in

როგორ ვმართოთ კრიზისი კომპანიაში?!

როდის დგება კრიზისი კომპანიაში და შეიძლება თუ არა მისი პრევენცია, ან რა უნდა გააკეთონ კომპანიებმა პრობლემის გადასაჭრელად?! „მოდით შევთანხმდეთ, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ, მგონია, რომ მათ შორის საუკეთესო ისაა, ვინც ზუსტად იცის, როგორ დაძლიოს სირთულეები. და როცა უარესი ხდება, ანუ ერთ შეცდომას კომპანია კრიზისამდე მიჰყავს,„ყოვლისშემძლეობა“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, – წერს ქოუჩი და მწერალი Dixie Gillaspie.

ბოლო პერიოდში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს თუ გავიხსენებთ, საუბარია Air flight 1380-ის ავარიული დაშვებასა და „სტარბაქსში“ მომხდარ ფაქტზე, ფილადელფია ნამდვილად იქცა კომპანიებისთვის კრიზისების ეპიცენტრად.

„მგონია, რომ ჯონ კენედი შეცდა, როცა თქვა, ჩინურ ენაში „კრიზისი“ ორი სიმბოლოთი იწერება – პირველი საფრთხეს გამოხატავს, მეორე კი – შესაძლებლობასო. რეალურად, მათ სულ სხვა მნიშვნელობა აქვთ, მაგრამ ის კი სიმართლეა, რომ კრიზისი ორივეს მოიცავს – საფრთხესაც და შესაძლებლობასაც. ზოგჯერ ეს საფრთხე სიკვდილია, ზოგჯერ – სიცოცხლე, ან მოგება. არასწორია მიდგომა, რომ საკითხის ცოდნა თუ კომპანიის პოლიტიკა, კრიზისის დროს, დანაკარგს შეამცირებს ან მის პრევენციაზე იმუშავებს. ბუნებრივია, გარკვეული პოლიტიკა, ცოდნა და გამოცდილება აუცილებელია, მაგრამ კომპანიას, კრიზისის ეფექტურად სამართავად, ბიზნეს კულტურა სჭირდება.

სტარბაქსის“ ინციდენტი რომ მოხდა (ერთ-ერთმა თანამშრომელმა ორ ახალგაზრდას მოუწოდა გარეთ დალოდებოდნენ მეგობარს, ან რაიმე შეეკვეთათ, რადგან კაფე მხოლოდ კლიენტებისათვის იყო ღია. საბოლოოდ, პოლიცია გამოიძახა და ისე დაატოვებინა მათ რესტორანი), კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ შულცმა თანამშრომელი დაადანაშაულა: „მრცხვენია ამ ყველაფრის, ეს არ არის „სტარბაქსი“ და არაფერი აქვს საერთო ჩვენს ღირებულებებთან“.

ბრენდისთვის ეს ნამდვილად იყო კრიზისი. ამ დროს მთავარია, კომპანიამ გამოავლინოს კულტურა, როგორ აღიქვამს და რეაგირებს სირთულეებზე. მსგავსი დეტალებით ექმნება საზოგადოებას მასზე დადებითი ან უარყოფითი წარმოდგენა, განწყობა.

ჩემი აზრით, კომპანიის კულტურა არის ნებისმიერი ჯგუფის ან ორგანიზაციის საერთო აზროვნება. ზუსტად ამას მოაქვს შედეგი და არა კონკრეტულ ცოდნას ან პოლიტიკას. ეს თვალშისაცემია განსაკუთრებით კრიზისი დროს, რადგან, რთულ სიტუაციაში, ჩვენი ტვინი უბრუნდება ყველაზე ძველ, ფესვგადგმულ კოდს, რომელიც, ფონურ რეჟიმში, მუდმივად მუშაობს.

შესაძლოა, „სტარბაქსის“ კულტურა ეფუძნებოდეს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, ამას იზიარებდეს ხელმძღვანელობაც და რეალურად გმობდეს მომხდარს, მაგრამ ფაქტია, ეს ყველაფერი აზროვნების დონეზე არ არის დასული, რასაც, სამწუხაროდ,  ვერ შეცვლის 175,000 თანამშრომლისთვის ჩატარებული ერთდღიანი ტრეინინგი. მგონია, რომ, პირველ რიგში, საჭიროა მათი გონებრივი და ემოციური მომზადება, შემდეგ – კორპორატიული ხელმძღვანელების თანმიმდევრული ქმედებები.

მაგრამ რამ იმუშავა Tammie Jo Shults-ის შემთხვევაში, რომელმაც მოახერხა და კომპანია Southwest-ის ძრავა დაზიანებული თვითმფრინავი დასვა? ორი აზრი არ არსებობს, რომ მას უამრავი ტრეინინგი და სერიოზული მომზადება ჰქონდა გავლილი. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არავინ ანდობდა თვითმფრინავის საჭეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი აზროვნებამ ითამაშა.

უფრო მეტსაც გეტყვით, მხოლოდ სწავლა და წვრთნა ვერ მისცემს მფრინავს „ფოლადის ნერვებს”, ან „სიმშვიდის შენარჩუნების უნარს”, რომელიც ამ ქალმა ნამდვილად გამოავლინა, როცა სიკვდილს თვალებში უყურებდა. მხოლოდ პოლიტიკა ვერ იქნება ის, რომ, ასეთი დაჯდომის შემდეგ, თვითმფრინავის სალონში შევიდა და თითოეული მგზავრის ჯანრთელობის მდგომარეობას კითხულობდა. ეს იყო მისი აზროვნება, რომელიც, აშკარად, ემთხვევა ბრენდის (Southwest) კულტურას.

დასკვნის სახით შემიძლია გითხრათ, თუ წარმატებული კომპანია გაქვთ, გახსოვდეთ, ადრე თუ გვიან, კრიზისი აუცილებლად დადგება. ეს გარდაუვალია. მაგრამ რას გააკეთებთ ამ დროს, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ბიზნეს კულტურაზე. შესაბამისი იქნება შედეგიც.

წყარო: Entrepreneur.com



ნინო ზაუტაშვილი – #პირველისამსახური

როგორ მოვაგვაროთ რთული საკითხები მარტივად?