in

როგორ უნდა ითანამშრომლოთ კონტენტის შემქმნელებთან, რათა პარტნიორობა წარმატებული იყოს

შემოქმედებითი ინდუსტრია უწყვეტად რომ განაგრძობს ზრდას მსოფლიო მასშტაბით, ეს უდავო ფაქტია. გლობალური ეკონომიკა 207 მილიონზე მეტ შემქმნელს მოიცავს მთელი მსოფლიოდან და მხოლოდ 2023 წელს ის 250 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული. 

ამის მიუხედავად, ერთ-ერთი მთავარი, რაც ბრენდებს ჯერ კიდევ არ ესმით, ისაა, თუ როგორ უნდა დაამყარონ წარმატებული პარტნიორობა შემქმნელებთან. ახლა, როცა ციფრული კონტენტი იმაზე მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე, შემქმნელთა გლობალური ბაზარი სულ უფრო იზრდება, რასაც ახალ-ახალი პლატფორმების გაჩენაც უწყობს ხელს.

რა განსხვავებაა ინფლუენსერსა და შემქმნელს შორის

პირველ რიგში, ამის გააზრება არ გვაწყენდა.  კონტენტის შექმნა და ინფლუენსერობა ერთი და იგივე არ არის. თვითონ სიტყვაც გვეუბნება, რომ ინფლუენსერები ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისთვის ქმნიან აუდიტორიას და გავლენას ახდენენ მასზე. მათ აქვთ თავისუფლება, აირჩიონ, რას გაარეკლამებენ საკუთარ გვერდზე. ისინი ხშირად მუშაობენ იმაზე, რომ დაარწმუნონ თავიანთი მიმდევრები, შეიძინონ კონკრეტული ბრენდი, პროდუქტი, მომსახურება. თითოეულ ინფლუენსერს თავისი ნიშა აქვს. 

კონტენტის შემქმნელი არ მუშაობს პირადი ინტერესების გაყიდვაზე, მისი საქმიანობის სფერო უფრო საგანმანათლებლო და გასართობია. ის მუშაობს კონკრეტული ბრენდის ან კომპანიისთვის და მისთვის ქმნის აუდიტორიას, რომელსაც შემეცნებით ვიდეოებს, პოსტერებს და ტექსტებს სთავაზობს ამ კომპანიის უკეთ გასაცნობად.

ახლა, როცა უკვე გავმიჯნეთ ეს ორი როლი, ვისაუბროთ იმ რამდენიმე საკითხზე, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ კონტენტ კრეატორებთან თანამშრომლობის დაწყებამდე.

მიეცით თავისუფლება კონტენტის შემქმნელს

ადამიანის ხასიათში ზის სხვისი გაკონტროლება, მაგრამ როცა საქმე კონტენტ კრეატორთან თანამშრომლობას ეხება, კომპანიამ უნდა მოთოკოს ეს თვისება. ხშირ შემთხვევაში ბრენდის მხრიდან შემქმნელის საქმეში ჩარევა კომპანიას უფრო აზიანებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვს. კონტენტის შემქმნელები თავისი საქმის ექსპერტები არიან, ამიტომ უნდა გჯეროდეთ, რომ მათ შეუძლიათ შექმნან ღირებული კონტენტი თქვენი ბრენდის პროდუქტებისა თუ სერვისებისთვის.

პატივი ეცით შემქმნელის ღირებულებებს

ყველა კონტენტ კრეატორს აქვს თავისი ხელწერა და ნიშა, რომლის დაცვაც აუცილებელია. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ კონტენტ კრეატორი აქტიურად სთავაზობს აუდიტორიას ვიდეოებს ვეგეტარიანულ საკვებზე, უხერხული იქნება, თუ თქვენ მას ხორციანი კერძების გარეკლამებას მოსთხოვთ. ეს მისი პროფესიული კარიერისთვის პრობლემური იქნება, რადგან ერთი და იგივე ადამიანი ვერ ჩაწერს ვიდეოს ვეგეტარიანელობის სიკეთეებსა და ხორცის გემრიელ კერძზე. 

განსაზღვრეთ თქვენი პარტნიორული სტრატეგია

ის, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ კონტენტ კრეატორთან დაკავშირებამდე, არის იმ სამუშაო მასშტაბის განსაზღვრა, რის გაკეთებასაც აპირებთ მასთან ერთად. არ შეხვდეთ კონტენტის შემქმნელს ისე, რომ არ იცოდეთ, რისი მიღება გსურთ მისგან. ისინი შეიძლება გარკვეულწილად დაგეხმარონ მიზნების განსაზღვრაში, თუმცა მთლიანად მათ ნუ აჰკიდებთ ამ პასუხისმგებლობას.

მიეცით მას მოქნილი გრაფიკი

ამ პროფესიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კონტენტის შემქმნელები, როგორც წესი, თავისუფალი გრაფიკით იღებენ პროექტებს და თავად განსაზღვრავენ, როგორ გადაანაწილონ დრო. შეუთანხმდით მათ შესასრულებელ დავალებებსა და მოლოდინებზე, რომლებიც გაქვთ, დანარჩენს კრეატორი თავად მიხედავს.

იყავით მზად მათ მხარდასაჭერად

გაითვალისწინეთ, რომ საზოგადოების აზრი შეიძლება მრავალგვარი იყოს და ეცადეთ, როგორც კომპანიამ, საკუთარი კონტენტ კრეატორის მხარდაჭერა რაციონალურად შეძლოთ. თქვენი მხრიდან ნეგატიური გამოხატულება არა მხოლოდ მას, არამედ თქვენს ბრენდსაც დააზიანებს. პარტნიორობა სწორედ თანაბარ ძალებსა და მხარდაჭერაზე დგას, ამიტომ თუ ვინმე უარყოფითად შეაფასებს თქვენი კონტენტ კრეატორის გადაწყვეტილებას, ეცადეთ, იყოთ რაციონალური და ობიექტურად შეაფასოთ. არ დაიჭიროთ პირდაპირ საწინააღმდეგო პოზიცია.

ESA, ეგზოპლანეტების აღმოსაჩენად, ახალ ტელესკოპს ქმნის!

ნახეთ: როცა დუდლი შეხვდა დისნეის პერსონაჟებს…