in

7 ფრაზა, რომელსაც თავდაჯერებული ადამიანები ხშირად ამბობენ

ბევრს უნდა იყოს თავდაჯერებული. თუმცა, იყო თავდაჯერებული და ჩანდე ასეთად, სრულიად სხვადასხვა ცნებაა. ნამდვილი თავდაჯერებულობა შიგნიდან მოდის. ამას ვგრძნობთ თავადაც და ასევე, აღვიქვამთ სხვა ადამიანების საშუალებით. ეს ჩანს საკუთარი თავის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში, ჟესტებსა და საუბრის მანერაში. ამ სტატიაში, გვსურს გაგიზიაროთ ის ფრაზები, რომლებსაც თავდაჯერებული ადამიანები ყოველთვის იყენებენ:

#1 არ ვიცი

ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული არაა, ხშირად ცდილობს საპირისპირო დაუმტკიცოს სხვებს. მას ეშინია, რომ სხვები სერიოზულად ვერ აღიქვამენ, ამიტომ შთაბეჭდილების მოხდენას ზედმეტად ცდილობენ. თადაჯერებული ადამიანები კი, არ უფრთხიან კითხვებზე გულწრფელ პასუხს, მათ შორის იმის თქმას, რომ რაღაც არ იციან. ერთ-ერთი ასეთი ვერსიაა – “პასუხი არ ვიცი, მაგრამ კარგი შეკითხვა იყო”, ან “დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ გავიგებ”.

არსებობს მოსაზრება, რომ კარგ ლიდერად ჩამოყალიბებისთვის, აუცილებელია ყოველთვის ყველაფერი იცოდეთ. ეს მცდარი აზრია. ყველაფრის ცოდნა აუცილებელი არაა. უბრალოდ, გჭირდებათ უფრო მეტად გაერკვიოთ რაღაცებში, ეტაპობრივად. ამისათვის კი, ყურადღებით უნდა მოუსმინოთ მათ, ვისაც უფრო მეტი ცოდნა აქვს კონკრეტულ საკითხში. თავდაჯერებულობა არ ნიშნავს ყველა კითხვაზე პასუხის ცოდნას, ესაა კომფორტის შეგრძნება მათი ძიებისას.

#2 ბოდიში

უსუსურ ადამიანებს ხშირად უჭირთ ბოდიშის მოხდა, რადგან ეს სისუსტედ მიაჩნიათ. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა დარწმუნდნენ სხვების დანაშაულში და თავად მთლიანი პასუხისმგებლობა ჩამოიხსნან მხრებიდან. მათ ეშინიათ, რომ თუკი აღიარებენ დანაშაულს, სხვები მათ ცუდ პიროვნებად მიიღებენ.

თავდაჯერებული ადამიანები კი ამბობენ “მაპატიე, შევცდი. შეგვიძლია ხელახლა ვცადოთ?” ან “ბოდიში, არ მეგონა, რომ ჩემი ნათქვამი ასეთ გავლენას იქონიებდა. შემდეგ ჯერზე უკეთ მოვიქცევი. რას იტყვი?”.

#3 არა

“არა” სრული წინადადებაა. ის, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე რთულად წარმოსათქმელი პასუხია, განსაკუთრებით თუ ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, სადაც უარის თქმა ცუდ ტონად ითვლებოდა. თუკი ბავშვობაში ჯანსაღი საზღვრების დაწესების საშუალება არ გქონდათ, ეს ხშირად კომფორმისტად გაქცევთ, ცდილობთ სხვებს ასიამოვნოთ და გერიდებათ უარის თქმა.

მოდით, გავუსწოროთ თვალი: ადამიანების უმეტესობას სუსტი პიროვნული საზღვრები აქვს. მიჩვევა სჭირდება თანხმობის თქმასაც და უარსაც.

თავდაჯერებული ადამიანები ჯანსაღი საზღვრების დაწესებით გამოირჩევიან. ისინი ამბობენ უარს, როცა საჭიროა. მათ სწამთ, რომ სხვები უარის გამო არ დაესხმებიან თავს და ესმით, რომ თუკი ვინმე მათ პიროვნულ სივრცეს უპატივცემულოდ არღვევს, შეცდომას უშვებს.

#4 როგორ ხარ?

თავდაჯერებულობა კომუნიკაციიდან ვლინდება. რატომ? როცა იცით, რომ ნამდვილად გაქვთ სხვებთან კავშირი, როცა არიან ადამიანები, რომლებთანაც თავს უსაფრთხოდ გრძნობთ და შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ – გარისკოთ და იცოდეთ, რომ ვიღაც აუცილებლად გაგიმაგრებთ ზურგს. ადამიანებთან სიღრმისეული და ავთენტური შინაგანი კავშირი თავდაჯერებული ადამიანების ყოველდღიურ კომუნიკაციაში გამოიხატება. როდესაც ისინი გეკითხებიან “როგორ ხარ?” ისინი ამას ნამდვილად გულისხმობენ. ისინი საკუთარ თავს სიღრმისეულად აღიქვამენ და ამიტომაც აქვთ საკმარისი სივრცე თქვენი სიღრმისთვისაც.

#5 რაღაცის თქმა მინდა

თავდაჯერებული ადამიანები საუბრობენ. ისინი მზად არიან გამოხატონ თავიანთი შეხედულება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას კონფლიქტამდე შეუძილა მიიყვანოს საქმე. ხშირად ეს გუნდისა და მთლიანად კომპანიის საერთო მოსაზრებას შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს. არა, ისინი კონფლიქტს არ ეძებენ, მაგრამ შეუძლიათ დაბეჯითებით ისაუბრონ იმაზე, რისიც სჯერათ.

#6 დიახ, მადლობა

თავდაჯერებულმა ადამიანებმა იციან მიღება. ისინი არ არიან დამოუკიდებლად მდგომი უკარება კუნძულები. ისინი არ უხურავენ კარს სხვებს. თუკი მათ აქვთ ვინმეს მხარდაჭერა, ისინი ამას იღებენ. იციან, როგორ მიმართონ დახმარებისთვის სხვებს, როცა ეს აუცილებელია. მათ არ სწამთ, რომ აუცილებელია ყველაფრის მარტო კეთება, მათ სჯერათ გუნდური მუშაობის.

#7 უფრო მეტი მიამბეთ ამის შესახებ

საკუთარი მოსაზრების გამოსათქმელად სანამ წამოიწევენ, ჯერ ყურადღებით ისმენენ და ცდილობენ ნამდვილად გაიგონ, რას გულისხმობს თანამოსაუბრე. თუკი არ ესმით დეტალურად, ცდილობენ უკეთ გაერკვნენ. ისინი არ აკეთებენ დასკვნებს, ისინი სვამენ კითხვებს.

 

წყარო: inc



მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყეპარკში დასუფთავების აქცია მოეწყობა

ტოპ სკოლა კრეატიული ადამიანებისთვის – Miami Ad School