საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღს, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება მიეძღვნა. მათ შორის იყო პოსტერების კონკურსიც, რომლის შედეგად შერჩეული 100 საუკეთესო, 26 მაისს, საზეიმოდ გამოიფინა.
ორგანიზატორები თვლიან, რომ პროექტი შედგა და მათთვის აღმოჩენა დამწყები ახალგაზრდების ნამუშევრები იყო, რომლებიც, მათივე თქმით, გამოცდილი არტისტებისას არაფრით ჩამორჩებოდა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული 100 პოსტერიდან, 26 GIPA-ს 13 სტუდენტს ეკუთვნის.
ნინო კალანდაძე (სტუდია „ტრიკოლორი“): პროექტი თბილისის მერიასთან ერთად განვახორციელეთ. ჩვენი მიზანი იყო, შეგვერჩია საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 პოსტერი. ნამუშევრები უნდა ყოფილიყო მთავარ თემასთან შინაარსობრივად დაკავშირებული და ტექნიკურად გამართული. კონკურსში მონაწილეობდნენ ცნობილი მხატვრები, პროფესიონალი გრაფიკოსები, ფოტოგრაფები სტუდენტები. საბოლოოდ, შევარჩიეთ 100 საუკეთესო. მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტების ნამუშევრები ნამდვილად გამორჩეული იყო. ალბათ, ეს ფორმატი ახალგაზრდებს უკეთ აქვთ გააზრებული. ზოგიერთის პოსტერი ცნობილი მხატვრების შემოქმედებას უტოლდება, თუ არ უსწრებს კიდეც მას. პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო. ვთვლით, რომ პროექტი შედგა. ეს 100 პოსტერი უკვე ისტორიის ნაწილი გახდა. ყველა ავტორი ძალიან კმაყოფილია, თითოეულისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე მათი ნამუშევრები გამოიფინა. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებით ახალგაზრდების იქნება დიდი სტიმული“.
გამარჯვებულები ამბობენ, რომ მათთვის, საინტერესო იყო კონკურსის თემატიკა. გამოცდილება კი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას მიიღეს, მათი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.

მარიამ მიქელაძე (მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი, GIPA): პირველ რიგში, თვითონ თემატიკა იყო ჩემთვის საინტერესო. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის, 26 მაისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ამ კონკურსმა მომცა გამოცდილება და თავდაჯერებულობა, რადგან 100 პოსტერს შორის მოხვდა ჩემი ნამუშევარიც. როცა დავიწყე ფიქრი მრგვალ თარიღზე, თავიდანვე 100 წრის იდეა გამიჩნდა. ამ 100 წლიდან თავისუფლების 70 წელი, ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის გამო დავკარგეთ. აქედან მოვიფიქრე შესაბამისი ფერები – თეთრი თავისუფლების, წითელი კი საბჭოთა რეჟიმის სიმბოლო.
ჯემკა გასანოვი (აუდიო – ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა, I კურსი, GIPA): 2018 წლის 26 მაისი იყო გრანდიოზული თარიღი მთელი საქართველოსთვის და ყველა განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ დღისთვის. როგორც კი კონკურსის შესახებ გავიგე, დაუფიქრებლად შევუდექი პოსტერებზე მუშაობას. სტუდენტისთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც მისი ნაშრომი ასეთ დღეს გამოიფინება. გამოფენაზე ჩემი 2 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. კონცეფცია მქონდა ის, რომ გამომეჩინა ხალხის სიძლიერე, თანადგომა და ერთიანობა. ეს არის ის 3 მთავარი ფაქტორი, რამაც დამოუკიდებლობა მოგვაპოვებინა.
ანა გაბუნია (მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა, II კურსი, GIPA): ყოველთვის მომწონდა ასეთი წამოწყებები. კარგია, რომ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, კონცერტებსა და სხვა აქტივობებთან ერთად, მსგავსი გამოფენა დაიგეგმა. ჩემთვის ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ გადავწყვიტე, მეც მიმეღო კონკურსში მონაწილეობა. ექსპოზიციისთვის 4 პოსტერი გავაკეთე. ყველანაირად ვეცადე, ნამუშევრებში კონტრასტული ფერებისა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით, გამომეხატა, თუ რამდენად განვითარებულია საქართველო 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
p.s. 26 მაისისადმი მიძღვნილი 26 პოსტერის ავტორები არიან GIPA-ს სტუდენტები: აბო მენაბდე, ანა გაბუნია, ანი ქორქია, ელენე ჯანიაშვილი, თათა გუშარაშვილი, კატო დიდმანიძე, მარიამ მიქელაძე, მიშო აბრამიდი, ნიკე ბელკსაია, ნინო ყაველაშვილი, ნონი ჟვანია, ჯემკა გასანოვი, მაგდა ჯანჯალაშვილი.
[R]











































