in

კომუნიკაციის ჰაკათონი, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის გადაწყვეტა – შეჯიბრზე რეგისტრაცია დაიწყო

21-23 დეკემბერს, თბილისში, კომუნიკაციის ჰაკათონი, ანუ კომუნიკათონი გაიმართება. შეჯიბრის  მონაწილეები პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებას ინოვაციური მეთოდებით შეეცდებიან. ღონისძიებას კომპანია ფორსეტი, და ორგანიზაციები Democracy Reporting International (DRI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  მასპინძლობენ.

BOG
BOG

„პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება და ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ დონეზე მიუთითებს. ამ პრობლემის მოგვარება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეიძლება“.

21 დეკემბერი უკიდურესი პოლარიზაციის პრობლემაზე საუბარს დაეთმობა. მენტორები დავალებას კიდევ ერთხელ გააცნობენ მონაწილეებს, ინდივიდუალურ მონაწილეებს კი გუნდის ჩამოყალიბებაში დაეხმარებიან.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები,  მენტორების დახმარებით,  იდეების დახვეწაზე იმუშავებენ. 23 დეკემბერს, დღის ბოლოს, გუნდები პროექტებს წარადგენენ.

სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს, დიზაინერებს, დეველოპერებს, პოლიტიკის ან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს, სტუდენტებს და ნებისმიერ ადამიანს, ვინც პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხითაა დაინტერესებული.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, კომუნიკათონზე მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ინოვაციური იდეები უკიდურესად გახლეჩილი საზოგადოების პრობლემასთან საბრძოლველად.

„მონაწილეები იმუშავებენ გუნდებად და მუშაობის პროცესში მიიღებენ დახმარებას მენტორებისგან. საბოლოოდ, ისინი შექმნიან ციფრულ პროდუქტს (ვებ ან მობილური აპლიკაციას, თამაშს, ქვიზს, ვიდეოს, სხვ.) და სამი საუკეთესო იდეის ავტორი მოიგებს თანხას თავისი პროდუქტის სრულყოფისთვის“.

კომუნიკაციის ჰაკათონის საპრიზო ფონდი 3000 ევროა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს კი, დამატებით, ბერლინში სასწავლო ვიზიტი გადაეცემა.

„აუცილებელია, თითოეულ გუნდში იყოს სხვადასხვა სპეციალობის 3-6 ადამიანი: დიზაინერი, დეველოპერი, პოლიტიკის მეცნიერების და/ან  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჟურნალისტი, მკვლევარი და სხვა“.

კომუნიკათონში მონაწილების მისაღებად საჭიროა წინასაწარი რესგისტრაცია – აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 13 დეკემბერი. ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია Democracy Reporting International Georgia-ს Facebook გვერდზე განთავსდება.

„საქართველო უკიდურესად მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის დონით ხასიათდება. არსებობს სპეციალური ანგარიში, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რატომ არის ეს ცუდი“.

[R]

სავარაუდოდ, „აისი“ „ყაზბეგს“ ყიდულობს

კატრინ დენევი ბრენდ Rojer Vivier-ის რეკლამაში