კომუნიკაციების კომისია – ასე შეიცვალა ბრენდის სახელი, რომელსაც 20 წლის განმავლობაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიად ვიცნობდით, თუმცა მასთან ერთად, მთლიანი ორგანიზაციული ცვლილებებიც დღის წესრიგში დადგა და მისი როლის, მისიის, ფილოსოფიის, ფასეულობების სიღრმისეულად გადახედვის შედეგად, შეიცვალა ლოგო, ფერები და ზოგადად, ვიზუალური სტილი.
Facebook-ზე ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნა, განახლდა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდი და ყველა ის არხი, სადაც ორგანიზაცია წარმოდგენილი იყო.
როგორც გავარკვიეთ, ცვლილებების, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, რებრენდინგის მიზეზი, საქმიანობის ნოვატორული ხასიათიდან გამომდინარე, თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა გახდა.
20 წლის წინ, აბსოლუტურად სხვა გამოწვევები და საჭიროებები არსებობდა როგორც მედიაში, ისე სატელეკომუნიკაციო სფეროში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, სწორედ კომუნიკაციების საუკუნეში ვცხოვრობთ, ორგანიზაციის შექმნიდან 20 წლის შემდეგ, კომისია სრულებით სხვა მოცემულობის წინაშე დგას, – განმარტავენ კომუნიკაციების კომისიაში.
სწორედ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ციფრულ სარეკლამო სააგენტო „ლივინგსტონს“ დაუსახეს ამოცანა, კომისიის როლი და მისია ზუსტად ასახულიყო ორგანიზაციის ფილოსოფიასა და ვიზუალურ სტილში და ისინი ერთმანეთთან ჰარმონიულ თანხვედრაში ყოფილიყო.
შედეგად, შეიქმნა განახლებული კომისია – ინოვაციური, გამბედავი, კომპეტენტური ორგანიზაცია, რომელიც დროს უსწრებს, შორს ხედავს და სიახლეების დანერგვას მუდმივად ხელს უწყობს. იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის უზრუნველყოს უფრო ეფექტური, კომფორტული და დროსთან შესაბამისობაში მყოფი კომუნიკაცია.
ორგანიზაციის პოზიციონირება შემდეგნაირად განისაზღვრა: „კომუნიკაციის სფეროს არქიტექტორი“, ანუ მოთამაშე, რომელიც თამაშის წესებსა და მიმართულებას განსაზღვრავს, თუმცა, თავად იშვიათად არის ყურადღების ცენტრში. ის, ვისი არსებობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სფეროს სტაბილურობისა და უწყვეტი განვითარების გარანტს წარმოადგენს.
კომუნიკაციების კომისიის ბრენდზე მუშაობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო და აღმოჩენებით აღსავსე მოგზაურობა იყო. შორიდან, უფრო სტანდარტიზებული, ფორმალური ორგანიზაციის აღქმას ტოვებდა, თუმცა, პირველი შეხების წერტილიდანვე აღმოვაჩინეთ, რომ შიგნიდან ეს ორგანიზაცია უნიკალური და ძალიან საინტერესოა. რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბრენდი შიგნიდან იქმნება, მოხარულები ვართ, რომ კომისიაში ფასეულობებისა და ხედვის ჩამოყალიბების უდიდესი რესურსი დაგვხვდა. სამუშაო პროცესში, ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მივიჩნიეთ ის, რომ კომუნიკაციების კომისია ემსახურება ჯანსაღი კონკურენციის არსებობას ტელეკომ სფეროში, სადაც შესვლის ბარიერები მაღალია და ყოველთვის იცავს მხოლოდ საზოგადოების ინტერესს, – ამბობს ნინო კუპრაშვილი – „ლივინგსტონის“ სტრატეგიული დირექტორი.
თანამედროვეობასთან ფეხის აწყობის გარდა, ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაბალი ცნობადობაც იყო. როგორც „ლივინგსტონის“ კრეატიული სტრატეგი, ელენე დანელია, რებრენდინგის პროცესში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გვიხსნის, საზოგადოება არასდროს დაფიქრებულა კომუნიკაციების კომისიის როლსა და მნიშვნელოვნებაზე და მიუხედავად ამისა, თითოეული ჩვენგანი ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა მოცემულობას – საქართველოში იმავე და ზოგჯერ, უკეთესი ხარისხის საკომუნიკაციო შესაძლებლობების არსებობაზე. ისეთზე, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია, თანაც ხშირად, უფრო დაბალ ფასად.
ამიტომაც, გადაწყდა, რომ ბრენდი უფრო მეტად უნდა დაახლოებოდა იმ საზოგადოებას, რომელსაც ემსახურება. შესაბამისად, უკეთ გააცნობდა საკუთარი საქმიანობის მიზნებს, სპეციფიკას და მათ აუხსიდა, რას და რატომ აკეთებს.
უფრო კონკრეტულად, რა შეიცვალა ბრენდის ღირებულებებში, ფასეულობებსა თუ მისიაში, კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან გვპასუხობენ: ტექნოლოგიურმა განვითარებამ, ბევრ სიკეთესთან ერთად, ახალი გამოწვევებიც გააჩინა. სამყაროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება. ყალბ ახალ ამბებთან გამკლავების ერთადერთი იარაღი კი, მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანიც ინფორმირებული მოქალაქეა. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება თავისუფალი და თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
დღეს, როდესაც იმიტირებული რეალობით, ყალბი ინფორმაციით გამოწვეული საფრთხეები აშკარაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს არა მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე ჰქონდეთ შეუფერხებელი წვდომა, არამედ მათ ციფრულ სამყაროში სწორი ნავიგაციისთვის საჭირო უნარების განვითარებაშიც დავეხმაროთ.
„ტყუილებთან მებრძოლი ორგანიზაცია“ – ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი სტუდენტისგან ასეთი შეფასებაც მივიღეთ.
რომ შევაჯამოთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რებრენდინგის შედეგად, მივიღეთ ორგანიზაცია, რომელიც…
ძალიან მოკლედ და მარტივად რომ გითხრათ, ადრე კომისია მუშაობდა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისთვის, ახლა ვმუშაობთ ადამიანებისთვის. და ამას ხაზს ჩვენი საკომუნიკაციო სტილითაც ვუსვამთ – ტექნოლოგიური, თანამედროვე, ეფექტური ორგანიზაციით, რომელიც მომავალს ქმნის დღეს.
ავტორი: თიკა გეგენავა
Credits:
Client: Communications Commision
Agency: Leavingstone
Strategy Team:
Strategy Director – Nino Kuprashvili
Strategist – Salome Dolidze
Creative Strategist – Elene Danelia
Design Team:
Design Director – Kakha Kakhadze
Designer – Dato Maskhuridze, Dato Dreiling, Mariam Epitashvili
Type Designer – Akaki Razmadze
Account Director – Eko Chubinidze
Account Manager – Khatia Khatiashvili; Marika Khantadze
Digital Team:
Digital Strategist – Elene Danelia
Designer – Elene Apciauri
Junior Designer – Kato Tsiklauri
Copywriter – Sonya Gulagashvili, Tatia Tabatadze
Junior Copyrighter – Giorgi Menabde
Social Media Manager – Nino Bitsadze, Tako Gamkrelidze
WEB TEAM:
Web Team Head – Ilia Chanchaleishvili
Web Project Manager – Sally Janelly
Art Director – Nino Lekveishvili
Designers – Sophie Gogishvili, Irakli Nadirashvili
Web Developers – Tato Tchintcharauli
Tester – Alex Ganja