in

სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი – ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ღვინო და ვაზი – ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” გაიხსნა. ღონისძიება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონფერენციის პირველ დღეს, აუდიტორიის წინაშე საპატიო სტუმრები და მომხსენებლები წარდგნენ. მომდევნო დღეს, ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც ქართველმა და უცხოელმა სპიკერებმა თავიანთი ნაშრომები წარადგინეს. მესამე დღეს კი დასკვნითი ღონისძიებები გაიმართა.

კონფერენციის ქართველი და უცხოელი მონაწილეები თელავში, იყალთოს ქვევრის პირველ სკოლა აკადემიას ესტუმრნენ, სადაც ქვევრის დამზადების ტექნოლოგიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და შესაბამისი მატერიალურ – ტექნიკური ბაზაც დაათვალიერეს. აკადემიის შემეცნებითი ტურის შემდეგ, კონფერენციის ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა მეღვინეობა-მევენახეობის დარგში სხვადასხვა მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს და ერთმანეთს ურთიერთგამოცდილება გაუზიარეს.

კონფერენციის მონაწილეებმა, ასევე, მოინახულეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, სადაც ღვინის დეგუსტაცია შედგა.

კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო, რომელიც მოიცავდა ქართული მეცნიერების დარგებს ღვინისა და ვაზის შესახებ. წარმოდგენილი იყო საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგები, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ-აგრობიომრავალფეროვნების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით მეღვინეობა-მევენახეობაში.

კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და კანადის მეღვინეობა-მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.

[R]

სტუდენტთა მეშვიდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კსუ-ში

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო