in

როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა Covid-19-ის ფონზე? [გლობალური მიმოხილვა]

სანამ ქვეყნები და ორგანიზაციები Covid-19-ის წინააღმდეგ მუშაობენ, სამომხმარებლო ბაზარი ამ რეგულაციების ეკონომიკურ შედეგებს იმკის. იცვლება მომხმარებლების ფინანსური მდგომარეობა, განწყობა, ჩვევები, ქცევები… შესაბამისად, კომპანიებს, მარკეტერებს, ანალიტიკოსებსა და სხვა სპეციალისტებს უწევთ გადაწყობა ახალ რეალობასა და მოცემულობაზე. დღეს, ბიზნეს ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესია გააზრება, თუ როგორია მომხმარებლის განწყობა, შემოსავალი, ახალი ქცევები. ამ საკითხების შესასწავლად, ანალიტიკურმა კომპანია McKinsey & Company-მ 38 ქვეყანაში გამოიკვლია მომხმარებლების ქცევა კრიზისის პერიოდში და მათგან 12 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, თუ რა გავლენა მოახდინა Covid-19-მა მათ მოსახლეობაზე. ამ სტატიაში მოწოდებული ინფორმაცია, Mckinsey & Company-ის გუნდის მიერ მომზადებულ მასალებს ეფუძნება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

მომხმარებლის განწყობა

იმ ევროპულ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, მაჩვენებლები ბევრად დრამატულია აფრიკასთან, აზიასთან და ამერიკასთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, მაგალითად, ჩინეთში, მოსახლეობის განწყობა 53%-მდე გაუმჯობესდა.

მომხმარებლის შემოსავალი

საერთო ჯამში, მომხმარებლები შემოსავლების კლებას მოელიან. გლობალურ დონეზე, მომხმარებელთა 30-50%-ს მოლოდინი აქვთ, რომ მათი შემოსავლები, უახლოესი კვირების მანძილზე, კიდევ განაგრძობს შემცირებას, თუმცა, დაახლოებით 10% პირიქით ფიქრობს. ამ მხრივ, ჩინელი მომხმარებლები უფრო ოპტიმისტურები არიან – რისკების ზრდას გამოკითხულთა 30% ელის, მის შემცირებას კი – 37%. აშშ-ში, ევროპის ბევრ ქვეყანაში, იაპონიასა და ინდოეთში, 25-49% ელის ნეგატიურ შედეგებს. ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკაში, გერმანიასა და კორეაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დრამატულია – შემოსავლების კლების მოლოდინი 54-63%-ს აქვს.

 

ხარჯვითი ქცევები

შესყიდვების გაზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ოპტიმისტურ განწყობაზე. ჩინეთში, მომხმარებლების დადებითი განწყობა პირდაპირ აისახება მათ ხარჯვით გეგმებზე. იგივე შეინიშნება ინდონეზიაში, ნიგერიასა და ინდოეთში. ხარჯების ზრდას მოელიან ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც (ბრაზილია, იაპონია, პორტუგალია…), სადაც ოპტიმიზმი ნაკლებია. ევროპელი მომხმარებლები კი (მათ შორის, იტალიელი, ესპანელი, ფრანგი და ბრიტანელი) ნაკლებად გამოირჩევიან გარგი განწყობით და ხარჯების შემცირებაზე არიან ორიენტირებულნი. რაც შეეხება ამერიკას, აშშ-ში განწყობა ბევრად უკეთესია, ევროპასთან შედარებით, თუმცა, ისინიც ხარჯების შემცირებისკენ უფრო მეტად იხრებიან.

რა კატეგორიებში შეინიშნება ხარჯების მატება და ვარდნა

მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ Covid-19-ის ეფექტი მათზე გრძელვადიან პერსპექტივაში იქონიებს გავლენას. შესაბამისად, ისინი დისკრეციული ხარჯების შემცირებას ცდილობენ. ზოგიერთ კატეგორიაში უფრო მკვეთრია ვარდნა, მაგალითად, სარესტორნო სფეროში, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბიზნესში, ტურისტულ და გასართობ ინდუსტრიაში. ეს ქცევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახლიდან ხდება შეკვეთა და ამავდროულად, მომხმარებელი ცდილობს ნაკლებად დახარჯოს თანხები, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს სფეროებს, რა მიმართულებითაც გაიზარდა ან შემცირდა შესყიდვები, სხვადასხვა ქვეყანაში. წითელი მაჩვენებელი შემცირებაზე მიუთითებს, ლურჯი კი – ზრდაზე.

რა მოლოდინები აქვთ მომხმარებლებს, რამდენად ხანგრძლივი იქნება პანდემიის ზეგავლენა პირადად მათზე

გლობალურ დონეზე, მომხმარებლები ელიან, რომ Covid-19 მათ ფინანსებსა და პირად რუტინაზე გრძელვადიანად იმოქმედებს.

გლობალურ დონეზე, მომხმარებელთა 75%-ზე მეტი მოელის, რომ კორონავირუსის გავლენა 2 თვეზე მეტხანს გასტანს, პირადად მათთვის, დაახლოებით 50%-ს კი მოლოდინი აქვს, რომ ეს დრო 4 თვეზე მეტი იქნება. ჩინეთსა და აშშ-შიც კი, სადაც მომხმარებელთა 40%-ზე ოპტიმისტურადაა განწყობილი ეკონომიკის აღდგენის მიმართ, 90% ელის, რომ სულ მცირე 2 თვე იქნება საჭირო ნორმალურ რუტინაზე გადასასვლელად, 50%-ზე მეტი კი მიიჩნევს, რომ მათ ფინანსებს ეს 4 თვეზე მეტხანს შეეხება.

ევროპული ქვეყნები, რომლებიც პანდემიისგან ნაკლებად დაზარალდნენ, უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, აქ მომხმარებელთა 60% თვლის, რომ ფინანსური ზეგავლენა 2 თვეს გაგრძელდება. აი, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში კი, ფინანსების ნორმაში ჩასადგომად, მომხმარებელთა თითქმის 100% უფრო ხანგრძლივ დროს ვარაუდობს.

რაში დახარჯავენ დროს მომხმარებლები

მომხმარებლები მოელიან ცვლილებებს იმ მიმართულებითაც, თუ როგორ გაატარებენ თავისუფალ დროს. უმეტესობა მათგანს მოლოდინი აქვს, რომ სამუშაოს უფრო ნაკლებ დროს დაუთმობს და უფრო მეტად დაკავდება გართობით, მათ შორის, ციფრული, ვიდეო, სიახლეებისა და სოციალური მედიის პლატფორმებით. ამ მხრივ, გამონაკლისია ჩინეთი, სადაც მომხმარებლები უფრო მეტი დროის გატარებას სამსახურში აპირებენ. დაწვრილებითი მონაცემების ნახვა ამ ცხრილში შეგიძლიათ, წითელი ნიშნული მიუთითებს დროის მოცულობის კლებას, ლურჯი კი – ზრდას.

 

წყარო: mckinsey.com

ავტორები:

შრუტი ბჰაგავა – Mckinsey-ის ფილადელფიის ოფისის უფროსი ექსპერტი
კორნი ბუზელი – უოლტჰემის ოფისის სპეციალისტი
თამარა ჩარმი – ბოსტონის ოფისის უფროსი ექსპერტი
რესილ დასი – გურგაონის ოფისის სპეციალისტი
მიშელ ფრადინი – ნიუ-იორკის ოფისის კონსულტანტი
ან გრიმელტი – სტენფორდის ოფისის უფროსი ექსპერტი
ჯანინ მანდელი – დენვერის ოფისის კონსულტანტი
კელსი რობინსონი – სან-ფრანცისკოს ოფისის პარტნიორი
სებასტიან პფლუმი – სან-ფრანცისკოს ოფისის კონსულტანტი
კრისტა სეიდი – სიეტლის ოფისის კონსულტანტი



„თიბისი დაზღვევა“ COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში Data Driven Marketing-ის ახალი კურსი დაიწყო!