in

ბუბა რადიანის პროექტმა Communication Arts-ის ჯილდო მოიპოვა ტიპოგრაფიის კატეგორიაში

ქართული ხელწერა დიზაინის სფეროში კიდევ ერთხელ გამოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე. ბუბა რადიანის პროექტმა Communication Arts-ის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა ტიპოგრაფიის კატეგორიაში, სადაც შორთლისთში მოხვედრილ 300 ნამუშევარს შორის გაიმარჯვა. პროექტის დიზაინზე გიორგი კალმახელიძემ იმუშავა, ანიმაციურ მხარეზე კი – გიორგი ჯანანშვილმა. Communication Arts, 1959 წლიდან დღემდე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნებისა და ტიპოგრაფიის სფეროში. ტიპოგრაფიის კატეგორიის გარდა, Communication Arts-ს აქვს სხვა ოთხი ძირითადი მიმართულება – ფოტოგრაფია, დიზაინი, რეკლამა და ინტერაქციული დიზაინი. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს Communication Arts-ის ჟიურის წევრები იყვნენ სფეროს ისეთი ცნობილი პროფესიონალები, როგორებიცაა: Saul Bass, Michael Bierut, Lee Clow, Louise Fili, Milton Glaser, Jeff Goodby, Hal Riney, Sam Scali და Paula Scher. გამარჯვებული პროექტის დეტალებზე ბუბა რადიანი გვესაუბრა.

BOG
BOG

M: რას გამოხატავს ტიპოგრაფიული ნაწილი და როგორ უკავშირდება ის ბრენდის სფეროს – არქიტექტურას და მის ხასიათს?

გამარჯვებული ნამუშევარი არის ვიზუალური იდენტობა, რომელიც არქიტექტურული კომპანია Zear-თვის შევქმენით. კომპანიის ვიზუალური იდენტობა სინათლისა და ფორმის დიალოგს ჰგავს – მკაფიოა, თანამედროვე და დახვეწილი. მისი ფუნდამენტი სიმარტივესა და ინოვაციურ ხედვაშია, რაც კომპანიის არქიტექტურულ პროექტებში სიზუსტისა და შემოქმედებითობის სრულყოფილ ჰარმონიას აერთიანებს.

ლოგოს გეომეტრიული ტიპოგრაფია თითქოს აგებს სივრცეს და ფორმების მონაცვლეობით ქმნის იმ მყარ სტრუქტურას, რომელზეც კომპანიის კონცეფცია დგას. ის ერთდროულად ლაკონური და ექსპრესიულია – სიმეტრიისა და დინამიკის შერწყმა, რომელიც კომპანიის პროფესიონალიზმსა და კონცეპტუალურ სიღრმეს გამოხატავს.

ტიპოგრაფიის ფორმა დინამიური იდენტობის განვრცობის საშუალებას იძლევა, რაც შინაარსობრივად მუდმივ ცვალებად არქიტექტურასთან თანხვედრაში მოდის. შავი და თეთრი ფერების პალიტრა არა მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკის ნაწილია, არამედ სიმბოლოცაა: ეს კონტრასტული გადაწყვეტა ხაზს უსვამს არქიტექტურის მთავარ იდეას – სივრცის ფორმირებას შუქსა და ჩრდილს შორის.

M: როგორი იყო შეფასების კრიტერიუმები და რამ განაპირობა ნამუშევრის გამარჯვება?

ჟიურის წევრები აფასებენ შემდეგი ძირითადი ფაქტორების მიხედვით: კონცეფცია – იდეის ორიგინალურობა და სიძლიერე; შესრულება – შემოქმედებითი ოსტატობა, ტექნიკური უნარები და წარმოების ხარისხი; ესთეტიკური მიმზიდველობა – ვიზუალური ეფექტურობა და დიზაინის სრულყოფილება; კომუნიკაციის ეფექტურობა – რამდენად კარგად გადმოსცემს ნამუშევარი თავის სათქმელს და ინოვაცია – ახალი ან მოულოდნელი კრეატიული მიდგომების გამოყენება.

ამ შემთხვევაში, ჩვენმა ნამუშევარმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმი დააკმაყოფილა. ჯერ შორთლისტში მოხვდა, სადაც დაახლოებით 300-ზე მეტი ნამუშევარი იყო, ხოლო შემდეგ უკვე გაიმარჯვა.

M: თქვენთვის რას ნიშნავს ეს ჯილდო?

Communication Arts-ი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში. აქ გამარჯვება ნიშნავს, რომ ნამუშევარი მოხვდება მსოფლიო დონის პროფესიონალების თვალსაწიერში, რაც ზრდის ცნობადობას და ავტორიტეტს. გარდა ჯილდოსა, გამარჯვებული ნამუშევრები იბეჭდება Communication Arts-ის ჟურნალში და ონლაინ პლატფორმაზე, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დიზაინერი, კრეატიული დირექტორი და კომპანია ეცნობა.

Communication Arts-ის ტიპოგრაფიის კონკურსი არა მხოლოდ პრესტიჟული აღიარებაა, არამედ კარიერული და შემოქმედებითი განვითარების კარია.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა ბიზნესში“ გაიმართება

ნინო ენუქიძემ ჰარვარდში BTU-ს ციფრული და AI წიგნიერების პროექტები წარადგინა