთვისაც ხარისხიანი განათლების მიწოდება აუცილებელი წინაპირობაა. სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს როლს – ხარისხიანი, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლებით მოვამზადოთ სტუდენტები რეალური სამუშაო გამოწვევებისთვის.
ამ პროცესში დამოუკიდებლად ორიენტირის აღება არც თუ ისე მარტივია ხოლმე და აქ ვითავსებთ ჩვენც ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას, რომელიც ადამიანებს ეხმარება, ერთი მხრივ, სწორი პროფესიული მიმართულების შერჩევაში, მეორე მხრივ კი, არსებულის განახლებასა და გაუმჯობესებაში.
მიღებული გამოცდილებით მომავალ წელს შეგვეძლება საერთაშორისო ბაზარზე გასვლა. ქრეშ-კურსების მხრივაც არაერთი საინტერესო სიახლე იგეგმება უცხოელ ექსპერტებთან ერთად. ვმუშაობთ ტექნოლოგიების მიმართულებით სპეციფიკური პროგრამების დამატებაზეც. რაც შეეხება უახლოეს მომავალს, უკვე იანვრიდან მიღებას დავიწყებთ სამ ახალ პროგრამაზე – UI Design, Creative Advertising, Node JS და Python