მიხაი ზიჩის სახელობის კონკურსი ილუსტრატორებისთვის დაიწყო, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ იგავ – არაკებს უკავშირდება. ნამუშევრები ამ ნაწარმოების თემაზე უნდა შეიქმნას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-35 წლის არტისტებს – მათ ნამუშევრები, მოკლე აღწერა და საკუთარი პორტფოლიო „ონლაინ“, jpeg ან png ფორმატში უნდა წარადგინონ.
„კონკურსი „მიხაი ზიჩის ჯილდო“ უნგრელი ხელოვანის, მიხაი ზიჩის შემოქმედებას ეძღვნება და მისი მიზანია უნგრული და ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტების წახალისება, მათი შემოქმედებითი კავშირების განვითარება, ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება“ .
საკონკურსო განაცხადები 31 მარტის ჩათვლით მიიღება. უფრო დეტალური ინფორმაცია, კონკურსის შესახებ, ხელმისაწვდომია საქართველოში უნგრეთის საელჩოს ვებგვერდზე, ან სპეცილაური ელ.ფოსტის საშუალებით.

გამარჯვებულს აპრილში დაასახელებენ, რომელიც საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით, სამი კვირით საერთაშორისო სახელოვნებო ბანაკში გაემგზავრება.
კონკურსს, უნგრეთის საელჩო საქართველოში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს.
მიხაი ზიჩის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან. ის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ერთ-ერთი ავტორია. მხატვრის ნამუშევრები, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუზეუმშია დაცული.












