15
Jan
2020

მუდმივად დაკავებულობა კლავს კრეატიულ აზროვნებას

15 Jan 2020

დღესდღეობით, სულ უფრო ხშირად შეხვდებით ავტონომიურად მართვადი ავტომობილების მსურველებს. მშვენიერი იდეაა, ეს ხომ მნიშვნელოვნად შეამცირებდა მძღოლის გაფანტვის მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რიცხვს. მართლაც, რა შედეგი მოაქვს ყურადღების გაფანტვას, არა? კვლევებით დასტურდება, რომ გონების დატვირთულობასთან მნიშვნელოვანი კავშირი აქვს კრეატიულ კრიზისს. კონცენტრირებასა და განტვირთვას შორის გადართვის უნარი მნიშვნელოვნად ამცირებს აუტანელ გადატვირთვას. ამის შესახებ სტენფორდელი ემა სეპალა წერს:

pasha-statiebi
pasha-statiebi

იდეა მდგომარეობს ბალანსში ხაზოვან აზროვნებას (რომელიც ინტენსიურ ყურადღებას მოითხოვს) და კრეატიულ ფიქრს შორის, რომელსაც უქმად ყოფნა ბადებს. ამ ორ რეჟიმს შორის გადართვა შემოქმედებითი სამუშაოს ოპტიმალური გზაა.

ნეირომეცნიერ დანიელ ლევიტინის აზრით, ინფორმაციული გადატვირთვა ერთგვარ ხმაურში გვაცხოვრებს. მაგალითად, 2011 წელს, ამერიკელები ხუთჯერ მეტ ინფორმაციას იღებდნენ, ვიდრე 25 წლით ადრე. სამუშაოს მიღამ, ჩვენ დღეში, დაახლოებით, 100 000 სიტყვას ვამუშავებთ. ამას კი არამხოლოდ ნებისყოფა ეწირება, არამედ, კრეატიული რესურსიც. ის იყენებს სრულიად სხვა ენას – ხაზოვანი აზროვნება ჩვენი ტვინის ცენტრალური შემსრულებელი ქსელის ნაწილია, ჩვენი ტვინის ფოკუსირების უნარია მაშინ, როცა შემოქმედებითი აზროვნება ჩვენი გონების ბუნებრივი მდგომარეობის რეჟიმის ნაწილია. ლევიტინი, რომელიც თავად იყო პროფესიონალი მუსიკოსი, წერს, რომ ხელოვანები რეალობას აღადგენენ და ისეთ ხედვას წარმოგვიდგენენ, რაც იქამდე უხილავი იყო. შემოქმედება პირდაპირ კავშირშია გონების ოცნების მდგომარეობასთან და ასტიმულირებს ახალი იდეების გენერირებას. კრეატიული ჩართულობა განტვირთვის ღილაკზე დაჭერას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში აუცილებელია გამოვყოთ დრო დასვენებისთვის, მედიტაციისთვის და უბრალოდ, უსაქმურობისთვის. ეს კი წარმოუდგენელია სამსახურში, რიგში, შუქნიშნის წითელ ნიშანზე დგომისას, როცა ტელეფონში იქექებით. თქვენი გონების ყურადღება მუდმივ სტიმულირებას განიცდის. შედეგად, მატულობს თქვენი გაღიზიანება და დამოკიდებული ხდებით დაკავებულ მდგომარეობაზე.

ეს კი საშიშია ცხოვრების ხარისხისთვის. მსოფლიოს არაერთი გენიოსი მივიდა მნიშვნელოვან აღმოჩენამდე სრული უმოქმედობის მომენტში. ნიკოლა ტესლამ მბრუნავი მაგნიტური ველების იდეამდე ბუდაპეშტში სეირნობისას მივიდა, ალბერტ ეინშტეინს კი უყვარდა დასვენება და მოცარტის მოსმენა აქტიური ფიქრისგან შესვენებების პერიოდში.

მოწყენილობისთვის დროის დათმობა ღირებული საქმეა, ესაა გადატვირთვა. შესაძლოა, ეს სწორედ ისაა, რაც ახლა გვჭირდება – შესვენება გადატვირთული კომუნიკაციებისა და ინტერაქციებისგან. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ცხოვრება მორზეს კოდს დაემსგავსებოდა, რომელსაც წყვეტა არ ექნებოდა.

როგორ გამოვითიშოთ იმ დროს, როდესაც ხელმძღვანელებს, კოლეგებსა და მეგობრებს “ხაზზე” ვჭირდებით? ამ ოთხ რჩევას მისდიეთ:

1. გაისეირნეთ გრძელ მანძილზე. ტელეფონის გარეშე. აქციეთ ეს ყოველდღიურ რუტინად.
2. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან.
3. დაუთმეთ მეტი დრო გართობასა და თამაშებს.
4. შეანაცვლეთ ერთმანეთს კონცენტრირებული მუშაობა და ნაკლებინტელექტუალური აქტივობები.

შესაძლოა, სადღაც მიგეჩქარებათ ან თვლით, რომ ცხოვრება გვერდით ჩაგიფრენთ, მაგრამ შესვენებების გარეშე, რისკავთ თქვენივე ნეირონური ქსელით.

თუკი დიდ დროს უთმობთ ზედაპირულ სამუშაოებს, ეს ნიშნავს, რომ სულ უფრო ნაკლები რესურსი გრჩებათ სიღრმისეული შემოქმედებისთვის. სინამდვილეში, კრეატიული შესაძლებლობების განვითარება ყველას შეგვიძლია. კვლევები გვიჩვენებს, რომ რაიმეს ხელიდან გაშვების შიში ზრდის შფოთვას და ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე, შორეულ პერსპექტივაში. და არამხოლოდ. ამ დანაკარგიდან კრეატიული ფიქრი ერთ-ერთი დიდი ზარალია. იმის მიუხედავად, რამდენად მოქნილი ლექსიკური მარაგი გაქვთ და რამდენად ღია ხართ ახალი იდეებისთვის, მიდგომის ქონა შეუფასებელია. ნუ გაცვლით ამ ყველაფერს ფეისბუკის ან ინსტაგრამის სქროლვაზე ან იმის შემოწმებაზე, რამდენი მოწონება დაიმსახურეთ. თქვენ მეტი შეგიძლიათ.

 

წყარო: Big Think



განხილვა