14
Nov
2019

“2018 წელს მუშაობა 3 თანამშრომლით დავიწყეთ და წელი 1000 თანამშრომლით დავხურეთ” – Evolution Gaming

14 Nov 2019

ევოლუშენ გეიმინგი – კომპანია, რომელიც დასაქმების მაძიებელს უნიკალურ შანსს სთავაზობს, ბაზარზე განსხვავებული კამპანიითა და კონცეფციით გამოჩნდა. ევოლუშენ გეიმინგმა, რომელიც ამ ეტაპზე 2500-ზე მეტ ახალგაზრდას ასაქმებს და გამორჩეულ სამუშაო პირობებს სთავაზობს, გადაწყვიტა ბაზარზე თავი როგორც საუკეთესო დამსაქმებელმა დაიმკვიდროს და ამისათვის სრულიად შეულამაზებელი, უფილტრო რეალობა აჩვენოს საზოგადოებას.

კამპანიის “დაიწყე აქ” თაგლაინით #EVOnofilter მიზანია დადგმული კადრების, დაქირავებული მოდელებისა და ყველანაირი შელამაზების გარეშე აჩვენოს პოტენციურ თანამშრომლებს ის გარემო, რომელშიც ადამიანებს საქმისადმი დამოკიდებულების გამო, ყოველგვარი გამოცდილების გარეშე იყვნანენ.

კამპანიას მარკეტერის მკითხველი კარგად იცნობს, ამჯერად კი კომპანიის შესახებ, სამომავლო გეგმებსა და მთავარ მიზნებზე ქეთი გოლიაძე (ბრენდინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი); ნატო გვაზავა (ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი) და ნინო ნოდია (სწავლებისა და  განვითარების მენეჯერი) მოგვიყვებიან.

M: რა სერვისებს ქმნის ევოლუშენ გეიმინგი და ვისთვის?

ქეთი გოლიაძე: ,,Evolution Gaming” შვედური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 14 ქვეყნის მასშტაბით, B2B კლიენტებს Live გადაწყვეტილებებსა და პროდუქტებს სთავაზობს. ინოვაციური მიდგომების, პროგრამული თუ ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის, გამორჩეული პერსონალისა და მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების საშუალებით, კომპანია მუდმივად მუშაობს არამხოლოდ უშუალო პარტნიორებისათვის, არამედ მათი მომხმარებლებისთვის საუკეთესო და უნიკალური მომსახურების გასაწევად. Evolution Gaming-ის სერვისის პირველადი მომხმარებლები არიან ჩვენი პარტნიორები – კომპანიები, რომელთა საქმიანობის უშუალო პროვაიდერები ვართ. ამასთან, ვართ ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე, რომელიც ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება, აძლევს საშუალებას, გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯი.

M: საქართველოში, წელიწადნახევარია, რაც მუშაობთ. როგორია ზრდის დინამიკა ამ დროის განმავლობაში?

ნატო გვაზავა: 2018 წლის დასაწყისში ევოლუშენმა საქართველოში 3 თანამშრომლით დაიწყო მუშაობა. ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ წელიწადი 1000 თანამშრომლით დავხურეთ. კომპანიის ზრდის ტემპი და მასშტაბი უპრეცედენტოა, ვფიქრობ, არა მარტო საქართველოს რეალობისთვის, არამედ, ბევრი ევროპული ცნობილი კომპანიისთვისაც. ჩვენი თანამშრომლების რიცხვი ყოველწლიურად მინიმუმ 100%-ით იზრდება და მალე ევოლუშენ ჯორჯიაში დასაქმებულების რაოდენობა 2500-ს გადააჭარბებს. საქართველოში კომპანია 2020 წელსაც გააგრძელებს ზრდას და დარწმუნებული ვართ, ჩვენს სიტყვას ვიტყვით ქვეყანაში, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე, მათი პროფესიული განვითარების კუთხითაც.

M: თქვენი თქმით, თანამშრომლების დასაქმებისას, აუცილებლობად არ მიიჩნევთ სამუშაო გამოცდილების ქონას. რა არის ამის მიზეზი და ასევე, რა საერთო კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს? 

ნატო გვაზავა: ჩვენთან თითოეული როლისთვის კარგად არის გაანალიზებული და დადგენილი ის ცოდნა და უნარები, რაც ამა თუ იმ ფუნქციის წარმატებით შესასრულებლად აუცილებელია. დამწყებ პოზიციებზე დასაქმებისას სამუშაო გამოცდილებას ნამდვილად არ ვითხოვთ. ყველაფერს, რაც ჩვენს თანამშრომლებს საქმის გასაკეთებლად დასჭირდებათ, აქვე, ევოლუშენის აკადემიაში ვასწავლით. აღნიშნულით ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვაძლევთ პირველი სამუშაო გამოცდილების მიღებისა და პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას.

შერჩევისას ძირითადი კრიტერიუმებია ინგლისური ან სხვა მოთხოვნილი უცხო ენის ცოდნა, მუშაობის სურვილი და დადებითი განწყობა. ევოლუშენში ყველაფერი გუნდურ მუშაობაზე და შრომისმოყვარეობაზეა აგებული. თუ ადამიანს ეს თვისებები გააჩნია და საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენაც იცის, მისთვის, როგორც ჩვენთან მუშაობის დაწყება, შემდგომი კარიერული ზრდაც მარტივი და ხელმისაწვდომია.

M: როგორია თქვენი მიდგომა თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხით

ნატო გვაზავა: ჩვენს კომპანიაში თანამშრომლები წარმოადგენენ კომპანიისთვის უმნიშვნელოვანეს რგოლს. მათზე ზრუნვა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. დასაქმებულებს უზრუნველვყოფთ კარგი სადაზღვევო პოლისით, აქცენტს ვაკეთებთ მათთვის სასიამოვნო სამუშაო და დასასვენებელი სივრცის შექმნაზე, ასევე მათ პროფესიულ განვითარებაზე.

წელიწადში რამდენჯერმე თანამშრომლებისთვის იგეგმება თემატური კორპორაციული წვეულება, სხვადასხვა სპორტული აქტივობა, საჯარო ლექცია, თამაშობები. ჩვენი თანამშრომლები სხვადასხვა ბენეფიტით სარგებლობენ, მათ შორისაა პრივილეგიის ბარათი, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრ ობიექტზე განსაკუთრებული ფასდაკლება აქვთ. ჩვენი კომპანია თანამშრომლებს სპორტულ დარბაზსა და პერსონალური ტრენერის აბსოლუტურად უფასო მომსახურებასაც სთავაზობს. ასევე, ოფისში შეხვდებით ისეთ კუთხეებს, რომელიც ტრადიციულად სამსახურში არ გვხვდება – მოსასვენებელი ოთახი, რომელიც ევოლუშენის ძალიან აქტიური ტემპიდან გამომდინარე, თანამშრომლების პროდუქტიულობასთან პირდაპირაა დაკავშირებული, განახლებული სასადილო სივრცე, რომელიც პერსონალის მოთხოვნებისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით გაკეთდა – ეს ის ადგილია, სადაც შესვენების გატარება ყველა თანამშრომელს ძალიან სასიამოვნო გარემოში შეუძლია. აქვე გვაქვს მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი და სხვა.

რეგულარულად ტარდება გამოკითხვა თანამშრომლების კმაყოფილების და მათთვის აქტუალური საკითხების დადგენის მიზნით, რასაც მენეჯმენტის მხრიდან ყოველთვის მოყვება სათანადო ანალიზი და რეაგირება. ჩვენმა თანამშრომლებმა იციან, რომ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ აზრი გამოთქვან, კითხვა დასვან და პასუხს მიიღებენ.

M: რა განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობთ მათ ?

ნინო ნოდია: ევოლუშენ გეიმინგი ერთერთი დინამიური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად კომპანიის განვითარების სისტემა ყველა მნიშვნელოვან ინსტრუმენტს იყენებს, რაც თანამშრომლების კორპორატიულ კულტურასთან ადაპტაციას, პროფესიული ცოდნის თუ უნარების გაუმჯობესებას, დაწინაურებას და საბოლოო ჯამში, კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

ჩვენთან ძალიან საინტერესო ფუნქცია არსებობს, ‘მენტორი’, რომელიც ახალი თანამშრომლების გამოცდილი მეგობარია: სტუდიაში მუშაობის ყველა დეტალი კარგად იცის, ცოდნის გასაზიარებლადაც მუდამ მზად არის და ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელ უნარებსაც ყურადღებით აკვირდება, რომ ჩვენს ახალ თანამშრომელს დროულად დაეხმაროს. მენტორის ფუნქცია იმით არის საინტერესო, რომ გაზიარების, მხარდაჭერის, ტრეინინგის უნარების გაუმჯობესების უნიკალური საშუალებაა, რასაც კომპანია გამორჩეულად აფასებს თანამშრომელში.

ევოლუშენში 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, თანამშრომლებს საშუალება აქვთ თავიანთი შესაძლებლობები ახალ, მათთვის საინტერესო პოზიციაზე გამოცადონ, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე. სპეციალური, ევოლუშენის ღირებულებებზე მორგებული ადამიანების მართვის კურსით, ახლად დაწინაურებელ ლიდერებს ვეხმარებით ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, როგორიც დროის მენეჯმენტი, პრობლემის გადაჭრა, შესრულებული სამუშაოს სწორი შეფასება, უკუკავშირის მიწოდება და მოტივაციაზე ზრუნვაა.

ჩვენი კომპანიის თანამშრომლებისათვის ერთ-ერთი საინტერესო შესაძლებლობაა „გაცვლითი პროექტი“, რომლის ფარგლებშიც ევოლუშენერებს შანსი აქვთ რამდენიმე თვით ევოლუშენ გეიმინგის რომელიმე სხვა ქვეყნის სტუდიაში მიიღონ გამოცდილება და დაბრუნების შემდეგ, გუნდის დანარჩენ წევრებს აქტიურად გაუზიარონ დაგროვილი შთაბეჭდილებები, სტუდიის სპეციფიკა თუ კონკრეტული ქვეყნის კულტურული თავისებურებები.

ევოლუშენში „გაზიარების კლუბი“ არანაკლებ საინტერესო HR ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ აქტივობებს, რომლის მიზანიც ტექნიკური ცოდნის, რბილი უნარების თუ უბრალოდ გამოცდილების გაზიარებაა კოლეგისათვის ერთი მნიშვნელოვანი იდეით: გაზიარება ზრუნვაა.

ევოლუშენ გეიმინგის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მის თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვაა, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ძალიან მალე ბევრ ახალ, სასარგებლო და საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ ჩვენს ევოლუშენერებს.

M: როგორია სამუშაო გარემო ევოლუშენ გეიმინგში?

ქეთი გოლიაძე: მთელი ქსელის მასშტაბით, ევოლუშენი სწორედ განსხვავებული გარემოთი და, ამავდროულად, შეგრძნებებით ამახსოვრდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე ტიპის შეხება აქვს ჩვენს კომპანიასთან. ოფისის ვიზუალიც საერთო კონცეფციის ნაწილია, რაც ჩვენთვის, თანამშრომლებისათვის დამატებითი მოტივაციაა, ყოველდღიური საქმე კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით ვაკეთოთ. კონცეფციის მოდელი ჩვენს სამუშაო მიდგომას ეფუძნება, რომელიც თანამშრომლებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზეა ორიენტირებული, რადგან სწორედ თითოეული აქ დასაქმებული ადამიანი ქმნის ევოლუშენს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა