წონის კლება საკმაოდ კომპლექსური საკითხია – ის ჩვენგან არც თუ ისე ცოტა რესურსს მოითხოვს. გარდა იმისა, რომ ხშირად ზედმეტი ცხიმების მოცილება რეგულარულ ვარჯიშსა და დიეტას მოიაზრებს, ხშირად საჭირო ხდება მორალური მზაობაც. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ წონის კლება ჩვენი ტვინიდან იწყება, რადგან სწორი დამოკიდებულებები ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ფიზიკურ მონაცემებს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ წონის კლებისთვის ფსიქოლოგიურად..
წარმოიდგინეთ თქვენი თავი გამხდარი
თუ გინდათ იყოთ გამხდარი, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ზედმეტი კილოგრამების გარეშე. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენად კარგად იგრძნობთ თავს თვეების შემდეგ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რაში გიშლით ზედმეტი წონა ხელს.. იფიქრეთ აქტივობებზე, რომელთა გაკეთებაც გსურთ, მაგრამ არ შეგიძლიათ თქვენი წონის გამო.
გქონდეთ რეალისტური მოლოდინები
ნუ აიჩემებთ ერთ კონკრეტულ რიცხვს – დაფიქრდით კილოგრამების იმ დიაპაზონზე, რომლებიც თქვენთვის ყველა შემთხვევაში მისაღები იქნება. ასევე, გირჩევთ, არ გქონდეთ არარეალური მოლოდინი და არ იფიქროთ, რომ ერთ კვირაში ძალიან დიდი წონის დაკლებას შეძლებთ. მიეცით თქვენს თავს დრო.
დაისახეთ პატარა მიზნები
შეადგინეთ მცირე მიზნების სია, რომლებიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში. ეს მინი მიზნები უნდა იყოს ის, რაც გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრების წესს უმტკივნეულოდ. ეს მცირე მიზნები შეიძლება იყოს შემდეგნაირი:
- ყოველდღე მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული;
- გარკვეული სახის ფიზიკური აქტივობა დღეში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში;
- ალკოჰოლის დალევა მხოლოდ შაბათ-კვირას;
- ჩიფსის ნაცვლად უცხიმო პოპკორნის ჭამა;
- შემწვარი კარტოფილის ნაცვლად სალათის შეკვეთა რესტორანში.
მიიღეთ მხარდაჭერა
ჩვენ ყველას გვჭირდება მხარდაჭერა, განსაკუთრებით რთულ დროს. იპოვეთ მეგობარი, ოჯახის წევრი ან დამხმარე ჯგუფი, რომელთანაც შეგიძლიათ რეგულარულად იკონტაქტოთ და გაუზიაროთ ამ თემის შესახებ თქვენი დამოკიდებულებები. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც აზიარებენ თავიანთ ფიქრებს სხვებთან, იქნება ეს პირადად თუ ონლაინ, უკეთესად აღწევენ მიზანს, ვიდრე დიეტაზე მყოფები, რომლებიც ცდილობენ ამ შედეგს მარტოებმა მიაღწიონ.
დააჯილდოვეთ თავი
დიეტაზე ყოფნა ბევრი ადამიანისთვისაა სტრესი, რის გამოც ხშირად პატარ-პატარა ჯილდოებს ვსაჭიროებთ. გაასეირნეთ საკუთარი თავი ლამაზ ადგილას, წაიყვანეთ კინოში, წადით სალონში და ა.შ ეს გააკეთეთ მას მერე, რაც თქვენ მიაღწევთ თქვენს ერთ-ერთ მინი მიზანს.
რუბრიკას წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე