in

CONTACT — „პირველი ვიდეო კონტენტ სააგენტო საქართველოში“

თანამედროვე სამყაროში, ვიდეო ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. სპეციალისტების პროგნოზით, 2023 წლისთვის, ინტერნეტ ტრეფიკის მინიმუმ 85% ვიდეო კონტენტზე გადანაწილდება. შესაბამისად, დიდბიუჯეტიანი საიმიჯო რგოლები აქტუალობას კარგავს და მომხმარებელთან კომუნიკაცისთვის ბევრად სხარტი და მარტივი ვიდეო კონტენტის ყოველდღიური საჭიროება დგება.

საქართველოშიც სულ უფრო მეტად გამოიყენება ვიდეო, როგორც მომხმარებელთან კომუნიკაციის ეფექტური ინსტრუმენტი. ვიდეო კონტენტზე გაზრდილი მოთხოვნისა და ხარისხის დახვეწის საჭიროების კვალდაკვალ, გასულ წელს, ქართულ ბაზარზე პირველი ვიდეო კონტენტ სააგენტო CONTACT გამოჩნდა და საზოგადოებას განსხვავებული სამუშაო მიდგომები შესთავაზა.

სააგენტოს შექმნის, მიღწევებისა და მიზნების შესახებ ვრცლად, CONTACT-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი – გოგიტა ჩიკვაიძე საუბრობს:

გოგიტა, მოგვიყევი შენი გამოცდილების შესახებ. რა პროფესიული გზა გაიარე CONTACT-მდე და რამ მოახდინა მთავარი გავლენა შენს დღევანდელ საქმიანობაზე?

ბოლოდან დავიწყებ: მთავარი გავლენა ჩემს დღევანდელ საქმიანობაზე ჩემი ბავშვობიდან მოდის. აზრის გაჩენის პირველივე დღიდან საკუთარი თავი მხოლოდ ამ სფეროში წარმომედგინა. შესაბამისად, ადრეული ასაკიდანვე ვეძიებდი და ვპოვებდი გამოცდილებასა და ცოდნას  პროდაქშენის მიმართულებით. პირველი პროფესიული სამსახური რუსთავი 2 იყო, სადაც 4 წელი  გავატარე და გავსინჯე ყველა ინგრედიენტი, რომელიც საბოლოო პროდუქტის — ვიდეო კონტენტის შექმნისთვის იყო საჭირო. თავი გამოვცადე ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა რეჟისორის ასისტენტი, ოპერატორი, დამდგმელი ოპერატორი და რეჟისორი. პარალელურად დავმეგობრდი და თანამშრომლობა დავიწყე საქართველოში ყველაზე დიდ კინომწარმოებელ კომპანიასთან Sarke Studio. აქ დოკუმენტური მიმართულების ხელმძღვანელად ვიმუშავე. სარკემ ყველაზე ღირებული გამოცდილება მომცა და კინო საწარმოო პროცესის დანახვასა და აღქმაში დამეხმარა. დასაწყისიდან ბოლომდე, ჩართული ვიყავი საქართველოში შექმნილი ჰოლივუდის სტანდარტების კინო წარმოებაში და შეუფასებელი ცოდნა მივიღე. ამ პერიოდში მომეცა შესაძლებლობა გავმხდარიყავი ისეთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ნაწილი, როგორიცაა: Berlinale, Festival de Cannes და American Film Market. აქ მივიღე გამოცდილება, რომლის გარეშე საერთაშორისო ბაზარზე ოპერირება შეუძლებელია.

სარკესთან თანამშრომლობასთან ერთად აღმოვჩნდი კრეატიულ სააგენტოში რედბერი, სადაც სრულიად განსხვავებული გარემო და სამუშაო დამხვდა. ჩვენი პირველი პროექტი GWP-ის ცნობილი კამპანია – “Thirsty Tags” იყო. პროცესითა და შედეგით მიღებული სიამოვნება მშვენიერი საფუძველი აღმოჩნდა მათთან ურთიერთობის გასაგრძელებლად. მოგვიანებით საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდიდან მივიღე შეთავაზება და ფილმმეიქერის პოზიცია დავიკავე. ამასთან ერთად, დავიწყე ფრილანსერად მუშაობა და სწორედ ამ უკანასკნელი მიმართულების სწრაფად განვითარებამ ლოგიკურად მიმიყვანა CONTACT-მდე.

კონკრეტულად როდის და როგორ გაჩნდა CONTACT-ის შექმნის იდეა? რა არის სააგენტოს ძირითადი მიზანი?

ვიდეო ფროდაქშენში მიღებულმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ მომცა საფუძველი და მოტივაცია, რომ გამეგრძელებინა საყვარელი საქმის კეთება, თუმცა უკვე კონკრეტული ბრენდისა და კომპანიის ქვეშ. სწორედ ამიტომ, 2021 წლის დასაწყისში, ჩემს შესანიშნავ გუნდთან ერთად, დავიწყე საქართველოში პირველი ვიდეო კონტენტ სააგენტოს, CONTACT-ის შენება, რომელიც ბაზარზე ახალ გამოცდილებას შექმნიდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა. დღემდე ამ მიზანს ვემსახურებით და ვცდილობთ კლიენტის საჭიროებებზე მორგებული ვიდეო კონტენტი შევქმნათ, რომელიც ზუსტად მიიტანს მომხმარებლამდე მესიჯს და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებად იქცევა.

რა სახის მომსახურებებს აერთიანებს CONTACT და ვისგან შედგება გუნდი, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებს?

ჩვენი მომსახურება და პორტფოლიო მოიცავს პროექტების ფართო სპექტრს. ვიდეო კონტეტი 5 ძირითად მიმართულებად იყოფა: Promotional (სარეკლამო), Entertainment (გასართობი), Educational (საგანმანათლებლო), Documentary (დოკუმენტური)  Informational (ინფორმაციული). ისინი თავის მხრივ 15 განსხვავებულ მიმართულებას აერთიანებს. CONTACT კლიენტს ვიდეო კონტენტის იდეის გაჩენიდან პოსტ ფროდაქშენამდე მიმდინარე პროცესის სრულად წარმართვას სთავაზობს. შესაბამისად, გუნდში გვყავს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: ქოფირაითერი, პროდიუსერი, ხმის ოპერატორი, ოპერატორი, რეჟისორი და სხვ. ამასთან, კლიენტს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისა და ბიუჯეტის მიხედვით აირჩიოს კონკრეტული მომსახურებები და არა სრული სპექტრი.

როგორ ფიქრობ, რით გამოირჩევა CONTACT და რა მთავარი უპირატესობები აქვს თქვენთან თანამშრომლობას?

CONTACT შედგება სანდო, საქმის პროფესიონალთა გუნდისგან რომელიც თანაბარი ძალისხმევით მუშაობს როგორც პატარა პროექტებზე, ისე დიდ სარეკლამო ვიდეორგოლებზე. ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას და ასე ვთქვათ გულისთქმის ამოცნობას. მისი მიზნისა და საჭიროების გაგებისთანავე, ვიწყებთ მუშაობას და ვთავაზობთ კონკრეტული გამოწვევის გადაჭრის ეფექტურ გზებს.

ჩვენთვის კლიენტი პარტნიორია. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, ერთი მხრივ ბიუჯეტს მოვარგოთ გამოწვევის გადაწყვეტის გზები და მეორე მხრივ, ზუსტად და ეფექტურად მივიტანოთ მომხმარებლამდე სათქმელი. ჩვენ ვქმნით გამოცდილებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ორივე კომპონენტის შესრულება შესაძლებელია კომპრომისის გარეშე. კლიენტისთვის სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნების გაჩენა/შენარჩუნება, ჩვენი მუშაობის პროცესის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილია. ჩვენი გუნდი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და კლიენტს არ უწევს ღელვა პროექტში დეტალურ ჩართვაზე. CONTACT-ის კლიენტმა იცის, რომ ნამუშევარს აუცილებლად მიიღებს მითითებულ ვადებში და მაღალი ხარისხით. დაბოლოს, CONTACT-ის გუნდს სფეროს განვითარების პულსზე მუდმივად უჭირავს ხელი. ვცდილობთ, რომ ჩვენ თავად ვიყოთ ტრენდსეტერ კრეატორებთა რიცხვში.

რა ტიპის და სიდიდის ბიზნესებს მოიაზრებთ თქვენს კლიენტებად?

ჩვენი კლიენტი არის ერთი მხრივ, მარკეტინგის გუნდის წევრი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე ან კონტენტის მომზადებაზე. მეორე მხრივ კი, ისეთი მცირე ან საშუალო ზომის ბიზნესი, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ამ სფეროში გამოცდილება, თუმცა ჭირდებოდეს ვიდეო კონტენტის შექმნისთვის სანდო პარტნიორი, რომელთანაც კომუნიკაცია იქნება მარტივი. შედეგად კი მომხმარებელთან ეფექტიანი კონტაქტის დამყარებას შეძლებს.

რამდენადაც ჩვენი სამუშაო სტრატეგია კლიენტის საჭიროებებსა და ბიუჯეტზეა მორგებული, ამდენად CONTACT-ის სამიზნე აუდიტორია შეიძლება იყოს ნებისმიერი სიდიდის ბიზნესი.

როგორ შეაჯამებდი სააგენტოს მიერ განვლილ ერთ წელს?

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ CONTACT-მა წარმატებული სტარტი აიღო და საკმაოდ მოკლე ვადაში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. გასული წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ შეიქმნა 500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვიდეო. დავიწყეთ თანამშრომლობა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის ათობით ორგანიზაციასთან. გასულმა წელმა კიდევ უფრო უკეთ დაგვანახა ახალი შესაძლებლობები და განვითარების გზები. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას მომავალში.

[პარტნიორის კონტენტი]

ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში — „ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება

LEGO 90 წლის იუბილეს ყველა ასაკის მშენებელთან ერთად აღნიშნავს