დღესდღეობით, არაერთი აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ხედვასა და კომპანიის მიზნებს შორის დიდი უფსკრულია. თუ კომპანიები ვერ გაერკვევიან, როგორ გამოასწორონ ეს ხარვეზი, ისინი სათანადოდ ვერ გამოიყენებენ ადამიანური კაპიტალის პოტენციალს. საბოლოო ჯამში, ამის გაკეთება მოითხოვს გარკვევას, თუ როგორაა შესაძლებელი თანამშრომლებისთვის თავიანთი კომპანიის მიზნებსა და ღირებულებებთან დაკავშირება. ეს საკითხი ჯერ კიდევ ახალია იმ ხელმძღვანელებისთვის, რომლებსაც სურთ ჯანსაღ კორპორაციულ მიზნებს მიაღწიონ და სამაგალითო სამუშაო გარემო შექმნან.
იარე ნელა, რომ წახვიდე სწრაფად
ბევრი კომპანია ჩქარობს მიზნის განსაზღვრას, შედეგად, იღებს იმედგაცრუებას. ამის საპირისპიროდ, არიან ლიდერები, რომლებიც ეფექტურ სტრატეგიებს იყენებენ.
განიხილეთ წინაპირობა
კეთილშობილური მიზნის განსაზღვრა ყოველთვის არ არის საუკეთესო გზა. შესაძლოა, პირველ რიგში, ძირითადი საოპერაციო საკითხების გამოსწორება დაგჭირდეთ. ანალიტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის სტრატეგიას, ხშირად გვაწვდის სასარგებლო ინფორმაციას, გვეხმარება მიზნის გარკვევაში და პირიქით. ასე რომ, დარწმუნდით, რომ განიხილავთ ორივეს, სანამ თქვენი კომპანიის მიზნის შესახებ ფართო კომუნიკაციას დაიწყებთ. მაგალითად, 2018 წელს, Ralph Lauren Corporation-მა წარადგინა თავისი მიზანი – „უკეთესი ცხოვრების ოცნების შთაგონება ავთენტური და მარადიული სტილის მეშვეობით“. ეს მიზანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბიზნესის სტრატეგიასთან, რომელიც ამავე პერიოდში შემუშავდა.
იყავით ინკლუზიური
ავთენტური მიზნები არ იბადება მთის მწვერვალებზე, რომელზეც რამდენიმე აღმასრულებელი ან ბრენდის კონსულტანტი ადიან. კომპანიის კეთილშობილური მიზანი ამ ოთხი სფეროს გადაკვეთაზე შეგიძლიათ მოძებნოთ:
* ადამიანური მოთხოვნილებები, რომლებზე ორიენტირებაც სურს კომპანიას
* კომპანიის უნიკალური შესაძლებლობები
* თანამშრომლების ინტერესების სფერო
* ეკონომიკური ღირებულების შექმნა
ამ სფეროებისა და მათი გადაკვეთის შესწავლა საჭიროებს უტყუარი ფაქტების მოძიებასა და ანალიზს. პროცესი უფრო ეფექტური იქნება, თუ მასში ჩართული იქნება გუნდის წევრების ფართო სპექტრი. მაგალითად, რა შეიძლება დასჭირდეთ ადამიანებს თქვენგან 15 წლის შემდეგ? ამ თემაზე სადაზღვევო კომპანია AXA-მ კომპანიის ლიდერების ახალი თაობა ჩართო სემინარების სერიაში, მათი ინტერესებისა და კომპანიის ამჟამინდელი და პოტენციური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ანალოგიურად, როდესაც Ralph Lauren Corporation-ის ლიდერები ცდილობდნენ სიტყვებით გადმოეხატათ დამფუძნებლის მკაფიო ხედვა და ღირებულებები, რომლებიც საკმარისად არ იყო გამოხატული, აღმასრულებელმა დირექტორმა პატრის ლუვეტმა ფართო ქსელის შექმნა გადაწყვიტა. ერთი წლის განმავლობაში, ამ პროცესზე პასუხისმგებელი გუნდი აწარმოებდა გასაუბრებებს მსოფლიოს გარშემო არსებულ მაღაზიებში და ცდილობდა მეტი გაეგო ფოკუს ჯგუფებისგან, თანამშრომლებისგან და რა თქმა უნდა, თავად დამფუძნებელ რალფ ლორენისგან.
ქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა საუბრობს
ინდივიდუალური ქცევები ემატება კომპანიის კულტურას და ისინი მძლავრი საშუალებაა კომუნიკაციისა და კომპანიის მიზნის მისაღწევად. თესლი ყვავის მხოლოდ სწორ ნიადაგში მოხვედრისას. ანალოგიურად, კომპანიის მიზანი სრულყოფილად ცოცხლდება მხოლოდ ისეთ კორპორატიულ კულტურაში, რომელიც მხარს უჭერს მას. მას შემდეგ, რაც სატია ნადელა გახდა Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი, მან გარდაქმნა კომპანიის კულტურა და დანერგა სწავლა, თანამშრომლობა და თანაგრძნობა, როგორც ბიზნესის პრიორიტეტი. კომპანიის ახალი მიზანი გახდა: „პლანეტის ყველა ადამიანსა და ყველა ორგანიზაციას მიეცეს მეტის მიღწევის საშუალება“. სტრატეგიული ცვლილება ამ კულტურული ტრანსფორმაციის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა.
აქციეთ ის რეალურად
იმისათვის, რომ რეალობად იქცეს, კომპანიის მიზანი უნდა „გადაითარგმნოს“ აბსტრაქტულიდან კონკრეტულ ტერმინებში. მაგალითად, Johnson & Johnson-ის სახელმძღვანელო პრინციპები, „ჩვენი კრედო“ ასახავს, რას ნიშნავს კომპანიის მიზანი – „გულის, მეცნიერებისა და გონიერების შერწყმა კაცობრიობის ჯანმრთელობის ტრაექტორიის ძირფესვიანად შესაცვლელად“ – პრაქტიკაში, კომპანიის მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისა და აქციონერებისთვის.
აღმასრულებელი დირექტორის, ლაქსმან ნარასიმჰანის ხელმძღვანელობით, Starbucks-მა განსაზღვრა, თუ როგორ განიმარტება კომპანიის მიზანი „ადამიანური კავშირის უსაზღვრო შესაძლებლობები ყოველ ჭიქასთან, ყოველ საუბართან და ყველა კომუნასთან“. მაგალითად, ის გვპირდება, რომ კომპანია იქნება „ხიდი უკეთესი მომავლისკენ“ თავისი თანამშრომლებისთვის, „გააუმჯობესებს ყოველდღიურობას“ თავისი მომხმარებლებისთვის… ასევე, თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილია სტიპენდიები უმაღლესი განათლების მისაღებად, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ონლაინ პროგრამის საშუალებით.
გაამარტივეთ
ეფექტური რომ იყოს, კორპორაციული მიზანი ყველას უნდა ესმოდეს. აბსტრაქტულიდან პრაქტიკულზე თარგმნა ნიშნავს მიზნის მარტივი, ადამიანური ტერმინებით ჩამოყალიბებას. ანალოგიურად, კულტურის განსაზღვრა, რომელიც საშუალებას აძლევს მიზნის ასრულებას, შეიძლება იყოს ამორფული და ბუნდოვანი, სანამ არ გადაიქცევა ერთგვაროვან, მძლავრ იდეაში, რომელიც ასახავს იმას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ყველა დონის თანამშრომლები უკეთესობისთვის. კარგი პრინციპები ან ღირებულებები ზედმეტად ზოგადი ცნებებია, რომ პრაქტიკულად სასარგებლო იყოს.
წყარო: HBR