კონკურსზე, რომელიც ახალგაზრდებისთვის სოციალური ინოვაციების პლატფორმამ გამოაცხადა, განაცხადები 15 დეკემბრამდე მიიღება. ორგანიზატორების მთავარი მიზანი საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ, სამეწარმეო იდეების წახალისება და განვითარებაა. ამიტომ, ჟიური, თითოეულ კონკურსანტს და განაცხადს დეტალურად შეისწავლის. რა ტიპის იდეები იქნება პრიორიტეტული და რა უნდა გაითვალისწინონ, კონკურსანტებმა, აპლიკაციის შევსებისას?! – ამ თემებზე პროექტის მენეჯერს, გიორგი ჭანტურიას და კომუნიკაციის ოფიცერს, ანა მენაღარიშილს ვესაუბრეთ.
კონკურსის პირობებში აღნიშნულია, რომ „კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის, ვისაც აქვს სურვილი, იმუშაოს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ვინც გრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და აქვს იდეები ცვლილებების განსახორციელებლად“ – უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, რა ტიპის პროექტები და იდეები იქნება პრიორიტეტული ?
გიორგი ჭანტურია: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უამრავი სოციალური გამოწვევა გვაქვს, რომელთა მოგვარებაც, წლების მანძილზე, ვერ ხერხდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაბამისი სოციალური პოლიტიკის გატარების გარდა, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საჭიროებენ კერძო აქტორების მიერ ახალი, ალტერნატიული გამოსავლების მოძებნას. ვფიქრობთ, ამ გამოსავლის მიგნება შესაძლებელია ინტერდისციპლინური მიდგომით, სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სტიმულირებით. სწორედ ასეთ იდეებს წავახალისებდით.
უფრო კონკრეტულად კი, საკონკურსო იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს პრობლემების გადაჭრაზე. კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებები კი შემდეგია: განათლება, სიღარიბის დაძლევა, ადგილობრივი თემის გაძლიერება და გარემოს დაცვა. ბუნებრივია, შესაძლებელია, ერთი პროექტი ორ ან მეტ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავდეს. თუმცა, აპლიკანტებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ხელოვნურად კონკურსზე იდეების მორგება არ არის მიზანშეწონილი.
ინოვაციების კონკურსში მონაწილეობისთვის, მსურველებს, განაცხადების შეტანა 15 დეკემბრამდე შეუძლიათ. განაცხადის უფრო კვალიფიციურად მოსამზადებლად, რა პრაქტიკული რჩევები შეგიძლიათ მისცეთ მათ?
ანა მენაღარიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, დრო არც თუ ისე ცოტაა, ვფიქრობთ, ინოვაციური იდეების მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. შესაბამისად, პირველი რჩევა იქნება, რომ არ გადადონ ბოლო დღემდე და განაცხადების შევსებაზე უკვე დაიწყონ მუშაობა.
მეორე რეკომენდაცია, რაც დაეხმარებათ იდეების წარდგენასა და ტექნიკურად მომზადებაში, კარგად გაეცნონ ჩვენს ვებგვერდს – www.socialinnovation.ge, იქ არსებულ მასალებს და, რაც მთავარია, გაიარონ ელექტრონული თვითმართვადი კურსი – „სოციალური ინოვაციები ცვლილებებისათვის“.
გარდა ამისა, ვურჩევთ, თვალი ადევნონ ჩვენს გვერდს სოციალურ ქსელში, რადგან გარკვეული პერიოდულად, ვატარებთ ღია კარის დღეებს. რა თქმა უნდა, „ონლაინ“ რეჟიმში. შესაბამისად, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.
რა კრიტერიუმებით შეფასდება საპროექტო იდეები? რას მიაქცევს და რას გაითვალისწინებს ჟიური, შეფასების გუნდი?
გიორგი ჭანტურია: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რა პრობლემას ეხება პროექტი. რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა და რამდენად კარგად იცნობს აპლიკანტი მას. შემდგომ უკვე ფასდება პრობლემის გადაჭრის გზა, ანუ რა იდეა აქვს განმცხადებელს, რამდენად ინოვაციურია ეს იდეა და რატომ იმუშავებს.
გარდა ამისა, გვაინტერესებს, თუ ვინ არიან განმცხადებლები, რა მოტივაცია და გამოცდილება აქვთ. ასევე, როგორ წარმოუდგენიათ პროექტის მართვა და მისი ადმინისტრირება.
საკმაოდ მნიშვნელოვანია მდგრადობის კომპონენტი. ამ შემთხვევაში, ფასდება, რამდენად შეძლებს პროექტი კონკურსიდან მიღებული თანხის სწორად გამოყენებას და მის შემდგომ იდეის განვითარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რა გავლენა ექნება პროექტს პრობლემის მოგვარებაზე და როგორ დაადასტურებს ამას განმცხადებელი.
და ბოლოს, საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია განმცხადებელს თანამშრომლობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
დეტალურად პროექტის კრიტერიუმების შესახებ აღწერილია ჩვენს ვებ-გვერდზე.
ვინ აფასებს განაცხადებს და როგორია შეფასების პროცესი?
ანა მენაღარიშვილი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი რითიც პროექტი გამორჩეულია ეს არის ღია და გამჭვირვალე შეფასების პროცესი. რაც მთავარია, გამოცდილი და აღიარებული შემფასებლები. ჟიურის წევრებში თქვენ შეხვდებით როგორც კერძო სექტორის ასევე საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლებს. არიან ადამიანები მედიიდან, დონორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ა.შ. მათი სია ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე.
რაც შეეხება პროცესს, განაცხადები შეფასდება კრიტერიუმების მიხედვით, რის შემდგომაც შეირჩევა მოკლე სია, რომელში მოხვედრილ კანდიდატებსაც წინასწარ დავუკავშირდებით. ამ ადამიანებსა თუ ჯგუფებს მოეთხოვებათ პრეზენტაციის მომზადება, ფიჩინგის ფორმატში. დეტალებს უკვე თავად კანდიდატებს გავაცნობთ. ეს მოხდება იანვრის ბოლოს.
წარდგენების შემდგომ, ჟიური კონკრეტულ განმცხადებლებს სთხოვს უკვე სრულყოფილი საპროექტო განაცხადის მომზადებას, რაზე დაყრდნობითაც გამოვლინდება 5 გამარჯვებული. თითოეულ მათგანს, საპრიზო თანხად, გადაეცემა 10 000 ევრო. გარდა ამისა, ჩვენი ორგანიზაცია მათ გაუწევს მედია მხარდაჭერას და მენტორობას ორგანიზაციული განვითარების კუთხით.
[R]