in

როგორ უნდა მოიქცნენ კონტენტ კრეატორები, თუ ინსტაგრამი „მოკვდა“?

დღევანდელ ეკონომიკურ გარემოში ახალი მომხმარებლების პოვნა და მუშაობის სტაბილური ტემპის შენარჩუნება არც ისე ადვილია გრაფიკოს დიზაინერებისთვის, ილუსტრატორებისთვის, მხატვრებისა და სხვა შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის. ამის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამი დიდი ხნის განმავლობაში სასარგებლო არხი იყო კრეატორების წარმოსაჩენად, მისი ეფექტურობა საგრძნობლად იკლებს. მიზეზი კი ალგორითმული ცვლილებები და კონკურენციის გაზრდაა.

X-ზე ჩატარებული კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, „კვდება თუ არა ინსტაგრამი კრეატორებისთვის“, 75,8%-მა უპასუხა, რომ პლატფორმა მართლა კარგავს თავის ძალას. მხოლოდ 11,9%-ს სჯერა, რომ ის ჯერ კიდევ სასარგებლოა; ხოლო 12,4% რაიმე სხვაობას ვერ გრძნობს.

და რა არის ალტერნატივა? სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც საქმიანობის განვითარებაში დაგეხმარებათ, ნაცვლად იმისა, რომ ცვალებად მედია პლატფორმებს დაეყრდნოთ. ასე ვთქვათ, მიდგომის დივერსიფიკაციით და უფრო პირდაპირ, ურთიერთობების დამყარების ტაქტიკაზე ფოკუსირებით, მნიშვნელოვნად გაგიადვილდებათ სტაბილურობის მიღწევა.

1. დახვეწეთ თქვენი ნიშა

გადატვირთულ ბაზარზე სპეციფიკური ნიშის გამოკვეთა გადამწყვეტია. ფოკუსის შევიწროებით და კონკრეტულ სერვისებსა თუ ინდუსტრიებში სპეციალიზებით, შეგიძლიათ საუკეთესო პროფესიონალად იქცეთ. ეს ორიენტირებული მიდგომა მარკეტინგულ ძალისხმევასაც მეტად მიზანმიმართულ, ეფექტურ სახეს მისცემს.

2. გააუმჯობესეთ პორტფოლიო

როგორც წესი, ონლაინ პორტფოლიო პირველ შთაბეჭდილებას ტოვებს პოტენციურ დამკვეთებზე. შესაბამისად, მისი სათანადოდ მოწესრიგება აუცილებელია — მასში მოცემული უნდა იყოს უახლესი ნამუშევრები, შესაძლებელი იყოს მარტივი ნავიგაცია და მოიცავდეს პროექტების ფართო სპექტრს. ასე გაცილებით ადვილად აღიქვამენ, როგორ აკმაყოფილებს თქვენი შესაძლებლობები სხვების მოთხოვნებს თუ საჭიროებებს.

3. დაიწყეთ პარტნიორობა

პროფესიონალებთან თანამშრომლობა, რომლებსაც განსხვავებული სერვისების შეთავაზება შეუძლიათ დამკვეთებისთვის, დამატებით შესაძლებლობებს გაგიჩენთ კარიერულ გზაზე. მაგალითად, გრაფიკოს დიზაინერს შეუძლია, ციფრულ მარკეტერთან ითანამშრომლოს, რათა დამკვეთებს ერთგვარი სრულყოფილი პაკეტი შესთავაზოს.

4. ეკონტაქტეთ ადამიანებს პირდაპირ

ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელიც დღესდღეობით სოციალურ მედიას აქვს, საკმაოდ გავრცელებულია: არ ვიცით, რამდენად ნახავენ მიმდევრები ყველა პოსტს. ამიტომაც გამოსავალი მათთან პირდაპირ დაკავშირებაა.

მაგალითად, შეგიძლიათ მიზნობრივი ელ.ფოსტის მარკეტინგული კამპანია დაიწყოთ, რაც ძველ და პოტენციურ კლიენტებთან კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ. ამ გზით გააზიარებთ სიახლეებს ახალი სერვისების, პროექტებისა და ზოგადად ინდუსტრიის შესახებ — შეინარჩუნებთ აუდიტორიის ჩართულობას.

რას გვიამბობს PR კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტი იორგ რიომი Young Lions Georgia 2024-სა და ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაზე

საქართველოს ბანკის იდეათეკა სკოლებში – ბავშვების საყვარელი განათლების სივრცე