in

რატომ სჭირდება კონფლიქტის მოგვარების უნარი პროექტის მენეჯერს

როდესაც ახალი ხართ პროექტის მენეჯმენტში, შეიძლება მიგაჩნდეთ, რომ მთავარია კონფლიქტის მინიმუმამდე დაყვანა, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი გუნდი ასრულებს დავალებებს, იცავს ვადებს და თავიდან იცილებს წინააღმდეგობებს. შესაძლოა, განსაზღვროთ კიდეც თქვენი როლი, როგორც მშვიდობისმყოფელის. ეს თეორიულად კარგად ჟღერს, თუმცა ყველას კარგი განწყობის შენარჩუნების მცდელობა კარგავს პროექტის ეფექტური მენეჯმენტის აზრს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მთავარი საიდუმლო კი ისაა, რომ ხელი შეუწყოთ გარემოს, სადაც გარდაუვალი კონფლიქტები ისე გადაიჭრება, რომ პროექტისა და ზოგადად ბიზნესის შედეგების ოპტიმიზაცია შეძლოთ. პროექტის მენეჯერი ნაკლებად მშვიდობისმყოფელია, ის უფრო კონფლიქტის მენეჯერია. პროექტის ეფექტურმა მენეჯერებმა უნდა გამოიმუშაონ შესაბამისი უნარები:

გამოავლინეთ დაძაბულობა და გადაჭრის გზები

პროექტები აერთიანებს სხვადასხვა პერსპექტივის, პრიორიტეტებისა და ექსპერტიზის დონის მქონე დაინტერესებულ მხარეებს. შესაძლოა, გაყიდვები ლობირებენ ახალი ფუნქციებით დატვირთული პროდუქტის რუკას, ხოლო ინჟინრები პლატფორმის სტაბილურობის დასაცავად არიან მომართულები. ეს სულაც არ არის იმის ნიშანი, რომ რომელიმე თანაგუნდელი ცუდი მოთამაშეა ან რომ პროექტი განწირულია. ის ასახავს მრავალფეროვან და ხშირად, განსხვავებულ მოთხოვნებს ნებისმიერ ინიციატივაზე. თქვენი, როგორც პროექტის მენეჯერის მიზანია უზრუნველყოთ უსაფრთხო და კონსტრუქციული დისკუსია ყველასთვის, რათა გაჟღერდეს მხარეების მოთხოვნები და იპოვოთ გზა, რომელიც საუკეთესო შედეგს მიგაღებინებთ, არსებული რესურსების გათვალისწინებით.

უზრუნველყავით კონფლიქტის პროდუქტიული დინამიკა

უმჯობესია, ნებისმიერი ახალი პროექტი დაიწყოთ გუნდის წევრებს შორის სწორი კონფლიქტური აზროვნების განვითარებით. პროდუქტიული კონფლიქტი მოითხოვს, ყველა მხარემ შეაფასოს მოთხოვნები და სასარგებლო შეთანხმებები. ნუ ელით დაინტერესებული მხარეებისგან, რომ ნათლად გამოავლენენ თავიანთ პოზიციას ან თანაგრძნობას სხვების საჭიროებებისა და მოთხოვნების მიმართ. თვითგანვითარება დეფიციტური ფენომენია და ძნელია თანაგრძნობის გამოხატვა იქ, სადაც ინდივიდები ფოკუსირებულები არიან თავიანთ ფუნქციურ პრიორიტეტებზე. როგორც პროექტის მენეჯერმა, თქვენ უნდა გაზარდოთ ცნობიერება, გაგება და პატივისცემა მაგიდის გარშემო არსებული სხვადასხვა მოსაზრების მიმართ.

როდესაც შეუდგებით ახალ პროექტს, ჯანსაღი თანამშრომლობის გამოსავლენად, გუნდური ვარჯიშის შესრულებით დაიწყეთ. პირველი ნაბიჯია გუნდის თითოეულ წევრს დაეხმაროთ აღწერონ ის უნიკალური გამოცდილება, რომელიც მათ მოაქვს გუნდში, ასევე, რა საკითხებს მიაქცევენ ყურადღებას. შემდეგ, სთხოვეთ აღწერონ დაინტერესებული მხარეები, რომელთა ადვოკატირებაც მათ უნდა გასწიონ. ბოლოს, დაწერეთ წინააღმდეგობის აღწერა, რომელიც თითოეულმა ჩართულმა ადამიანმა უნდა ჩართოს მსჯელობაში. მაგალითად, გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს კონკურენციისადმი ყურადღების მიქცევა, პოტენციური მომხმარებლების ადვოკატირება და ინდივიდუალური მიდგომა. ამ დროს კი, საოპერაციო განყოფილება შეიძლება ორიენტირებული იყოს მიწოდების სიმარტივეზე, წარმოებასა და ლოჯისტიკაში მყოფი ადამიანების ჩართულობაზე.

მოისმინეთ განსხვავებული აზრი და მართეთ ეს დისკუსია

პროექტის დაწყების ამ სავარჯიშოს შესრულების დროსაც კი, ხშირია გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან დუმილი. თქვენი ამოცანაა შექმნათ უსაფრთხო სივრცე, სადაც გუნდი ღიად განიხილავს ყველა შესაბამის ვარიანტს, რისკსა და კომპრომისს. მიმართეთ ადამიანებს, დაუსვით კონკრეტული კითხვები, რომ აალაპარაკოთ.

ხელი უნდა შეუწყოთ, რომ ადამიანები ერთმანეთს შეეწინააღმდეგონ არგუმენტირებულად და თავადაც ღია იყვნენ საპირისპირო მოსაზრებების მოსასმენად. თქვენ შეგიძლიათ დასვათ დამაფიქრებელი კითხვები, როგორიცაა: „რა რისკები არ განგვიხილავს ჯერ?“, „ვინ შეიძლება გააპროტესტოს ეს გეგმა და რის საფუძველზე?“ ან „რის გამო შეიძლება ჩავარდეს ეს გეგმა და რა უნდა შევცვალოთ, რომ შემცირდეს ამის რისკი?”.

მართეთ გონივრულად

ყველა კონფლიქტი არ არის ჯანსაღი. როდესაც დინამიკა პროდუქტიული დაძაბულობიდან დესტრუქციულ ურთიერთქმედებაში გადადის, როგორც პროექტის მენეჯერს, უნდა შეძლოთ მისი განეიტრალება. შეიძლება დაგჭირდეთ ჩარევა, თუ ვინმე ხელს უშლის, ეწინააღმდეგება ან ამცირებს სხვებს. თქვენი ნაბიჯი დამოკიდებულია სიტუაციაზე. ივარჯიშეთ მართოთ ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ბევრს ლაპარაკობენ, რათა სხვებისთვისაც დარჩეს დრო სალაპარაკოდ.

თუ ერთი ადამიანის ქცევა ყურადღებას უფანტავს მთელ გუნდს ან კონფლიქტი პირად დაპირისპირებად იქცევა, ვერ შეძლებთ მართოთ სიტუაცია. შეხვედრების დაწყებამდე დრო დაუთმეთ, რომ ისაუბროთ კონკრეტულ ადამიანებთან იმაზე, თუ რა გჭირდებათ მათგან. თუ უსიამოვნო ან არაპროფესიონალური ურთიერთქმედება მაინც მოხდა, მიეცით პირს პირადი უკუკავშირი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მისი ქცევა პროექტზე. თუ პრობლემები გაგრძელდა, შეიძლება კონკრეტული პირის მენეჯერთან დაგჭირდეთ საუბარი – არა პრეტენზია ან კრიტიკა – არამედ გააზიაროთ ის, რაც ხდება და სთხოვოთ რჩევა, თუ როგორ გამოვლინოთ საუკეთესო ამ ადამიანში.

წყარო: HBR



რა ნაბიჯებს დგამენ პირველად მომავალი პროგრამისტები და რა ასაკიდან არის შესაძლებელი პროგრამირების სწავლა

8 მოთხოვნა ბრენდის ღირებულების სტრატეგიის შესაქმნელად