in

როგორი იყო 2024 წელი კონტენტკრეატორებისთვის – მარიამ ბეროძის მიმოხილვა

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ 2024 წელი კონტენტსამყაროსთვის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. ტექნოლოგიებმა, ინოვაციებმა, ახალმა ტენდენციებმა და თავად კონკტეტკრეატორებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამაში. შეიძლება ასეც შევაფასოთ, რომ 2024 – გადაფასებისა და უკვე დამკვიდრებული ინდუსტრიების ხელახალი გადახედვის პერიოდი იყო. 

მარიამ ბეროძე დაგვეხმარება, რომ უკეთ გავარკვიოთ, როგორი წელი იყო 2024 თავად კონტენტის შემქმნელებისთვის, რა ტრენდებს გამოყოფენ ისინი, რა სურდათ დამკვეთებს და როგორი პროგნოზებია ახალი, 2025 წლისთვის:

რადგან კონტენტთან ორი სხვადასხვა კუთხით მაქვს შეხება (ერთი მხრივ, სოცმედია კონტენტლიდი ვარ კრეატიულ სააგენტოში „რედბერი” და, მეორე მხრივ, მაქვს ჩემი არხები, სადაც მოგზაურობის შესახებ სხვადასხვა ფორმატის კონტენტს ვაზიარებ), ვეცდები, რომ ორივე რაკურსი გავაერთიანო და მიმდინარე წელიც ასე შევაფასო. 

კონტენტის თვალსაზრისით, 2024 წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. ჩემი დაკვირვებით, კონტენტის რამდენიმე ტიპი გამოიკვეთა – ზოგიერთი უფრო გაუმჯობესდა, ზოგმა საკუთარი თავი ამოწურა, ზოგიერთი კი თავის სათქმელს მომდევნო წელს უფრო ხმამაღლა იტყვის. პასუხი რომ უფრო ნათელი იყოს, ასეთ სიას შევადგენდი:

  • ეფემერული კონტენტი

ეფემერული კონტენტი ხილვადია მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში. ამის მაგალითი Instagram ან TikTok სთორია, რომელიც 24 საათის შემდეგ ქრება. მსგავსი კონტენტი მომხმარებელს უჩენს FOMO-ს შეგრძნებას – არ უნდათ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამორჩეთ. სთორიზე ინტერაქციული თულების დამატება წელს განსაკუთრებით პოპულარული იყო და 2025-ში კიდევ უფრო პოპულარული იქნება. კარგად მუშაობდა Add yours, Add yours templates და Poll.  

  • ვიდეო

ადამიანების უმეტესობას წელსაც ურჩევნია უყუროს მოკლე, სახალისო ვიდეოს, ვიდრე წაიკითხოს გრძელი სტატია ან პოსტი. აუდიტორიის ყურადღება მიმართულია TikTok-ზე, უყურებენ Instagram Reels-სა და YouTube shorts-ს. 

ვიდეოების შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადამიანების დაინტერესება აქაც რთულდება და ყურებადი კონტენტის შესაქმნელად ახალ-ახალი გზების პოვნაა საჭირო. 

გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე თვეა, TikTok-ის ალგორითმი საგრძნობლად შეიცვალა. 2025 წელს კიდევ უფრო რთული იქნება Viral კონტენტის შექმნა და მეტი ყურადღება მიექცევა არა User-ის Follow-ერების რაოდენობას, არამედ ხარისხიანი, ყურებადი ვიდეოების გადაღებას. 

  • ინფლუენსმარკეტინგი და მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი (UGC)

Instagram, TikTok, Youtube, Facebook – ამ პლატფორმებზე წელსაც იგრძნობოდა ინფლუენსერების გავლენა. ბრენდებისთვის კვლავ აქტუალური იყო ინფლუენსერებთან კოლაბორაცია და თავის მხრივ, მომხმარებლებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო მათი აზრი. 

თუმცა, 2024 წელს ასევე გამოიკვეთა მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის (UGC) მნიშვნელობაც, რასაც, ვვარაუდობ, რომ გაგრძელება აუცილებლად ექნება. ეს ფორმატი, რომ რეალური ადამიანები რეალურად აფასებენ პროდუქტებსა და სერვისს, მეტ სანდოობას იწვევს მომხმარებლებში და ამ შესაძლებლობას ბრენდებიც გამოიყენებენ.   

ამასთანავე, წელს აქტუალურია კონტენტში კომპანიის თანამშრომლების წარმოჩენა. იქნება ეს ვიდეოები თუ სტატიკური პოსტები, დიდი ყურადღება ექცევა ბრენდის უკან მდგარ ადამიანებს. ვფიქრობ, რომ კონტენტის ამ მიმართულების განვითარებას 2025 წელსაც აუცილებლად ვიხილავთ. 

  • ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი

რასაკვირველია, AI გენერირებული კონტენტი წელს მეტად დაიხვეწა და ბრენდებიც ხშირად იყენებდნენ. ხელოვნური ინტელექტი შესანიშნავი იარაღი აღმოჩნდა არა მხოლოდ დიზაინერებისთვის, არამედ კონტენტის სხვა შემქმნელებისთვისაც. მოსალოდნელია, რომ 2025 წელს ამ მიმართულებითაც ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და განვითარებას. ჩემი დაკვირვებით, AI კონტენტს კიდევ უფრო მეტი ადამიანურობა და ემოციურობა შეემატება. 

  • იუმორისტული კონტენტი

2024 წელსაც პოპულარული იყო იუმორისტული კონტენტი, რომელიც ადამიანებს უკეთ ამახსოვრდებათ და ამასთანავე, მათ კეთილგანწყობილებასაც ადვილად მოიპოვებს. Netflix-ით დაწყებული Ryanair-ით დამთავრებული, იუმორი ბრენდებისთვის შესანიშნავი იარაღი იყო თავის წარმოსაჩენად. სიმართლე გითხრათ, იუმორისტული კონტენტი ჩემი საყვარელი მიმართულებაა და თითქმის ყველა ბრენდს ვაფოლოუებ, ვისაც კარგი იუმორი აქვს.

  • პოდკასტები და საგანმანათლებლო კონტენტი

პოდკასტები და საგანმანათლებლო კონტენტი 2024 წელს ნამდვილად აქტუალური იყო და ვფიქრობ, განვითარებას არც შეწყვეტს. აქვე დავამატებდი ინსტაგრამ ჩენელების მნიშვნელობას, სადაც ადამიანებს მეტი საშუალება აქვთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ან რეკომენდაციები გაუზიარონ. 

მოთხოვნები, რომლებიც მოდიოდა დამკვეთებისგან 2024 წელს

ჩემი შეფასებით, დამკვეთებმა კონტენტკრეატორებთან (ამ შემთხვევაში ინფლუენსერებთან, ბლოგერებთან)  ურთიერთობისას, მეტ-ნაკლებად, გაითავისეს, რომ თავისუფლება საქმის კეთების პროცესშიც მნიშვნელოვანია. პროფესიონალმა კონტენტკრეატორმა შესანიშნავად იცის თავისი საქმე და ისიც იცის, კონკრეტული ბრიფი როგორ ამოხსნას, მერე კი როგორ მიიტანოს აუდიტორიამდე. 

როცა კრეატორი კარგად იცნობს თავის მაყურებელს, ისიც იცის, როგორ გააცნოს პროდუქტი ან/და სერვისი. ასეთი კონტენტი ყოველთვის უკეთ მუშაობს.

რა ისწავლეს კონტენტკრეატორებმა ახალი 2024 წელს?

კონტენტკრეატორებმა შესანიშნავად იციან, რომ ეს სფერო მუდმივად იცვლება და ვითარდება. ხშირად იცვლება ფორმატები, ტრენდები, კონტენტის ახალი ტიპები იჩენს თავს… ამ მოვლენების პულსზე თუ თითი არ გიდევს, აუცილებლად ჩამორჩები, სიახლეებს ვერ დაეწევი და სადღაც მაყურებელს დაკარგავ. 

თუმცა 2024 წლის სიახლე მაინც ისაა, რომ „გაპრიალებული” კომერციული კონტენტი ეფექტურად ვეღარ მუშაობს და მეტი უპირატესობა რეალურ გამოცდილებას, რეალურ შეფასებასა და გულწრფელობას ექცევა. თუ ერთხელ მაინც მოატყუებ აუდიტორიას, ნდობის აღდგენა ძალიან გაგიჭირდება.

Chivas Regal-ის კოლაბორაცია გიორგი ჩაკვეტაძესთან

2024 წლის ბესტსელერი წიგნები „სულაკაურის გამომცემლობისგან”