Startup Grind Tbilisi და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მკვლევარებისა და მეწარმეებისთვის აცხადებენ კონკურსს „შერეკილები“. ორგანიზატორების თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მათ გაბედული და „დამანგრეველი ინოვაციის“ პოტენციალის მქონე კვლევები თუ ბიზნეს – იდეები გაუზიაროთ.
„ზოგჯერ, ქართველებს მეოცნებე ერს გვიწოდებენ. პრინციპში, თავის დროზე რომ არ ეოცნებათ რაღაც მიუწვდომელსა და გრანდიოზულზე, არ იარსებებდა ყველა ის გამოგონება, რაც ახლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ერთ დროს, ზოგიერთ გამოგონებაზე ფიქრიც კი სიგიჟედ მიიჩნეოდა.
გიწვევთ თუ:
- ხართ მკვლევარი და აწარმოებთ კვლევას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო!
- ხართ მეწარმე და გაქვთ იდეა, რომელსაც შეუძლია, გადაჭრას სერიოზული პრობლემა და ამით შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ!“.
„შერეკილებს“ 3 გამარჯვებული ეყოლება, რომლებიც სხვადასხვა პრიზს მიიღებენ. თუმცა, ორგანიზატორების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ჟიური, რომლის წევრებიც „სილიკონის ველიდან“ (აშშ) ეწვევიან ღონისძიებას და კონკურსანტებისთვის მთავარი ღირებულება სწორედ მათ წინაშე წარდგომა იქნება.
კონკურსის ჟიურიში არიან:
- Bill Reichert – ვენჩურული ფონდი Garage Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელიც Guy Kawaski-სთან ერთად დააფუძნა. ასევე არის Pegasus Tech Ventures პარტნიორი.
- Ron Weisman – ანგელოზ ინვესტორთა ვენჩურული ფონდის, Band of Angels-ის თავმჯდომარე. თავის დროზე, Steve Jobs-თან ერთად მუშაობდა NEXT-ში.
- Luke Kowalski – Oracle-ის ერთ – ერთი აღმასრულებელი, რომელიც უშუალოს Larry Elison-ისთან მუშაობს.
- Marvin Liao – ტოპ აქსელერატორის, 500 Startups-ის პარტნიორი და მმართველი დირექტორი.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია.
„ამ ეტაპზე, გვესაჭიროება მხოლოდ იდეის აღწერა და არგუმენტი, თუ რატომ არის თქვენი იდეა ასეთი მნიშვნელოვანი. საინვესტიციო პრეზენტაციის (pitch deck) გამოგზავნა არ არის საჭირო. არცერთი იდეა არ იქნება ამ კონკურსისთვის „მეტისმეტად გიჟური“. არ ვაპირებთ, ყურადღება გავამახვილოთ ფინანსებსა და ბიზნეს მოდელზე. ფინალში მოსახვედრად დაგჭირდებათ მხოლოდ იმის ჩვენება, თუ როგორ გეგმავთ კონკურენციის მოგებას და რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა“.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 თებერვალი. კონკურსის ფინალი გაიმართება 2020 წლის 26 თებერვალს.
კონკურსის დონორები არიან: აშშ-ს საელჩო საქართველოში და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
[R]