in

როგორ გავაერთიანოთ ადამიანები საერთო ინტერესების ირგვლივ? – ნინი ზექალაშვილი და მარიამ გაგუა გამოცდილებას გვიზიარებენ

კომუნის მენეჯმენტი (Community Management) ავთენტური აუდიტორიის შექმნას – ადამიანების საერთო ინტერესების, მიზნებისა თუ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებას და მართვას გულისხმობს. სოციალური მედიის მნიშვნელობისა და პოპულარობის გაზრდამ შესაძლებელი გახადა ფართო აუდიტორიის ვირტუალურ სივრცეში შეკრება, სადაც ადამიანებს დიდი ინფორმაციის მარტივად გაზიარების საშუალება ეძლევათ.

კომუნის შექმნა ან მისი წევრობა, შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას დაეხმაროს. მაგალითად, კომპანიებს საკუთარი აუდიტორიის ჩამოყალიბებით, მომხმარებელთან თუ პოტენციურ მყიდველებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის საშუალება ეძლევათ. საერთო პროფესიის, იდეოლოგიისა თუ ინტერესების მქონე ადამიანებს კი, შეუძლიათ პირადი გამოცდილებისა თუ სხვა საჭირო ინფორმაციის გაზიარებით ერთმანეთს დაეხმარონ, იზრუნონ სფეროს პოპულარობის ზრდაზე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ.

თითოეულ ჩვენგანს სასურველი იდეის ირგვლივ ადამიანების გაერთიანება დღესვე შეუძლია დაიწყოს. ამას ნინი ზექალაშვილისა და მარიამ გაგუას მაგალითები გვიდასტურებს. ნინი ზექალაშვილი Facebook ჯგუფ „ფრილანსერის“ დამფუძნებელია, რომელიც ფრილანსინგით დაინტერესებულ ათასობით ადამიანს აერთიანებს. ხოლო მარიამ გაგუამ Fennec Tech Studio შექმნა, რათა საზოგადოება ტექნოლოგიების ირგვლივ შეკრიბოს.

ნინი ზექალაშვილი და მარიამ გაგუა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კომუნის შექმნასა და მის მართვასთან დაკავშირებით გვესაუბრებიან და საჭირო რჩევებს გვიზიარებენ.

M: სხვა საკომუნიკაციო საშუალებებთან შედარებით, რა უპრატესობა აქვს კომუნის შექმნასა და მის მართვას?

მარიამ გაგუა

მარიამ გაგუა: კომუნა საერთო ინტერესების, ღირებულებებისა და მიზნების მქონე ადამიანებს აერთიანებს. როდესაც Fennec Tech Studio შევქმენით, ჩვენი მიზანი ტექნოლოგიურ პროფესიებზე ინფორმაციის მომზადება არ ყოფილა – ინფორმაცია იყო გზა. მიზნად დავისახეთ ტექნოლოგიით დაინტერესებული ადამიანები შეგვეკრიბა, შეგვექმნა უსაფრთხო სივრცე და ამ ადამიანებთან ერთად, ტექნოლოგიური სფერო უფრო პოპულარულად გვექცია. მჯერა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იდეის უკან კომუნა დგას, კომუნიკაცია უფრო ეფექტურია, ვიდრე მის გარეშე. რატომ? –  network effect-ის გამო („ქსელის ეფექტი“ – ეხება ნებისმიერ შემთხვევას, როდესაც პროდუქტის, სერვისის ან პლატფორმის ღირებულება მყიდველების, გამყიდველების ან მომხმარებლების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომლებიც მას იყენებენ).

ნინი ზექალაშვილი:. კომუნის შექმნა სოციალიზაციის კარგი საშუალებაა – ადამიანებთან უფრო სწრაფი, პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობას ქმნის. ჯგუფის მართვა პატარა ორგანიზაციის მართვასთან ასოცირდება. ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო, თუმცა ამავე დროს, ღირებული პროცესია. გზრდის როგორც პიროვნებას, იცნობ ადამიანებს, ეხმარები მათ და ხშირად, ისინი უფრო მეტად გეხმარებიან.

M: რა მიდგომებს იყენებ კომუნის გასაზრდელად და მისი აქტივობის ხელშესაწყობად?

მარიამ გაგუა: ვცდილობ, ხელი ტექნოლოგიური კომუნის პულსზე მედოს. განვსაზღვრო, რა არის ტრენდული და კონტენტი შესაბამის თემებზე შევქმნა. კონტენტი დისკუსიას იწვევს, აგენერირებს ახალ იდეებს და სფეროს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ჩვენი არხის ორგანული ზრდაც ამაზე მეტყველებს – საზოგადოებას რელევანტურ ინფორმაციას, მარტივი ფორმით რომ არ ვაწვდიდეთ, არა მგონია, ვიდეოები ჩვენი სამეგობროს გარეთ ენახა ვინმეს.

ნინი ზექალაშვილი

ნინი ზექალაშვილი: თავდაპირველად, აქტიურად მოვუწოდებდი ჯგუფის წევრებს, რომ დაემატებინათ თავისი მეგობრები, ვწერდი პოსტებს LinkedIn-ზე, სადაც ხალხს ვაცნობდი, თუ რა იდეით შეიქმნა „ფრილანსერი“. სფეროს პოპულარიზაციის გასაზრდელად ტელევიზიასა და ონლაინ მედიაში რამდენიმე ინტერვიუც ჩაიწერა. პანდემიამ ამ პროცესს ხელი შეუწყო. ძირითადად, ყველაფერი word of mouth-ით (ადამიანების პირადი საუბრებით) გავრცელდა. ახლა ტელეკომპანია ფორმულაზე, დილის გადაცემაში საკუთარი  რუბრიკა მაქვს, რომელიც ყოველ ორშაბათს, 9:30-ზე გადის. ეს საავტორო პროექტი დამეხმარა ფრილანსინგზე, როგორც 21-ე საუკუნის ტრენდზე, ინფორმაცია ციფრულთან ერთად, ტრადიციული მედიითაც გამევრცელებინა.

M: რა როლი შეიძლება შეასრულოს კომუნის შექმნამ კონკრეტულ სფეროში?

ნინი ზექალაშვილი: პირველ რიგში, გაძლიერების. კონკრეტულ სფეროში, სადაც ჯგუფს უკავშირდები, სიახლეებს იგებ, ახალ ნაცნობებს, ხშირად ოჯახს ან/და სამსახურს იძენ. ხარ დაკავებული იმით, რაც შენს ყოველდღიურობას უკეთესობისკენ ცვლის. მსოფლიო ისედაც სწრაფად იცვლება და ყოველი დღე ინფორმაციითა სავსე. ჯგუფებში ყველაფერი  სწრაფად და მარტივად ვრცელდება, რადგან ყველა ჩართულია და დაინტერესებულია რაიმე ღირებული გააკეთოს – დაეხმაროს სხვას, რადგან ის სხვები მასაც ეხმარებიან. ესაა ჩემი ინტერესიც – თითოეულმა ჩვენგანმა მეტი იცოდეს იმაზე, რაც აინტერესებს.

მარიამ გაგუა: კომუნის შექმნა საუკეთესო საშუალებაა სფეროს პოპულარიზაციისა და მისი წარმომადგენელი ადამიანების განსავითარებლად. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ სფეროს უკან ძლიერი და საინტერესო კომუნა დგას, იცის, რომ მასთან შეერთებისას, ისიც ამ კომუნის წევრი გახდება. ბევრი სტუდენტისგან მომისმენია, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაბარება „ტექ ადამიანების“ წრეში შესვლის სურვილით გადაწყვიტა.

M: უნდა იზრუნონ თუ არა კომპანიებმა თავიანთი კომუნის ჩამოყალიბებასა და მართვაზე?

მარიამ გაგუა: კომუნის ჩამოყალიბებამდე რესურსს, ალბათ, ღირებულებებისა და მიზნების დასახვაზე დავხარჯავდი. თუ კომპანიას არ აქვს მკაფიო ღირებულებები, რთულია, მის მიერ შექმნილი კომუნის წევრობა მოგინდეს. როდესაც არსებობს ღირებულებები, ჩნდება ხალხი, ვინც მას გაიზიარებს. ჩვენ გვჯერა, რომ ტექნოლოგიური პროფესიები ყველასთვისაა, ამდენად, ჩვენი კარი ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა. გვჯერა, რომ განათლების დემოკრატიზაციით, ქვეყნის განვითარებას ხელს შევუწყობთ – ამ იდეას ჩვენი კომუნის ყველა წევრი იზიარებს. ასე, მიზნების მიღწევა ბევრად მარტივია.

ნინი ზექალაშვილი: რთული შეკითხვაა. რეალურად, თუ ჯგუფი თანამშრომლებს შორის შიდა მოხმარებაზეა გათვლილი, ალბათ, კი. ასეთ ჯგუფში მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე, სასარგებლო ინფორმაციებზე ან გასართობ კონტენტზე მოხდებოდა ფოკუსირება. რაც შეეხება მომხმარებლებთან კომუნიკაციას, ალბათ, ბრენდს გააჩნია, რადგან მარკეტინგულად კარგი გათვლაა, ნებისმიერ სოციალურ ქსელში თუ ვებგვერდზე აქტიური, მაღალი ჩართულობის ცოცხალი ორგანიზმის მართვა.

M: რას ურჩევდი კომუნის მენეჯერებსა და კომპანიებს კომუნის ეფექტური მართვისთვის?

ნინი ზექალაშვილი: ვურჩევდი, თუ რაიმე განსხვავებულის შექმნა სურთ, მაქსიმალურად ჩაერთონ პროცესში და აქცენტი ხარისხზე გააკეთონ. ჩემს გამოცდილებასა და მართვის პრინციპს მოგახსენებთ, რაც ვფიქრობ, უფრო მკაფიო მაგალითი იქნება. ჯგუფის წევრებს ყოველდღიურად არ ვამატებ, აუცილებლად ველოდები გარკვეული რაოდენობის მოგროვებას, რადგან ასე, ტრენდს უფრო ნათლად აღვიქვამ. 

აუცილებლად ვფილტრავ ჯგუფის წევრებს – ვამატებ მხოლოდ შესაბამის ხალხს იმ კრიტერიუმებით, რომელიც თავად დავადგინე, რაც ასაკს, დემოგრაფიას და დასაქმების ან სასწავლო არეალს მოიცავს. 

ჯგუფში მსურველთა 30% ვერ ხვდება, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც გაწევრიანებას ბოტები ცდილობენ. ასევე, უამრავი ადამიანი ხელს შემთხვევით აჭერს დამატების მოთხოვნას ან სხვის მიერ შემთხვევითაა მოწვეული. თითოეულ წევრს, სათითაოდ ვამოწმებ და ასე ვრწმუნდები, რომ ხალხი რელევანტურია და აუდიტორია ჩართული იქნება, რათა თითოეული განცხადება ბევრ ადამიანს მისწვდეს და გამოხმაურება ჰქონდეს. 

არც ყველა პოსტი და ვაკანსია დასტურდება, რადგან ჯგუფი მხოლოდ ფრილანსერებზეა ორიენტირებული ან ადამიანებზე, რომლებიც ტექნოლოგიური მიმართულებით სამსახურს ეძებენ. რა თქმა უნდა, კონტროლდება რეკლამებიც. ბევრი დეტალია, დიდი დრო სჭირდება და ის არ უნდა გენანებოდეს.

მარიამ გაგუა: იყავით ავთენტურები – თუ შენ არ გჯერა შენი იდეის, ვერც სხვა დაიჯერებს. მიეცით კომუნას საშუალება თავად  წაიყვანოს დისკუსია, გააჟღეროს იდეები, აირჩიოს განვითარების მიმართულება. ჩვენ თემისა თუ ფორმატის არჩევის დროს, სწორედ ამ მიდგომას ვიყენებთ. ყოველთვის ვკითხულობთ კომენტარებს და ველაპარაკებით ჩვენი კომუნის წევრებს, რაც პროცესს გაცილებით სასიამოვნოს ხდის – თავს მარტო არ ვგრძნობთ. ვიცით, რომ Fennec-ის 10 000 წევრიანი არმია გვერდით გვიდგას.

 


ავტორი: სოლომონ დევსურაშვილი

გარდაცვალებიდან რამდენ ხანში კვდება ადამიანის ტვინი?

„სუფთა სახლი” უკვე სახლში მოგიტანთ!