თავდაჯერებულობა წარმატების აუცილებელი პირობაა. ეს ყველამ ვიცით. ლიდერები, რომლებიც არ გრძნობენ, რომ წარმატების მიღწევა შეუძლიათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას მოახერხებენ. ასევე, თავდაჯერებულობა რთული საკითხიცაა. ხანდახან, პროექტის ლიდერებს ყურში რაღაც ჩასჩურჩულებთ: „ყველაფერი გამოგივა. ნუ დაკარგავთ დროს დაგეგმვაზე. წადი“. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? მოდით, პასუხი ფერდინანდ დე ლესეპსის ისტორიაში ვეძიოთ.
1830-იან წლებში, ეგვიპტეში მყოფი ფრანგი დიპლომატი, დე ლესეპსი აღაფრთოვანა სინას ნახევარკუნძულზე ხმელთაშუა და წითელი ზღვის დამაკავშირებელი არხის გათხრის იდეამ. მრავალი საუკუნის განმავლობაში, ეს მხოლოდ ოცნება იყო ბევრისთვის – ყოფილიყო არხი, რომელიც წითელ ზღვასა და ნილოსს დააკავშირებდა.
1854 წელს, დიპლომატიური სამსახურიდან წასვლის შემდეგ, დე ლესეპსმა დაარწმუნა ეგვიპტის მმართველი, რომ არხის მშენებლობა ჩაებარებინა. ყოფილ დიპლომატს უამრავი პოლიტიკური და ეკონომიკური დაბრკოლების გადალახვა მოუწია. დე ლესეპსმა პროექტი უზარმაზარი გულმოდგინებით შეასრულა, მხარდამჭერები გააერთიანა და კრიტიკოსები ჩამოიცილა. ყველა პრობლემას ჰქონდა გამოსავალი, დე ლესეპსის მტკიცებით. მისი თქმით, გათხრების დაწყების შემდეგ გამოჩნდებოდა ნათელი სურათი.
დე ლესეპსისგან თავდაჯერებულობა ასხივებდა. არხი აშენდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო ტრიუმფი. ყოველთვის თავდაჯერებული იყო, რამაც დე ლესეპსი ბრწყინვალე სეილსმენად აქცია. 1858 წელს, როდესაც ის სუეცის კომპანიის თვის საჯარო ინვესტორებს ეძებდა, 23,000 ადამიანი შემოიკრიბა, ვინც საკუთარი რესურსები გაიღო ამ საქმისთვის.
არხის გათხრის პროცესი ძალიან დაბალტექნოლოგიურ დონეზე მიმდინარეობდა. ეგვიპტის მთავრობის მიერ გაგზავნილი სამუშაო ძალა ლამის შიშველი ხელებით მუშაობდა. ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პროექტს, განაცხადა, რომ ეს იყო მონური შრომა. დე ლესეპსმა მხრები აიჩეჩა. ასე კეთდება საქმე ეგვიპტეშიო, თქვა მან. თხრა გაგრძელდა. მაგრამ ეგვიპტის მმართველი, 40 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. ახალმა მმართველმა უსმინა ბრიტანელებს და მუშები უკან გაიწვია. დე ლესეპსის პროექტს საფუძველი ერთ წამში გამოეცალა. კატასტროფა გარდაუვალი იყო.
თუმცა, მის ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია. ფრანგულმა კომპანიამ მძლავრი ტექნიკა დაახმარა, რამაც პროცესი დააჩქარა და არხი ოფიციალურად 1869 წელს გაიხსნა.
პროექტი ძალიან დაგვიანდა და გათვლილზე მნიშვნელოვნად ძვირი დაჯდა. არხში მიმოსვლა დაბალი იყო, რამაც ფინანსური სიძნელეები წარმოშვა. ტემპი ააჩქარა თბომავლების მოძრაობამ. შემდეგ, ბრიტანეთის მთავრობამ შეიძინა არხის წილი, რითაც ბრიტანული იმპერიის გლობალიზაციისკენ გადადგა ნაბიჯი. სუეცის არხმა შეცვალა მსოფლიო ვაჭრობა და შეფასდა დიდ მიღწევად. Suez Company-ის აქციები გაიზარდა. დე ლესეპსი გენიოსად ითვლებოდა. ყურში ჩაჩურჩულებული ხმის მოსმენამ ბრწყინვალე შედეგი გამოიღო.
ეს შედეგი სრულყოფილად ერგება პროექტების თეორიას, რომელიც შეიქმნა ცნობილი ეკონომისტის, ალბერტ ჰირშმანის მიერ, ერთი საუკუნის შემდეგ.
„კრეატიულობა ჩვენთვის ყოველთვის მოულოდნელია“, – წერს ჰირშმანი. „ჩვენ არ შეგვიძლია შედეგის იმედი ვიქონიოთ და ვერ ვბედავთ დაჯერებას, სანამ ეს არ მოხდება“. თუ ვინმე, ვინც პროექტს განიხილავს, ფრთხილად ჩაერთვება დაგეგმვაში და ზუსტად გადახედავს ყველა გამოწვევასა თუ რისკს, საქმე სავარაუდოდ წინ ვერ წავა. ამავდროულად, ხალხი მუდმივად იწყებს დიდ პროექტებს. რატომ? როგორც ჰირშმანი ამტკიცებდა, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაფასებთ მომავალ გამოწვევებს ისე, როგორც ჩვენ ვაფასებთ საკუთარ კრეატიულობას ამ გამოწვევების გადაჭრაში.
ეს სიმეტრია იძლევა შედეგს: არ ვიცით, რამდენად რთული იქნება პროექტის განხორციელება, თან წინ მივდივართ; საკუთარი კრეატიულობის უგულებელყოფის მიუხედავად, გაოცებულები ვართ იმით, რომ ვპოულობთ გადაწყვეტილებებს პრობლემების წარმოშობისთანავე. პროექტებს შეიძლება გაცილებით მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ჩვენ გვგონია. ისინი შეიძლება ბევრად ძვირი დაჯდეს. მაგრამ ისინი სრულდება კიდევ უფრო ეფექტურად, ვიდრე ველოდით. ჰირშმანმა ამას „დამალული ხელის“ პრინციპი უწოდა.
დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას: უნდა მოუსმინონ თუ არა პროექტის ლიდერებმა, როდესაც თავდაჯერებულობა ეუბნება, რომ უბრალოდ უნდა წავიდნენ და დაიწყონ თხრა? ერთი შეხედვით, ადვილი იქნებოდა დასკვნის გამოტანა, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, გავიხსენოთ სხვა ამბავიც, თუ რა მოიმოქმედა ფერდინანდ დე ლესეპსმა, ეგვიპტეში ტრიუმფის შემდეგ.
დე ლესეპსი, როგორც მსოფლიო ვარსკვლავი, ახალ პროექტს შეეჭიდა. მას სურდა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დაკავშირდება პანამის არხის საშუალებით. მან იგივე ენერგია მიმართა ამ პროექტის მიმართ – აბსოლუტური თავდაჯერებულობა, გულგრილობა კრიტიკოსების მიმართ და ურყევი რწმენა, რომ ყველა დაბრკოლების საპასუხოდ იპოვიდა გამოსავალს. მეტიც, ახალი ამოცანა წინაზე უფრო ადვილად შესასრულებელი წარმოედგინა.
შემდეგ კი ყველამ კარგად იცით, რაც მოხდა და ის „პანამის არხის სკანდალის“ სახელით არის ცნობილი. იყო კორუფცია, სისხლის სამართლის დანაშაული და გაკოტრება. და მაინც, ეს არ იყო ყველაზე უარესი იმ უბედურებათაგან, რაც პროექტს ახლდა. დე ლესეპსმა ცუდად შეაფასა თხრის საჭირო დონე. მან ვერ განჭვრიტა და არ მოემზადა წვიმებისა და მეწყრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო მათ შესახებ. იმის ნაცვლად, რომ დაეგეგმა დაავადებების საფრთხე, მან ეს ფაქტორი უგულვებელჰყო. საპასუხოდ, მალარიამ და ყვითელმა ციებ-ცხელებამ დაახლოებით 22,000 მუშა და მენეჯერი შეიწირა.
პროექტი შეჩერდა. დე ლესეპსი რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა. დღევანდელი პანამის არხი არის შემდგომი გაგრძელების შედეგი, რომელიც ამერიკელებმა მიიყვანეს ბოლომდე. მათ ისწავლეს დე ლესეპსის სისულელეზე და ყურადღებით დაგეგმეს თავიანთი პროექტი.
ჰირშმანის თეორიის თანახმად, ტიპური პროექტი გადაჭარბებული ბიუჯეტით სრულდება, რადგან მენეჯერები არ აფასებენ მომავალ გამოწვევებს. იმავე პრინციპით, ის ასევე მოიტანს იმაზე მეტ სარგებელს, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რადგან მენეჯერების კრეატიულობა ამ გამოწვევების დაძლევაში ალბათ ასევე არ იქნება შეფასებული. ჰირშმანის აზრით, სარგებლის გადაჭარბება ხარჯების გადაჭარბებაზე მეტი იქნებოდა. ჰირშმანის თეორიის შესამოწმებლად, კას სანშტაინმა და ბენტ ფლივბიერგმა ჩაატარეს 2062 პროექტის შედეგების ანალიზი – კაშხლების, სარკინიგზო ხაზების, გვირაბების, ხიდებისა და მშენებლობების ჩათვლით. ინფორმაცია მოპოვებულია Flyvbjerg-ის მონაცემთა ბაზიდან და მოიცავს დაახლოებით 16,000 პროექტს, ექვსი კონტინენტის 104 ქვეყანაში, მათ შორის განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. მონაცემთა ბაზა მოიცავს თითქმის მთელ საუკუნეს, 1927 წლიდან 2013 წლამდე. ასეთი მონაცემების მოპოვება კი რთულია. არ არსებობს სტატისტიკური სააგენტო ან მონაცემთა სხვა სერვისი, საიდანაც მათი მიღება შეიძლება. ამრიგად, მონაცემები უნდა იქნას მოპოვებული მონაცემების წყაროდან, რაც ძალიან შრომატევადია და სწორედ ამიტომ დასჭირდათ ავტორსა და მის კოლეგებს მონაცემთა ბაზის შესაგროვებლად 20 წელი.
2062 პროექტის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ჰირშმანი ცდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიპური პროექტი სათანადოდ არ აფასებდა ხარჯებს, ასევე ზედმეტი მოლოდინი ჰქონდა სარგებლის მიმართ. როგორც ბიჰევიორისტმა ეკონომისტებმა იწინასწარმეტყველეს – ნობელიანტებმა – დანიელ კანემანმა და რიჩარდ თალერმა, ხალხი ზოგადად ოპტიმისტურად არის განწყობილი. თუ ეს ასეა, მართლაც უცნაური იქნება, თუ ადამიანები პესიმისტურად იქნებიან განწყობილნი პროექტების სარგებლიანობის მიმართ. სინამდვილეში, ტიპური პროექტი იმაზე მეტი ღირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ხოლო შედეგი კი – მოსალოდნელზე ნაკლები.
ასე რომ, როგორც პროექტის ლიდერი, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ასრულებთ სამუშაოს. ყველა პროექტი რთულია და ნამდვილად დაგჭირდებათ თავდაჯერებულობა მის ბოლომდე მისაყვანად. მაგრამ უნდა მოუსმინოთ თუ, როცა ზედმეტი თავდაჯერებულობა ჩაგჩურჩულებთ ყურში და გეუბნებათ, „უბრალოდ, მიდი“? შეიძლება გაგიმართლოთ, როგორც ფერდინანდ დე ლესეპსს ეგვიპტეში. დაგეგმვის გარეშე მუშაობა ბევრად დიდი ალბათობით დასრულდება მარცხით, ვიდრე დაგეგმვის შემთხვევაში.
წყარო: HBR