in

სამშენებლო საქმიანობის სწორი ორგანიზება და სათანადოდ მომზადებული პერსონალი არის საინჟინრო – სამშენებლო სფეროს სწორად მართვის საფუძველი

საქართველოში სამშენებლო კომპლექსის მართვა რიგი გარემოებების გამო, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ, მეტად გართულებულია. სამწუხაროდ  უკვე 30 წელია ამ უმნიშვნელოვანესი სფეროს მართვა ქაოსურად მიმდინარეობს ,  სათანადოდ არ იმართება არა მხოლოდ სამშენებლო პროცესი, არამედ საბინაო ფონდიც, რომლის ტექნიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული  მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები,  მათი უსაფრთხოება, მითუმეტეს სეისმურად აქტიურ რეგიონში.

2021 წლის 8 ოქტომბერს ქ. ბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ ერთხელ კიდევ შეგვახსენა , რომ სახელმწიფოს შესაბამისი სამშენებლო სტრუქტურები აღმოჩდნენ სასწრაფო და გადაუდებელი ამოცანების წინაშე.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყნის 8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარე დედაქალაქში, რომლის განაშენიანების სიმჭიდროვე განაპირობებს მაღალ უსაფრთხოების რისკებს. ქ. თბილისის ძველ უბნებში განლაგებული შენობების უმრავლესობა ამორტიზებულია და  იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში.  უკანასკნელ წლებში მომხდარმა მიწისძვრებმა კიდევ უფრო შეამცირა მოსახლეობის უსაფრთხოება.  ამასთან ერთად გასათვალისწინბელია ,  რომ ქალაქის 60-იანიდან 90-იან წლებამდე განაშენიანებულ უბნებშიც კი მასიური მშენებლობისათვის გამიზნული ტიპიური შენობების უმრავლესობა უკვე ვეღარ აკმაყოფილებს დღეს არსებული ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს.   ზემოხსენებული შენობების დიდი ნაწილი , ფიზიკური ცვეთის , არასწორი ექსპლუატაციის გამო საფრხთის შემცველი გახდა და შეიძლება ჩაითვალოს რომ ისინიც ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება, რომელთა  დიდი ხნით უყურადღებოთ დატოვება უსაფრთხოების რისკს კიდევ უფრო ზრდის.

დედაქალაქში, აუცილებელია  დადგენილ იქნეს  , თუნდაც ვიზუალური დათვალიერების შედეგად , მოსახლეობისთვის უსაფრთხოების რისკის შემცველი შენობების ნუსხა. ვიზუალური დათვალიერება უნდა ჩატარდეს მზიდ კონსტრუქციებზე, ამ მეთოდით გამოვლენილი დეფექტებისა დაზიანებების ხარისხი იძლევა საშუალებას განისაზღვროს რამდენად არიან ისინი საფრთხის შემცველნი,  ან რამდენად აქვეითებენ ისინი შენობის საექსპლუატაციო თვისებებს, როდის შეიძლება მივაკუთვნოთ შენობებს ავარიულობის სტატუსი და აქედან გამომდინარე მიღებულ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები.   აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია შენობების ფიზიკური ცვეთის პრობლემა, დადგენილია რომ საცხოვრებელი შენობების ცვეთა ინტესიურად მიმდინარეობს ექსპლუატაციის პირველ პერიოდში (20-30 წელი) და 90-100 წლის შემდეგ. ეს პროცესებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებილი შენობათა ხანგამძლეობისა და ტექნიკური მდგომარეობის  დადგენისას , აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ახლადაშენებული სახლებიც.

არ შეიძლება არ შევეხოთ ისეთ მტკივნეულ საკითხს როგორიცაა სამშენებლო კომპლექში დასაქმებული პერსონალის (მუშები, სამუშაოების მწარმოებლები, საპროექტო სამუშაოების შემსრულებლები, და ა.შ) კვალიფიკაციის საკითხი, ნებისმიერ დარგში ცოდნა ხომ საფუძველთა საფუძველია საქმის სწორი ორგანიზების , აღნიშნულის გარეშე ვერც სამუშაო შესრულდება ხარისხიანად და არც შენობა იქნება საიმედო.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ჩვენი ქვეყნისთვის რომლის ტერიტორიაც მიეკუთვნება 8-9 ბალიანი სეისმური რისკის ზონას. იგივე ითქმის მართვის იმ სტრუქტურებზე, რომელთა მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი და დაცული ნაგებობის , რაიონის, რეგიონის საიმედოობა და შესაბამისად მოსახლეობის უსაფრთხოება.

ზემოხსენებული პრობლემების წარმატებით გადასაჭრელად,  ჩვენი აზრით სწრაფად  თანმიმდევრულად უნდა იქნეს განხორციელებული ოპერატიულ ღონისძიებათა მთელი სპექტრი , საინჟინრო სფეროშო განათლების სისტემისა და  სამშენებლო კომპლექსში დასაქმებული პერსონალის მომზადების დონის სრულყოფით (გადამზადება, ტრენინგი, პრაქტიკები და ა.შ.), არსებული ნორმატიული დოკუმენტების  მკაცრი დაცვით .  სწორედ მშენებლობაში ჩართული ყოველი მონაწილის მიერ უნდა იქნეს გაცნობიერებული ტექნიკური რეგლამენტისა და სტანდარტებში  დასმული ამოცანების  იურიდიული ძალა,  რაც იქნება საფუძველი იმისა , რომ  მთლიანი პროცესები უსაფრთხო იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

მთავარი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის საინჟინრო , მათ შორის სამშენებლო დარგის მართვის სწორი სტრატეგიის შემუშავება , შერჩევა და კონტროლის მექანიზმის დამუშავება , რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას აღნიშნულ საკითხებში.  მხოლოდ ამ შემთხევაში სახელმწიფოს მიერ სამშენებლო   საქმიანობის   რეგულირება კანონმდებლობის საფუძველზე დაიცავს ადამიანების სასიცოცხლო ინტერესებს  და მათ უსაფრთხოებას.  ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობა საქართველოს  საინჟინრო რისკების შემცველ ქვეყნად გადაქცევას.

ავტორი: ინჟინერი, აკადემიური დოქტორი – ალექსანდრე ბერძენიშვილი

[R]

ირემი კისერზე ჩამოკიდებული საბურავისგან გაათავისუფლეს

„სოფლის შენებას რა უნდა?“ – ირაკლი გაფრინდაშვილი