Compare The Market-ის ცნობილ მერკატებს (ცხოველი მანგუსტისებრთა ოჯახიდან) ტელე-ეკრანებზე ვეღარ შეხვდებით. კამპანიის შეწყვეტის ძირითადი მიზანია, სარეკლამო ვიდეორგოლებმა უკრაინაში მიმდინარე მწვავე მოვლენების გაშუქებას ხელი არ შეუშალოს.
Compare The Meerkat არის ბრიტანეთში შექმნილი სარეკლამო კამპანია, რომლის მთავარი გმირი, ლონდონში მცხოვრები რუსი წარმომავლობის, ანთროპომორფული მერკატი ალექსანდრ ორლოვია. ის თავის ოჯახის წევრ და მეგობარ მერკატებთან ერთად სხვადასხვა სარეკლამო ვიდეორგოლში, მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტის შედარებას, რუსული აქცენტით სთავაზობს. კამპანია 2009 წელს სააგენტო VCCP-ის მიერ შეიქმნა და 13 წლის მანძილზე, უკრაინაში განვითარებული მოვლენები გახდა ერთადერთი რამ, რამაც მისი შეჩერება გამოიწვია.
ეს, უკანასკნელი ვიდეორგოლია, რომელიც Compare The Meerkat-ის ფარგლებში ბრიტანულ ტელესივრცეში გავიდა.
Compare The Market-ის განმარტებით, მერკატები გამოგონილი გმირები არიან და მათ არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის პოლიტიკურ ქმედებებთან. თუმცა, საზოგადოებაში არსებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, თავდაპირველად აღიარა, რომ ვიდეორგოლების გაშვება მიზანშეწონილი არ იქნებოდა საინფორმაციო გამოშვებების დროს, მოგვიანებით კი, კამპანია სრულად შეაჩერა.
გარდა ამისა, რუსეთის უკრაინაში შეჭრით წარმოქმნილი მძლავრი შეშფოთების საფუძველზე გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ იმ რუსი ოლიგარქების შევიწროება დაიწყო, რომლებიც დიდ ბრიტანეთში საქმიანობენ. ეს აძლიერებს ზეწოლას ბრენდზე, რათა თავისი მერკატები საზოგადოებრივი ხედვის არეალში არ დატოვოს.












