in

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ საკომუნიკაციო სტრატეგიის თაობაზე

ვისაც საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაზე გიმუშავიათ, ან  ეს ტერმინი გაგიგიათ, და ვიცი, რომ ასეთები ბევრნი ხართ და ყველგან ხართ, გეცოდინებათ ამ პროცესის სირთულისა და მნიშვნელობის ამბავიც. თუმცა ეს პოსტი თქვენ არ გეხებათ და უფრო იმ ხალხისთვისაა, ვისაც სმენია ამ დიდებული მოვლენის შესახებ, რასაც საკომუნიკაციო სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შექმნა ჰქვია. ანუ, რომ სმენია და თან თვლის, რომ იცის უკვე ყველაფერი, იმ ხალხისთვის ვწერ. ერთი სიტყვით, გამომყევი, მკითხველო (სულ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება) და ვნახოთ ის 5 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ საკომუნიკაციო სტრატეგიის შესახებ:

#1 თავისით არ იწერება

რაც არ უნდა კარგი კონსულტანტი, ან სააგენტო დაიქირავოთ (თქვენ წარმოიდგინეთ და ასეთებიც არსებობენ), სტრატეგიის ფორმირების პროცესი თავად თქვენს სრულ ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს. სტრატეგია ისევ თქვენი წარმატებისთვის, კონკურენტული პოზიციების გაუმჯობესებისა თუ მომავალში მეტი სარგებლის მიღებისთვის კეთდება. ჰოდა, პირველ რიგში, თქვენ უნდა მოიცალოთ და არ უნდა დაიზაროთ სტრატეგიული დაგეგმვის ღონისძიებებში მონაწილეობა, ინტერვიუების მიცემა, მასალების შემოწმება. მოკლედ, დრო უნდა გამოყოთ და ჩაერთოთ ყველა აქტივობაში. არც თავისით და არც უთქვენოდ სტრატეგიები არ კეთდება. 

#2 ბოლომდე უნდა წაიკითხო

როგორც წესი, საკომუნიკაციო სტრატეგიის დოკუმენტის მოცულობა 10-დან 70 გვერდამდე მერყეობს (ამ შემთხვევაში, მე რაც დამიწერია, იმას ვგულისხმობ). იქ შეგხვდებათ ცხრილებიც, დიაგრამებიც და ბევრი ტექსტიც, რომლის შინაარსი ხანდახან მეორდება კიდეც, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ. დაბრკოლებების მიუხედავად, უნდა შეძლოთ და ბოლომდე წაიკითხოთ დოკუმენტი, გაეცნოთ რეკომენდაციების ნაწილს, შეფასებისა და მონიტორინგის კომპონენტსაც. წლების გამოცდილებამ დაადგინა, რომ სტრატეგია თუ  არ გაქვს წაკითხული და გააზრებული (გააზრება უკეთესი იქნებოდა), მაშინ გაგიჭირდებათ მისი განხორციელება და წარმატების მიღწევაც.

#3 თავისით არ ხორციელდება

ინტერნეტში შეიძლება სხვადასხვა სტატიას წააწყდეთ, საკომუნიკაციო სტრატეგიის გამოყენების საკითხებზე და თქვენც შეიძლება გაგიჩნდეთ ბევრი იდეა  იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოგიტანოთ პიარსტრატეგიამ ის შედეგი, რის გამოც დაიწყეთ ამ დოკუმენტის შექმნაზე მუშაობა. მაგალითად, შეიძლება სტრატეგია მზეზე გადგათ შუადღით და ხშირად დაუსხათ წყალი, ან რაიმე საინტერესო დრესინგით შეკმაზოთ. შეიძლება, შეალოცინოთ, ან ინდაური დაუკლათ მადლიერების დღეზე. მაგრამ წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი მიდგომები არ ამართლებს. საკომუნიკაციო სტრატეგიას და მასზე დაფუძნებულ სამოქმედო გეგმას ცალკე ძალისხმევა სჭირდება, რომ სწორად განხორციელდეს და მიიღოთ ის შედეგი, რაც თავიდანვე ჩაიფიქრეთ. ასე რომ, ნუ დაელოდებით, ასწიეთ თქვენი სხვადასხვა ფორმის ტრაკები და დაიწყეთ იმის განხორციელება, რაც გიწერიათ დოკუმენტში. თქვენგან დაიწყეთ.

#4 ძველდება

ჩემი კომპეტენცია და პროფესიონალიზმი რომ გამოვავლინო და თან, პოტენციური დამკვეთიც მოვხიბლო, შეხვედრებსა თუ მიმოწერაში ხშირად ვიმეორებ ფრაზას ,,სტრატეგია ცოცხალი ორგანიზმია!“. ამით თავსაც ვიზღვევ და  ვცდილობ, ყველას ავუხსნა, რომ სტრატეგია, პირველ რიგში, იარაღია შენს ხელში, რომელსაც საითკენ მიუშვერ, ან როდის გამოჰკრავ ხელს, შენზეა დამოკიდებული. მართალია, საკომუნიკაციო სტრატეგიაში, ძირითადად, წერია და უნდა ეწეროს, რა დროს როგორ უნდა მოიქცე, მაგრამ ჩვენს ცვალებად და დინამიკურ გარემოში (როგორც ექსპერტებს უყვართ ხოლმე თქმა), სამი წლის პერსპექტივით დაგეგმვა ცოტა ძაან უსარგებლო ამბავია. ასე რომ, ღვინის არ იყოს, სტრატეგიებიც ძველდება, თუმცა ღვინისგან განსხვავებით, ძველი სტრატეგია, როგორც წესი, უვარგისია.

#5 შეიძლება შეცვალო

ჰოდა, თუ ძველდება, რა ვუყოთ დაძველებულსა და უვარგის ტრადიციასო, იკითხავს მკითხველი (მაგარი ვარ, უკვე მეორედ გამოვიყენე ეს სიტყვა!!!) და მართალიც იქნება. აქედან გამომდინარეობს მეხუთე რამ, რაც უნდა იცოდეთ სტრატეგიის შესახებ. სტრატეგია არც ნორმატიული აქტია, არც დაფიცება და დაგინება, არც რელიგიური დოგმა, რომ ვერ დაარღვიო და ვერ შეცვალო (თუმცა კანონების და დოგმების დარღვევაც შეიძლება და ტყუილზე დაფიცება-შეწერაც, მაგრამ სხვა შედარება ვერ მოვიფიქრე).  ამიტომ იცოდეთ, რომ პერიოდულად უნდა ჩაიხედოთ თქვენ მიერ მომზადებულ სტრატეგიაში და თუ რამე შესაცვლელია, შეცვალოთ. მერე კიდევ ჩაიხედოთ და ასე შემდეგ. შეიძლება კი არა, საჭიროა კიდეც, რომ შეცვალო, განაახლო და მოარგო მიმდინარე რეალობას!

ავტორი: კახა მაღრაძე

ინსპირაცია: გურამ შეროზია

კურთხევა: ლევან ბეგლარიშვილი

მხარდაჭერა: ქართველი ხალხი

Porsche-ს ვერ დაწერ SHE-ის გარეშე!

თანამედროვე საზოგადოების პრობლემებზე შექმნილი ილუსტრაციები