in

როგორ უზრუნველვყოთ კომპანიის სტრატეგიული მოქნილობა?

2020 წლის დასაწყისში, Airbnb-მ წლის შემაჯამებელი ბანერი გამოაქვეყნა – ჯავშნები იზრდებოდა, სულ უფრო მეტი ადგილი ხდებოდა პოპულარული და წესით, იმ წელს მოგზაურობის ბუმი უნდა ყოფილიყო. პანდემიას, სულ მალე, $1 მილიარდის ჯავშნების გაუქმება მოყვა, უვადოდ გადაიდო სამოგზაურო გეგმები, მნიშვნელოვნად შემცირდა სამუშაო ძალა… თუმცა, წლის ბოლოს, კომპანიის შემოსავალი კვლავ გაიზარდა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქეისად დასახელდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

აქვე, მეორე მაგალითიც: California Pizza Kitchen (CPK) მისი ინოვაციური შემოთავაზებებითაა ცნობილი. ეს იყო ერთ-ერთი პირველი პიცერია, რომელმაც უგლუტენო სნექი და „სახლში გამოსაცხობი პიცის“ სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. კოვიდის კრიზისის დროს, კომპანია სწრაფად გადავიდა ონლაინ მიწოდებაზე და მიუხედავად გრძელვადიანი მოქნილი ხედვისა, კომპანიამ 2020 წლის ივლისში გაკოტრებისგან დაცვა სთხოვა სახელმწიფოს.

როგორ შეძლო ერთმა წინსვლა და რატომ გაუჭირდა იგივე მეორეს?

Airbnb და სხვა კომპანიები, რომლებმაც წარმატებით მართეს კრიზისი, შეძლეს არსებული სტრატეგიული გეგმისგან გადახვევა და ცვალებად გარემოებასთან ადაპტირება. მათ შეძლეს ყველაზე მძიმე დარტყმების გადაგორება, გამოიჩინეს სიმტკიცე და გამონახეს ძალა წინსვლისთვის.

როგორც კი ცნობილი გახდა მოგზაურობის შეზღუდვების შესახებ, Airbnb-მ მაშინვე მიიღო ზომები, დრამატული შედეგების თავიდან ასარიდებლად. მან შეიმუშავა უსაფრთხოების მტკიცე პროტოკოლები და შეამსუბუქა დაჯავშნის პირობები. ბუნებრივია, პანდემიის მძიმე დარტყმა კომპანიაზე აისახა, ამიტომ Airbnb-მ მოიზიდა კაპიტალი, რათა შრომისუნარიანობა გაეძლიერებინა. ბიზნესის დასტაბილურებამდე, კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი მიმართულებების ათვისება, რაც იქამდე ნაკლებად იყო მისი ყურადღების ცენტრში. წინ წამოწია „კარანტინული“ დასვენების პირობები და ისეთი პირობები, რაც სახლში მყოფი ადამიანისთვის იქნებოდა კომფორტული, მაგალითად, ინტერნეტის სიჩქარე.

CPK-მ, პირიქით, ვერ შეძლო მისი ძირითადი ბიზნესის ვარდნის შეჩერება. ამას დაემატა გასულ წლებში, არასწორი მენეჯმენტის გამო დაგროვილი მაღალი სასესხო ვალდებულება, რამაც დამატებითი კაპიტალის მოძიება გაართულა. ფილიალები ან დაკეტილი იყო ან შეზღუდულად მუშაობდა. 2020 წლის ბოლოსთვის ის მევალეების მფლობელობაში აღმოჩნდა, რომლებმაც სესხის თანხა აქციებში გადაცვალეს. ამ დროისთვის, კომპანია ფეხზე წამოდგომას ცდილობს, ფრანჩაიზის გაძლიერებითა და მარკეტინგსა და ციფრულ არხებში ინვესტირებით.

სტრატეგიული მოქნილობა არის უნარი გააუმჯობესო პროდუქტიულობა, არამხოლოდ გადარჩე, არამედ განვითარდე კრიზისის პირობებში. ამისათვის საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება.

სიჩქარე და მოქნილობა

გვერდითა დარტყმების აცილება დაკავშირებულია რისკების გაცნობიერებასთან, სწორ პოზიციონირებასთან და სწრაფ მოძრაობასთან. შესაძლებლობები სწრაფად მოდის და მიდის, კრიზისის დროს, ამდენად, ორგანიზაციას სწრაფი რეაგირება სჭირდება, თუნდაც, ხარისხის ხარჯზე.

მოქნილობა გეგმაზე მეტია

სტრატეგიას, ბიზნესის სკოლებში, ასწავლიან როგორც არჩევანის კასკადს, სად და როგორ იმოქმედო, მოსაგებად. ეს გადაწყვეტილებები ჩანერგილია სტრატეგიულ გეგმებში და თვეების განმავლობაში მუშავდება. შემდეგ კი, მომავალი წლების განმავლობაში, სრულდება. თუმცა, კრიზისი და სტრატეგიული გეგმა ვერ მეგობრობენ და ეს უკანასკნელი შესაძლოა, ორგანიზაციისთვის შემაფერხებელ ღუზად იქცეს.

დივერსიფიკაცია ოპტიმიზაციის წინააღმდეგ

პანდემიის დროს, ბევრი ორგანიზაცია იბრძოდა გადარჩენისთვის და დამარცხდა. არა იმიტომ, თითქოს ინოვაციურობა აკლდათ, არამედ იმიტომ, რომ ერთმა დამანგრეველმა დატყმამ გაასწორა მიწასთან. ხშირ შემთხვევაში, ამის მიზეზი ან დივერსიფიკაციის ნაკლებობა იყო ან ოპტიმიზაციაზე მეტისმეტი ძალისხმევა.

დივერსიფიკაციის პრინციპები, ბოლო დროს, არაპოპულარული გახდა. დივერსიფიცირებული ორგანიზაციის აქციების ფასი შედარებით დაბალია და ინვესტორებიც ამას სისუსტედ თვლიან. თუმცა, ეს ორი ფაქტორი შესაძლოა, დაცვის მექანიზმიც კი იყოს. ერთი მიმართულების სატკივარი მეორეს გაძლიერებას შეიძლება ემსახურებოდეს. პანდემიის დროს, როდესაც პირადი ჰიგიენის ბრენდის P&G გაყიდვები დაეცა, კომპანიამ შემოსავლების ზრდა სადეზინფექციო და უსაფრთხოების საშუალებებით შეძლო.

უფლებამოსილების გაძლიერება, იერარქიის წინააღმდეგ

სისტემა იმდენად ძლიერია, რამდენადაც ძლიერია მისი ყველაზე სუსტი რგოლი. იერარქია ყველაზე მოწყვლადი სწორედ ზევიდანაა. ამიტომ, გუნდის გაძლიერება სიმყარეს შეგმატებთ. დეცენტრალიზაცია კრიზისის მიმართ მედეგობას ზრდის. მთავარია, შეინარჩუნოთ ღია და ინფორმაციის ნაკადის რეგულარულობა, რათა ყველა ერთ ტალღაზე იყოს.

ისწავლეთ პრობლემისგან და შეეშვით სხვების დადანაშაულებას

ორგანიზაციული კულტურა, რომელიც მარცხისთვის მზადყოფნაშია, ბევრად სწრაფად ვითარდება. თუკი ადამიანებს მარცხის გამო აკრიტიკებენ, ისინი ნაკლებად წავლენ რისკზე, რაც კრიზისის პერიოდში დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს.

Evalueserve საშუალო ზომის საერთაშორისო IT კომპანიაა, რომელსაც ინდოეთში აქვს ოფისები. როდესაც ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნი გამოცხადდა, კომპანია იძულებული გახდა 3000-ვე თანამშრომელი დისტანციურ მუშაობაზე გადაეყვანა. ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად გაზარდა გუნდის დემოტივირების რისკი, რადგან სახლიდან მუშაობა მეტწილად სტრესთან იყო დაკავშირებული. ამ გამოწვევის საპასუხოდ, კომპანიამ რამდენიმე ცვლილება შეიტანა კორპორაციულ გარემოში და „უდანაშაულობის“ დანერგვას შეუდგა. დაამატა ინიციატივები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, რაც თანამშრომლების მოტივირებას ისახავდა მიზნად. ასევე, თანამშრომლები ადაპტირების დასწავლისთვის წაახალისა. საბოლოო ჯამში, კომპანია მხოლოდ თანამშრომელთა და მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილმა დატოვა.

 

წყარო: HBR



მეიჯერელ საქართველო 5 წლისაა

ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში მიმდინარე წლის დეკემბერში გაეშვება!