in

„კონცეპტარეა” – სივრცე, სადაც ყველა ნივთს თავისი განწყობა და ისტორია აქვს

როდესაც მეგობრისთვის ორიგინალური საჩუქრის გაკეთება გვინდა, ვეძებთ იდეებს – ვათვალიერებთ შესაძლო ვარიანტებს, ვკითხულობთ რჩევას. იდეების ამ ძიებამ შეიძლება ისე შეგვიყოლიოს, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყებაც გადავწყვიტოთ. თუ ფიქრობთ, რომ საჩუქრის შერჩევის პროცესის ასეთი შეფასება გადაჭარბებულია, ცდებით, რადგან დღეს უნდა მოგიყვეთ საწარმოზე, რომელიც ზუსტად ასე, საერთო მეგობრისთვის საჩუქრის მოძიებით დაფუძნდა.

ნინო ვარდოსანიძე და მარიამ გვასალია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან. ნინო მოქმედი პედიატრია, მარიამი კი დიზაინერი. მათი მეგობრობა მრავალი წლის წინ დაიწყო, როცა ნინომ შემთხვევით აღმოაჩინა ქართული ბრენდი „გვასალია” და მისი ერთგული მომხმარებელი გახდა. მარიამი წლებია საქართველოში თავისი ბრენდით მოღვაწეობს, თუმცა მისი პროდუქცია ევროპისა და აშშ-ის გამოფენებზეც ხშირად ხვდება. დამეგობრებულმა გოგონებმა, მიუხედავად განსხვავებული პროფესიებისა, საერთო ინტერესი – შემოქმედებითი საქმიანობა აღმოაჩინეს და დაახლოებით ერთი წლის წინ „კონცეპტარეა” დააარსეს, რომელიც სხვადასხვა ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებს. ის თბილისში, ქობულეთის 19 ნომერში მდებარეობს.

დამფუძნებლების მიზანი იყო, რომ აქ წარმოდგენილი ნივთები ყველანაირი გემოვნების, სქესისა და ასაკის მქონე მომხმარებელზე ყოფილიყო მორგებული და პრობლემა –  „რა ვაჩუქო”, „კონცეპტარეაში” გადაჭრილიყო. გარდა ამისა, ბრენდი საქართველოში მოქმედ მცირე ბიზნესისა და არტისტების ხელშეწყობაზეც ზრუნავს, რადგან აქტიურად თანამშრომლობს მათთან და ათავსებს მათ პროდუქციას თავის სივრცეში. 

„ვთანამშრომლობთ 20-ზე მეტ მცირე ბიზნესის წარმომადგენელთან, მათ შორის რამდენიმეს უკვე აქვს საკუთარი ბრენდი. ზოგ შემთხვევაში ხელოვანების ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობით, მოტივაციას ვაძლევთ მათ, რომ შექმნან საკუთარი ბრენდი და მის ქვეშ მოხდეს პროდუქციის გაყიდვა”, – გვიყვებიან დამფუძნებლები.

„კონცეპტარეაში” წარმოდგენილი ხელნაკეთი ნივთების 90% ქართულია. აქ შეხვდებით როგორც გადამუშავებული მასალისგან დამზადებულ (ჩანთებს, სახლის აქსესუარებს), ასევე მეტალის, კერამიკისა თუ სხვა შემადგენლობის ნივთებს. მათგან ყველა დიდ ისტორიას ატარებს და ეტყობა მისი შემქმნელი ხელოვანის გემოვნება და განწყობა. ამ ნივთებს ქსელურ მაღაზიებში ვერ შეხვდებით. ალბათ სწორედ ეს ხდის ამ სივრცეს განსხვავებულს. „კონცეპტარეა” არ არის უბრალოდ მაღაზია, სადაც რაღაც ნივთები იყიდება. მისი სახელწოდებაც გვეუბნება, რომ ეს არის სივრცე, სადაც ერთი დიდი კონცეფციის ქვეშ სხვადასხვა პროდუქციაა გაერთიანებული და თბილ, შემოქმედებით ატმოსფეროს ქმნის.

„არა მხოლოდ სხვა მაღაზიის გასაყიდ პროდუქციას, ერთმანეთსაც კი არ ჰგავს ჩვენთან წარმოდგენილი ნივთები. მსგავსია, მაგრამ არა – იგივე. ისინი ხელნაკეთებია და აქ იდენტური ნივთების შექმნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს განსხვავებულობა, ვფიქრობთ, საინტერესოს ხდის ჩვენს პროდუქციას”.

როგორც ყველა ბრენდს, სამომავლო გეგმები „კონცეპტარეასაც” აქვს. უპირველეს ყოვლისა, მარიამსა და ნინოს სივრცის გაფართოება და ახალი ხელოვანების შემოყვანა სურთ საქმეში. შემდეგ კი შესაძლოა, კონცეპტარეას კაფემაც გვიმასპინძლოს, სადაც მათივე დამზადებული კერამიკული ფინჯნით გემრიელი ყავის დალევა და ლამაზი ნივთების დათვალიერება შეგვეძლება. 

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ დავრჩეთ არაპროგნოზირებადნი.  ყოველთვის სასიამოვნოდ გავაოცოთ მომხმარებლები, შევთავაზოთ მუდმივად ცვალებადი კოლექციები და წინასწარ არასდროს იცოდეს ჩვენთან მოსულმა ადამიანმა, რას შეიძლება შეხვდეს ჩვენს მაღაზიაში”. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რატომ სჯერა ჩვენს ტვინს ტყუილის?

„ცოცხალი ურნა“ ნარჩენების გადამუშავების ახალ გზას ქმნის